ოზიმ გადაწყვიტა, როგორც კი დედა სამსახურიდან სახლში დაბრუნდებოდა, მისთვის ეს ამბავი მაშინვე ეამბნა,მაგრამ როცა დედა სახლში შემოვიდა, ნოემბრის პარასკევი საღამო იდგა, ბნელოდა, მან პალტო შემოსასვლელშივე მიაგდო, ოზის სახეზე ნაჩქარევად აკოცა, სამზარეულოში შევიდა დასასწრაფოდ სამი სანთელი აანთო, ორი შაბათის აღსანიშნავად და ერთიც ოზის მამისთვის.
როდესაც დედა სანთლებს ანთებს, ის ჰაერში ხელებს ალივლივებს, ისე, თითქოს თავისკენ უხმობს იმათ, ვინც ნახევარ გზაზე გაიჩხირა. ამ დროს თვალები შუშასავით უხდება და ცრემლებისგან უბრჭყვიალებს. ოზის კარგად ახსოვს, რომ დედას თვალები შუშასავით მაშინაც უხდებოდა, როდესაც მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ასე რომ, ეს მის სიკვდილს არანაირად არ უკავშირდება. მისი აზრით, ეს უფრო სანთლების ანთების ბრალი იყო.
როგორც კი დედამ ცეცხლმოკიდებული ასანთი შაბათის სანთელთან მიიტანა, ტელეფონის ხმა გაისმა. ოზი ტელეფონისგან ერთ ნაბიჯზე იდგა, ყურმილს დასწვდა, და გულზე მიიკრო, რომ ხმა ჩაეხშო. ოზი დარწმუნებული იყო, რომ სანთლების დანთების დროს არათუ არ უნდა ეხმაურა, სუნთქვაც კი უნდა შეენელებინა. ოზიმ ტელეფონი მაგრად ჩაიხუტა და დედას შეაჩერდა, უყურებდა, როგორ უხმობდა თავისკენ იმათ, ვისაც საერთოდ უხმობს ხოლმე და დაინახა, დედას თვალებზე მინა როგორ გადაეკრა. ოზის დედა იყო ცხოვრებისგან დაქანცული, შეჭაღარავებული ქალი, სახეზე ნაცრისფერი დაჰკრავდა და უდიდესი პასუხისმგებლობისა და წარსულის მძიმე ტვირთი აღბეჭდოდა. გამოპრანჭულსაც კი, რჩეული ადამიანის არაფერი ეტყობოდა. თუმცა,სანთლების დანთების დროს ჰგავდა ქალს, რომელმაც შეიმეცნა, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია.
სულ ორიოდე მისტიური წუთი და წმინდა რიტუალი დასრულდა. ოზიმ ტელეფონი თავის ადგილას დააბრუნა და სამზარეულოს მაგიდისკენ გაემართა, რომელზეც დედა შაბათის ოთხთავიანი სადილისთვის ორ თეფშს დებდა. ოზიმ უთხრა დედას, რომ ოთხშაბათს ხუთის ნახევარზე რაბინ ბინდერთან უნდა გამოცხადებულიყო, მერე კი აუხსნა, რატომ. მათ ცხოვრებაში პირველად, დედამ სახეში გაარტყა. დაკეპილი ღვიძლისა და ქათმის სუფის ჭამისას ოზი ტიროდა. დანარჩენისკენ გახედვის სურვილიც აღარ ჰქონდა.
ოთხშაბათს, სინაგოგის სამი საკლასო ოთახიდან ყველაზე დიდში, რაბინმა მარვინმა, მაღალმა, სიმპათიურმა, მხრებგაშლილმა, შავ უხეშთმიანმა, დაახლოებით ოცდაათი წლის კაცმა, ჯიბიდან საათი ამოიღო და ნახა, რომ ოთხი სრულდებოდა. ოთახის ბოლოს, იაკოვ ბლოტნიკი, სინაგოგის სამოცდათერთმეტი წლის დარაჯი ფართო ფანჯარას აუჩქარებლად წმენდდა, თავისთვის ბუტბუტებდა და არ ანაღვლებდა, ოთხი საათი იყო, თუ ექვსი, ორშაბათი გათენდა, თუ ოთხშაბათი. რომ არაფერი ვთქვათ მის წაბლისფერ ხუჭუჭა წვერზე, კენკრისებრ ცხვირსა და ორ განუყოფელ შავ კატაზე, მოსწავლეებისთვის ბლოტნიკი თავისი ბუტბუტით წარმოადგენდა რელიქვიას, ერთგვარ სასწაულს, უცნაურ მლოცველს, რომელსაც ერთდროულად დიდი შიშითა და არც ისე დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ოზი მოხუცის გაუთავებელ ბუტბუტს გაბმულ უცხო ლოცვად აღიქვამდა და ცნობისმოყვარეობა კლავდა, გაეგო, რა ჰქონდა ამდენი საბუტბუტო ბებერ ბლოტნიკს, და ბოლოს,თავისთვის დაასკვნა, რომ მას ლოცვები კი ახსოვდა ზეპირად, მაგრამ ღმერთი გადაავიწყდა.
