ხოდა, მაგ ინსტიუტის ლაბორატორია უნდა ყოფილიყო ეგ სახლი. დავიწყეთ, ორი სართული ავაშენეთ და კი დაიქცა ქვეყანა… მერე, ოთხმოცდაათიანების შუაში, ოთხმოცდათექვსმეტი იყო, ვგონებ, ის აშენებული ორი სართული გადახურეს და უპატრონო ბავშვთა სახლი განათავსეს. ქიმიის ინსტიუტში აფხაზეთიდან ლტოლვილები შესახლდნენ („ – დევნილები ქვიათ მაგათ, საკუთარ მიწაზე შეუძლებელია, ლტოლვილი იყო!“ – უსწორებს პენსიონერი აგრონომი. – ბ. ა. ). გკითხა, ბიჭო, შენ ვინმემ რამე?! გამომივიდა აქ… როცა შეგეკითხებიან, მაშინ ილაპარაკე… შენზე უკეთ ვიცი, ვის რა ქვია… ხოდა, იმას ვამბობდი, რო უყვარს ბავშვები მაგ უბედურს… მაგ სიყვარულს გადაყვა ლამის. იმ ლაწირაკმაც კინაღამ დაინგრია ცხოვრება და მომავალი, რა ქვია, აღარ მახსოვს, აწოწილი რომაა. ვახუნასთან ძმაკაცობს, ჩემს შვილიშვილთან… ამას კიდე დაუჩემებია გრაფი, გრაფი! რა გრაფი, რისი ჰერცოგი. ეგეც არა მყავდეს ესექსის მმართველი (იცინის. – ბ. ა. ). გვარიშვილობას და ფეოდალობას იჩემებს. მაღლაკელიძე და თავადი არ გამიგია მე. ჩემი გოგოს კლასელია ეგა, იხსენებს ხოლმე, ბავშვობაში სულ ეგეთებს გვატყუებდა, პაპაჩემს მამულები და დიდი სასახლე აქვსო. მიწა მაგას არა აქვს და სახლ-კარი, ერთადერთი, რაც ყოველთვის აქვს – სპირტია, ამიტო დავარქვი ეთილის გრაფი. კვდებიან სიცილით… კაცო, არა სვამდა ეგ ბიჭობაში. გოგოს იუბილეზე რო იკრიბებოდნენ ჩემთან, ბიძაშენი და სხვა ბიჭები გამოიჭყიპებოდნენ ღვინით, ზოგი აივნიდან არწყევდა, ზოგი უნიტაზში იყო ჩამხობილი. ეგ კომპოტს სვამდა. სახლებში მიწევდა მერე მანქანით ჩამორიგება… კომიკია, ისეთებს იტყვის ხოლმე. დაიკარგა ერთხელ ერთი-ორი კვირით. რო გამოჩნდა, მეთქი სად იყავი. ძმაკაცთან ვიყავი დაჩაზე, ვისვენებდიო (იცინის. – ბ. ა. ). რა დაჩა, რისი აგარაკი. პასტუხები დადიან გადაღმა, ხეობაში, ხოდა, ერთმა არაყი აჩუქა ბლომად და მაგას იყო მიმჯდარი და უწრუპუნებდა. მე რას მატყუებ… ისე, სუფთა, გამოწკეპილი. დაძონძილს და მოუვლელს ვერ ნახავ.“ ვიზუალურად გრაფს ლოთისა მართლა არაფერი ეტყობოდა. ალკოჰოლს ვერც სახეზე დაემჩნია მისთვის კვალი და, როგორც დასაწყისში ვთქვით, ვერც მისი თავმოყვარეობა მოეჩლუნგებინა. მაინც ჩემი შვილის მამა ჰქვია და არ მინდა, მათხოვარივით დადიოდესო, ამბობდა ყოფილი ცოლი და ხშირად უგზავნიდა მეორადებში ნაყიდ ტანსაცმელს. გრაფი გარდერობის პერმანენტულ განახლებაზე უარს არ ამბობდა და ხან მიუსაფარ ბავშვთა სახლში არეცხინებდა ჭუჭყიან სარეცხს, ხან კი თვითონ რეცხავდა ეზოში ამოშვერილ ონკანთან, რომელსაც ჩამკეტი არ უვარგოდა