ებრაელების მოქცევა

– ყველას შენ რატომ უნდა გასცე პასუხი, – უთხრა იციმ. – რა გატლიკინებს!
– მე ხომ არ დამიწყია, იცი, მე არ დამიწყია. – უპასუხა ოზიმ.
– და საერთოდ, ვერ გავიგე, იესო ქრისტე რაში გედარდება?
– იესო ქრისტეც თვითონ ახსენა, მე კი არა. მე აზრზე არ ვიყავი, ვიზე იყო ლაპარაკი. თვითონ არ მოგვეშვა: იესო, ისტორიული მოვლენაა, იესო-ისტორიული პიროვნებაა – ოზიმ რაბინ ბინდერის სიტყვები მასავით შთამაგონებელი ტონით გაიმეორა. – იესო ჩვენნაირი ადამიანი იყო,ჩვენსავით ცხოვრობდაო, აი, ეს გვითხრა ბინდერმა.
– დიდი ამბავი! რაში მაინტერესებს ცხოვრობდა თუ არა! შენ რაღას მოაღე პირი?
იცი ლიბერმანი მოკეტვის მომხრე იყო, მისი აზრით, მოკეტვა განსაკუთრებით, ოზი ფრიდმანს მართებდა, რადგან საკითხში ჩაკირკიტებას მისთვის სიკეთე არასოდეს მოუტანია. ქალბატონი ფრიდმანი მანამდე ორჯერ იყო დაბარებული რაბინ ბინდერთან, და ორჯერვე მისი ვაჟის უადგილო შეკითხვების გამო. ამ ოთხშაბათს ხუთის ნახევარზე კი უკვე მესამე შემთხვევა იქნებოდა. იცის ერჩივნა, დედას სამზარეულოსთვის მშვიდად მიეხედა, ამიტომ სკოლაში მასწავლებლების ზურგსუკან მოქმედებდა და თავის აზრს ჟესტებით, მიმიკებით, ღმუილით და სხვა არც თუ ჟღერადი ხმებით გამოხატავდა.
– იესო რეალური ადამიანი იყო, და არა ღმერთი, ამიტომ, ჩვენ მისი არ გვწამს. – დამაჯერებლად განუმარტა ოზიმ. რადგან წინა დღეს იციმ ებრაული სკოლა გააცდინა, ცდილობდა, მისთვის რაბინი ბინდერის გაკვეთილზე მოსმენილი ახალი მასალა სრულად გადაეცა.
– კათოლიკებს იესო ქრისტესი სწამთ, სჯერათ, რომ ის ღმერთია, – თავისი აზრი საქმიანად გამოთქვა იციმ. იცი ლიბერმანი სიტყვას კათოლიკე ფართო მნიშვნელობით იყენებდა და მასში პროტესტანტებსაც გულისხმობდა.
საპასუხოდ ოზიმ თავი მსუბუქად დაუქნია, კარგი, დავაზუსტეთ და კმარაო.
– ის მარიამმა შობა, ხოლო მამამისი ალბათ იოსები იყო, თუმცა, ახალ აღთქმაში წერია, რომ იოსები კი არა, მამა ღმერთი იყოო.
– იესოს მამა?
– კი. – უპასუხა ოზიმ. – აი, ამაშია საქმე. იესოს მამად ისინი ღმერთს მიიჩნევენ.
– რა სისულელეა.
– რაბინი ბინდერიც იგივეს ამბობს, შეუძლებელიაო.
– რად უნდა ამას ბევრი ფიქრი, შეუძლებელია, აბა რა. სისულელეა ამაზე ლაპარაკი. ბავშვის გასაჩენად კაცთან დაწოლაა საჭირო. – იცი თეოლოგიაში გადავიდა: – და მარიამიც დაწვებოდა კაცთან.
– რაბინმაც ეგ არ თქვა? ქალს განაყოფიერების გარეშე ბავშვი არ ეყოლებაო.
– პირდაპირ ასე გამოაცხადა, ოზი? – იცის წუთით საღვთო საკითხები დაავიწყდა. -განაყოფიერების გარეშეო? – იცის ტუჩზე ღიმილი ვარდისფერი ულვაშივით გამოესახა. – და თქვენ რა ქენით, არ გაგეცინათ, ან რამე?
– მე ხელი ავიწიე.
– მართლა? და რა თქვი?
– აი, ამ დროს დავუსვი ის შეკითხვა.
იცის სახე გაუნათდა.
– განაყოფიერებაზე კითხე რამე?