– თავისუფალი მსჯელობის დროა. – თქვა რაბინმა ბინდერმა. – შეგვიძლია თავისუფლად ვისაუბროთ ყველა საკითხზე, რაც ებრაელებს გვეხება – რელიგია იქნება ეს, ოჯახი, პოლიტიკა თუ სპორტი.
სიჩუმე ჩამოვარდა. ნოემბრის მოღრუბლული დღე იდგა და ცივი ქარი ქროდა. თითქოს ბეისბოლი არც კი გაეგოთ, არავის უხსენებია წარსულის გმირი – ჰენკ გრინბერგი, რის გამოც დისკუსიის თემის არჩევანი შემცირდა. დისკუსიის თემის არჩევანი კიდევ უფრო შემცირდა იმ საშინელი რეაქციის გამოც, რაც რაბინს კითხვის გაკვეთილზე ოზი ფრიდმანის მიმართ ჰქონდა.როდესაც ოზის კითხულობდა, რაბინმა შენიშვნა მისცა ოზის, ძალიან ნელაკითხულობო და აღნიშნა, გამართულად კითხვაში წინსვლა არ გეტყობაო. ოზიმ უპასუხა, რომ უფრო სწრაფად კი წაიკითხავდა, მაგრამ დრო სჭირდებოდა, რომ წაკითხული გაეაზრებინა. რაბინმა ოზის სწრაფად წაკითხვა მაინც მოსთხოვა, ოზიმ დათმო და მართლაც სხაპასხუპით ჩაიკითხა გრძელი მონაკვეთი, მაგრამ შუა კითხვაში მოულოდნელად გაჩერდა და გამოტყდა, ვერაფერი გავიგეო, და ამიტომ კითხვა ზოზინით გააგრძელა. ჰოდა, შესაძლებელია, ამანაც კი გამოიწვია რაბინის საშინელი რეაქცია და ამიტომაც იყო, რომ როდესაც თავისუფალ თემაზე მსჯელობის დრო დადგა, მოსწავლეები თავს შებოჭილად გრძნობდნენ. რაბინის შეკითხვაზე პასუხად მხოლოდ ბლოტნიკის ბუტბუტი ისმოდა.
– დღეს რა თემა განვიხილოთ? – რაბინმა შეკითხვა გაიმეორა და საათს დახედა.
მესამე რიგში ჯუჯღუნი გაისმა. რაბინმა მოითხოვა, ოზი წამომდგარიყო და თავისი ბრწყინვალე აზრები კლასის წინაშე გამოეთქვა.
ოზი წამოდგა.
– აღარ მახსოვს, რას ვამბობდი. – თქვა და დაჯდა.
რაბინი წინ წავიდა, მისკენ, და იცის მერხის კიდეზე ჩამოჯდა. იცი მანამდე გათხლაშული იჯდა და რაბინის დანახვაზე სასწრაფოდ გაიმართა.
– წამოდექი, ოსკარ! – მშვიდად მიმართა რაბინმა. – და ეცადე, აზრებს თავი მოუყარო.
ოზი ისევ წამოდგა. თანაკლასელები მისკენ მიბრუნდნენ და უყურებდნენ, შეფიქრიანებული ოზი შუბლს როგორ ისრესდა.
– მაინც ვერ ვუყრი თავს. – ბოლოს გამოაცხადა და სკამზე დაეშვა.
– ადექი! – რაბინმა ბინდერმა იცის მერხიდან პირდაპირ ოზის წინ გადაინაცვლა. რაბინმა იცის ზურგი შეაქცია თუ არა, იციმ ენა გამოუყო, ცხვირთან ცერა თითი მიიდო და დანარჩენი ოთხი ჰაერში აათამაშა. მოსწავლეებმა ხითხითი დაიწყეს, თუმცა, რაბინს ახლა მათთვის არ ეცალა, მტკიცედ გადაეწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო ოზის სისულელეებისთვის.

– ფეხზე ადექი, ოსკარ! რას შეეხება შენი შეკითხვა?
რაც ენაზე მოადგა, ოზიმ ის დააყრანტალა:
– რელიგიას.
– გასაგებია, გამოდის, გაგახსენდა?
– დიახ.
– რა გინდა, მკითხო?
ხაფანგში გაბმულმა ოზიმ უცებ დაახეთქა:
– რატომ არ შეიძლება მან, გააკეთოს ის, რაც მოუნდება?
ვიდრე რაბინი გონებაში პასუხს ამზადებდა, საბოლოო პასუხს, რომელიც ოზის ნამდვილად გაუქრობდა შეკითხვების დასმის სურვილს, მისგან სამი მეტრის უკან მჯდომმა იციმ მარცხენა ხელის თითი აღმართა და არაორაზროვნად გაიშვირა რაბინის ზურგისკენ. კლასელების ხარხარმა ლამის ჭერი ჩამოანგრია.

 

1 2 3 4 5 6 7