და გამუდმებით ასხამდა წყალი. გრაფი ამაზე იქამდე არასოდეს დაფიქრებულა, ხოდა, მაშინ მწყემსმა ბიჭმა რომ უთხრა, არავინ იფიქრებსო, ესიამოვნა. კორპუსებს შორის მიდიოდნენ ცხენზე ამხედრებულნი, ძროხას მიერეკებოდნენ. ჭადართან უცნობი კაცი იდგა, ჩანდა, ვიღაცას ელოდა. გააჩერე ერთი წუთითო, გადაულაპარაკა ბიჭს გრაფმა, როცა უცნობს გაუსწორდნენ. მთელი კოლოფი სიგარეტი კი ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ცთუნებას, თან, ორს გააკვირვებდა ერთდროულად. „ – ჰევ იუ სიგარეთ?! ჰაბენ ზიი აინე ციგარეთე?! ავე ვუ დე სიგაღეთ?! სიგარეტი ხომ არ გაქვს, ოქრო კაცო?! რუსულადაც ვიცი, მარა მეზიზღებიან… მმმ… ოკუპანტები! “ – გულზე მჯიღი დაირტყა გრაფმა. უცნობი ჯერ დაიბნა, მერე კი გაიღიმა და, არ ვეწევი, თორე სიამოვნებითო. გრაფისთვის კი სულერთი იყო, რადგან მიზანს მიაღწია, უცნობიც და ახალგაცნობილი მწყემსიც ერთნაირად გააკვირვა. ლოთი ვარ რა, სასმლის გარეშე არ შემიძლიაო, თქვა, როცა ცოტა გაიარეს. არ ვიცი, გულწრფელობის ხასიათზე დადგა, თუ ესეც მორიგი ფანდი იყო და მისი წეღანდელი პოლიგლოტური დიაპაზონით გაკვირვებული მწყემსი ბიჭის კიდევ მეტ  გაკვირვებას ემსახურებოდა პირველად პოზიტიურ შთაბეჭდილებასთან შეუსაბამო მანკიერების აღიარებით. ყოველ შემთხვევაში, ბიჭი უნაგირზე შემოტრიალდა, ცოტა ხანს უყურა, და მერე იყო, რომ უთხრა, სალიდნი ქალაქელი ბიძა ხარ, ლოთისა რა გეტყობა, არავინ იფიქრებსო. სწორედ გრაფის ამ აღიარებამ განაპირობა მისი დასაჩუქრება, თორემ, დიდი ალბათობით, მწყემს ბიჭს აზრადაც კი არ მოუვიდოდა, მისთვის ხუთი ლიტრი არაყი და მთელი ყუთი უფილტრო სიგარეტი ეჩუქებინა. მინდა, რაღაც მოგცე, თუ გინდა, სადგომში წამომყევი, თუ გინდა, მე თვითონ ამოგიტანო, შესთავაზა ბიჭმა. გრაფმა გაყოლა არჩია, ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ბიჭს არ ენდობოდა, უბრალოდ ხეობაში ჩასვლა უნდოდა, არც უკითხავს, რა უნდა მიეცათ. „ – აგაშენებს ღმერთი, მარა, ისინი რას იტყვიან! „ –  თქვა აღფრთოვანებულმა გრაფმა და მოშორებით მდგარ ასაკოვან მწყემსებს გახედა, როცა ბიჭმა ხაკისფერი კარავ-სადგომიდან არაყი და სიგარეტი გამოუტანა. „ – ეს ჩემი წილია, საქონლის პატრონი გვაძლევს ხოლმე. მინდა, გავაჩუქებ, მინდა გადავაგდებ! მე არც ვეწევი და არც ვსვამ.“ –  უპასუხა ბიჭმა და ძღვენი ჩანთაში ჩადო. გრაფმა მადლობა კი გადაუხადა, მაგრამ უნდოდა, რამე ისეთი ეთქვა, მის მადლიერებას ზუსტად რომ გამოხატავდა, ვერაფერი მოიფიქრა და ბიჭი აღმართის თავზე მდგარი თავისი კორპუსისკენ გაახედა, აი, ისაა ჩემი ბინა, დროშა რო ფრიალებსო. მის აივანზე მართლა ფრიალებდა საქართველოს ეროვნული დროშა, გახუნებული და გაწეწილი. 2008 წლის აგვისტოში, ანტისაოკუპაციო აქციიდან,  რამდენიმე დროშა წამოიღო და ეს მათგან უკანასკნელი იყო. ომის ამბები ძალიან განიცადა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა. იმ დარდში და განცდაში ბახუსით შთაგონებულ თეატრალურობას საკმაო წილი ედო, მაგრამ გულწრფელობა უდავოდ სჭარბობდა, თორემ, ალბათ, ისე არასოდეს გაცოფდებოდა, იმ ვიღაც ნაბიჭვრის მანქანა იმ დღეში ჩაეგდო, რაშიც ჩააგდო. ტელევიზორის ყურება არ უყვარდა, თუმცა იმ დღეებში თვალი არ მოუცილებია, მართალია, სანუგეშოს არაფერს ამბობდნენ, მაგრამ მაინც. თქვითონ არ ჰქონდა ტელევიზორი, პირველსართულელ მეზობელს ჰქონდა, ოღონდ  დღის მანძილზე კორპუსში შუქი არ იყო, მთელ სამეზობლოს დენი ეზოში მდგარი ერთადერთი ლამპიონიდან უკანონოდ ჰქონდა გადმოყვანილი, ამიტომ მხოლოდ დაბნელების მერე მოდიოდა, როცა ლამპიონი აინთებოდა. დღისით გრაფი უბანში ჩადიოდა ხოლმე, პარკის განაპირას, ავტოფარეხში, ძველ მეზობელს პატარა ტელევიზორი ედგა, მსურველები შედიოდნენ და უყურებდნენ. გრაფიც იქ ეცნობოდა ცხელ-ცხელ საომარ ამბებს და, სასოწარკვეთილებამდე მისული, სხვებთან ერთად ურტყამდა მუშტს ბეტონის იატაკს. მერე ქალაქის მთავარ გამზირზე მასობრივი ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა, უბნიდან დაძრულ ავტოკოლონას გრაფიც გაჰყვა. სცენაზე რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი იდგა და დაჩაგრული ხალხისადმი თანადგომას გამოხატავდა. აქციამდე დროშები დაარიგეს, გრაფმა მარიფათი გამოიჩინა და რამდენიმე დროშა იშოვა. იქიდან მოყოლებული მის უმოაჯირო აივანზე, სინკარების ღრიჭოებს შორის ჩარჭობილ ჯოხზე, ეროვნული დროშა ფრიალებდა. იმ აივანს მზე ნაკლებად ხვდებოდა, ქარისა და წვიმის დროს კი შინ შეჰქონდა ხოლმე, გარეთ თუ გაუწვიმდებოდა ან ქარი ამოვარდებოდა, მაშინვე სახლში გარბოდა, თითქოს ბავშვი ან მოსავლელი მოხუცი ჰყოლოდა დატოვებული. აგვისტოს იმ დღეებში სულ ის უცნაური დედაბერი ედგა თვალწინ, ზღვაზე რომ ნახა. ზოგჯერ ეგონა, მოეჩვენა, მაგრამ მაშინ არ სვამდა და ამის შანსი ნაკლები იყო. ადრიან დილით კოტეჯის აივანზე იდგა, რომელიც პირდაპირ პლაჟს გადაჰყურებდა. სანაპირო და მაღალი კვიპაროსები დილის თხელ ნისლს დაეფარა. საშინლად მოუნდა ზღვასთან მისვლა, ღია კარიდან მძინარე ცოლ-შვილს გახედა, მოაჯირზე გადაძვრა და ქვევით ჩახტა. შიშველი ტერფები სველ მაგნიტურ ქვიშაში ეფლობოდა. არც სანაპიროზე და არც გვერდით, ღია კაფეში, ძე ხორციელი არ ჭაჭანებდა. ღამით ზღვა ღელავდა და სანაპირო ფესვებიანად მოთხრილი ნარიყი ძირკვებით და ფიჩხებით იყო მოფენილი. უჩვეულოდ მშვიდ ზღვაში კოჭამდე ჩასული გრაფი წინ და უკან დადიოდა, სიამოვნებდა ზღვის სიგრილე და იოდის და მარილის სუნი. „ –  სამშობლოს არვის წააავააართმეეევთ!“ – მოისმა საიდანღაც, გრაფი მიტრიალდა. ფესვებაშვერილი, მოზრდილი ძირკვის გვერდით, ნისლიდან, შაოსანი დედაბერი გამოვიდა, მხარზე ჯოხი გაედო, რომლის წვერზეც ფერადი ბოხჩა ეკიდა, უკან კი წელზე თოკით გამობმული ცხვარი მოჰყვებოდა.„–ჩვენც ნურვინ შეგვეციიილეეებაა! / თორემ ისეთ დღეს დააავაააყრიიით, / მკვდარსაც კი გაეეეეციიიინეეეებაააა!“–ჩლიფინით აგრძელებდა სიმღერას დედაბერი, გრაფისკენ არც გამოუხედავს, მალე ისევ ნისლში გაუჩინარდა. გრაფი იდგა და დედაბრის და ცხვრის ნაფეხურებს დასცქეროდა, შორიდან ბუნდოვნადღა ისმოდა სიმღერა… დიახ, აგვისტოს იმ დღეებში სულ ის დედაბერი ედგა თვალწინ. ანტისაოკუპაციო აქციის მეორე დღეს, დილით, აივანზე დროშას ჰკიდებდა და, დედაბერი რომ მღეროდა, იმ ცნობილ ლექსს და მელოდიას ღიღინებდა, როცა ეზოდან რუსული სიმღერა შემოესმა, ვიღაცას ხმისთვის ბოლომდე აეწია და მკაფიოდ ისმოდა ჯგუფ „LUBE” – ს ერთ-ერთი სამხედრო სიმღერა. ხმა წინა ეზოდან მოდიოდა, რომელიც აივნიდან არ ჩანდა, ამიტომ გრაფი სახლში შევარდა და მოპირდაპირე ფანჯრიდან გადაიხედა, ქვედა კორპუსელ მოძველბიჭო და ნარკომან რამაზას მანქანა ამოეყვანა და ონკანთან რეცხავდა,  ქვედა კორპუსებიდან ხშირად ამოჰყავდათ ხოლმე მანქანები. ახალგარეცხილი, კარებღია მანქანა მზეზე ბზინავდა, რამაზას რეზინის საფენები ჩაემწკრივებინა და ონკანზე მორგებულ შლანგს უშვერდა, ხის ქვეშ კი, მაგიდასთან, მისი ორი ძმაკაცი იჯდა და კარტს თამაშობდა. გრაფს სახეში სისხლი მოაწვა, მაგრამ ჩხუბი არ გამოვიდოდა, სახიფათო ხალხი იყო, თან სამნი იყვნენ და მოერეოდნენ, ამიტომ გაჩუმება არჩია, მეოთხე სართულის ფანჯრიდან მეზობელ ქალს გამოეყო თავი, გრაფს ამოხედა და საჩვენებელი თითი საფეთქლეთან დაიტრიალა, ვერ არიანო. შუაღამეს კარგად გადაცილებული იყო, როცა გრაფმა ფანარი აიღო, ძირს ჩავიდა და მოზრდილი ჩანთა უკანა ეზოში მოგროვებული, გამხმარი განავლით სავსე პარკებით აავსო და ქვედა კორპუსისკენ გაემართა, ბნელი ადგილებით მიიპარებოდა, თან იმ სიცხეში საყელოიანი ქურთუკი ეცვა და ქუდიც ეხურა, რომ ვერავის ეცნო. რამაზა მანქანას კორპუსის გვერდით, ხის ძირას აყენებდა ხოლმე, იმ მხარეს კორპუსს ფანჯრები არ ჰქონდა, ამიტომ ვერც ვერავინ დაინახავდა. იცოდა, რამაზა არასდროს კეტავდა მანქანას. აქოთებული ჩანთა გახსნა, პარკები გახია და წინა და უკანა სავარძლებზე ნელა და აუჩქარებლად შეყარა. კინაღამ გული აერია, ცოტა სული მოითქვა, მერე ქურთუკის ჯიბიდან ლურსმნის საძრობი ძალაყინი დააძრო და მთელი სიამოვნებით გაუსვა მანქანას გვერდებზე. სახლში დაბრუნებული ისეთ კმაყოფილებას გრძნობდა, თითქოს მას დაეჭრა უკანალში გენერალი ხრულიოვი. დილით ქვედა კორპუსიდან ყვირილის და გინების ხმამ ამოაღწია. უბნის ბიჭ-ბუჭობა მთელი თვის მანძილზე ამაოდ ეძებდა ამ ფრიად უწესო საქმის ჩამდენს. რა ხალხია, ეს რამ გააკეთებინათო, აკანტურებდა ხოლმე თავს, სხვების დასანახად, უბანში გრაფი.  ბიჭი, რომელმაც გრაფი დაჭრა: „რამდენიმემ ვიცოდით, რო მაგან გააკეთა. ლოთია რა, რა წამოუფრენს, ვინ იცის. გვიან გაბაზრდა. უფრო სწორად, სადღაც დააყრანტალა თვითონ მთვრალმა. მარა არ გასულა ჩვენგან ეგ ამბავი, რადგან ეგ რამაზა არ მევასება, მამაჩემის ძმაკაცს უპოდლა. არც სახელი აქ ისეთი, ზოგს რო გონია რა, მაგარი კიდიათ, ბევრი აქ მიქარული კაცობაში, ჩაპიზდულიც ბევრჯერაა… ეგ ამბავი რო გავიგე, მაგრა გამისწორდა. მერე ჩვენ მოგვადგნენ, თქვენ ხო არ მიქარეთო. ზურამ, მამაჩემის ბრატმა, მაგრა მიაჯვა, ბიჭო, თქვე შიგ ხო არა გაქვთ, კრისტალ ბავშვებს რას ამანდრაჟებთ, წინ იყურებიან, მომავალი აქვთო… მერე მალევე იყო რა ეგ ბაზარი, ეგ რო დავშტირე (სინამდვილეში სამი წლის შემდეგ მოხდა. – ბ. ა. ). ნიტოდ მოიქცა რა, ხალხი იყო, გოგოები, რამე… მალალეტკა ვიყავი მაშინ რა… ძაღლობაში არ ჩაუბოზებია, კაცურად მოიქცა… ხელი ჩამოვართვით რა, ზურამ შეგვარიგა.“ შერიგება კლინიკიდან გამოწერიდან ერთ კვირაში მოხდა. პრინციპში, შესარიგებელი არც არაფერი იყო, რადგან გრაფი იმ ბიჭის და მისი ლაწირაკი ძმაკაცებისადმი არც სიბრაზეს გრძნობდა და არც რამის ჩადენას აპირებდა საპასუხოდ. ადრე ცოლის ნათესავებმა რომ სცემეს, მხოლოდ ცოლის ბიძაშვილს დახვდა სახლთან მარტოს და გალახა, რადგან ის იყო ყველაფრის თავი და თავი, სხვების კი აპატია. არ იყო შურის მაძიებელი კაცი, მითუმეტეს, იმ ყვინჩილებისთვის რა უნდა დაეშავებინა. ის ბიჭი რომ დაბრუნებულიყო და დაშლილი კოშკი ისევ აეწყო, არც არაფერი მოხდებოდა. ქვიშაში მსხდარი ბავშვების ისტერიკამდე მისულმა ტირილმა გააგიჟა გრაფი. ძელსკამზე იჯდა და ეწეოდა, როცა ბიჭი ფარეხებს შორის ამომავალ კიბეს ამოუყვა. გრაფს ხელის აწევით მიესალმა, როგორც მის ასაკში ესალმებიან ხოლმე უფროსებს, რითიც თავიანთი ზრდასრულობის ხაზგასმას ცდილობენ.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7