– არა, ღმერთის შესახებ ვკითხე. როგორ შექმნა ღმერთმა ცა და მიწა ექვს დღეში, თან იმ ექვს დღეში შეძლო ცხოველებიც შეექმნა, ყველანაირი თევზიც და ნათელიც, ჰო, განსაკუთრებით, სიბნელე რომ იყო და იქმნა ნათელი, ეს წარმოუდგენლად რთული მგონია, ცხოველები და თევზებიც მაგარია, რა თქმა უნდა, მაგრამ…
– ჯანდაბა, მაგარია, აბა რა! – იცი წრფელმა აღფრთოვანებამ მოიცვა, თუმცა, ეს სასწაული მაინცდამაინც ვერ გაისიგრძეგანა, ისე უხაროდა, თითქოს უფალმა ამ წამს გოლი გაიტანაო.
– მაგრამ სინათლის შექმნა… როცა ამაზე ვფიქრობ… აი, ესაა ყველაფრის თავი და თავი. – გააგრძელა ოზიმ. – მოკლედ, ბინდერს ვკითხე, თუ ღმერთმა სულ არაფრისგან ყველაფრის შექმნა ექვს დღეში თავისუფლად მოახერხა, მაშინ, რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ღმერთის სურვილი იყო, ქალს განაყოფიერების გარეშე ყოლოდა შვილი-მეთქი?
– განაყოფიერება ახსენე, ოზ, ამ სიტყვებით ელაპარაკე ბინდერს?
– კი.
– მთელი კლასის გასაგონად?
– ხო. სერიოზულად რომ დავფიქრდეთ, ღმერთს ამისთვის დიდი შრომა არ დასჭირდებოდა, იმ ყველაფრის მერე, რაც მან შექმნა. ხელის ერთი აქნევა და მორჩა.
იცი წამით დაფიქრდა.
– და ბინდერმა რაო?
– ბინდერმა თავიდან დაიწყო შეგონება, რომ იესო ისტორიული ადამიანი იყო და ჩვენსავით ცხოვრობდა და ღმერთი არ ყოფილაო. მე ვუპასუხე, ეგ გავიგე, მაგრამ ახლა სულ სხვა რამე მაინტერესებს-თქო.
ასეა, ოზის სულ სხვა რამ აინტერესებდა. თავდაპირველად ოზის უნდოდა გაეგო, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია აცხადებს, რომ ღმერთმა ყველა ადამიანი თანასწორი შექმნა, რაბინი ბინდერი ებრაელებს რჩეულ ხალხს რატომ უწოდებდა. ამაზე, რაბინი შეეცადა მისთვის პოლიტიკურ თანასწორობასა და რელიგიურ მრწამს შორის განსხვავება განემარტა, მაგრამ ოზის სულ სხვა რამ აინტერესებდა და დაჟინებით მოითხოვდა, ზუსტი მიზეზი გაეგო. იმ დღეს ოზის დედა სკოლაში პირველად გამოიძახეს.
მერე თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად, ლა-გარდიაში ორმოცდათვრამეტი ადამიანი დაიღუპა. ოზის დედამ დაღუპულთა შორის გაზეთში რვა ებრაული სახელიც ამოიკითხა (ბებიამ ცხრა, რადგან მილერიც ებრაელებს მიათვალა.) და იმ რვა ებრაელის გამო, ეს შემთხვევა ტრაგედიად მონათლა. ოთხშაბათს, თავისუფალ თემაზე მსჯელობისთვის გამოყოფილ დროს, ოზიმ რაბინ ბინდერს სთხოვა, ყურადღება მიექცია იმ ფაქტისთვის, რომ,თუ საუბარში ნათესავებს ახსენებდნენ, ყველას ებრაული გვარი ჰქონდა. რაბინმა კულტურული ერთიანობისა და სხვა ასეთი რამეების შესახებ დაიწყო ქადაგება, ოზი კი წამოდგა და განაცხადა, რომ სულ სხვა რამ აინტერესებდა. რაბინმა ბინდერმა მას სკამზე დაჯდომა მკაცრად მოსთხოვა და სწორედ მაშინ იყო, ოზიმ რომ იყვირა, ნეტავ, ორმოცდათვრამეტივე ებრაელი ყოფილიყოო. დედამისი ამის გამო სკოლაში მეორედ გამოიძახეს.
– ის სულ იმას იმეორებდა, რომ იესო ისტორიული პიროვნებაა, მე კი სულ ჩემ შეკითხვას ვუმეორებდი. არ გეხუმრები, იც, ძალიან უნდოდა, რომ სულელად გამოვეყვანე. ბოლოს ყვირილი დაიწყო, რომ თავს განგებ ვიშტერებ, და რომ მეტის მოთმენას არ აპირებს, რომ ეს ბოლო გაფრთხილებაა და დედაჩემი ოთხშაბათს სკოლაში უნდა გამოცხადდეს. კიდევ თქვა, რომ მისი ნება რომ იყოს, არასოდეს მომცემდა ებრაულად მონათვლის უფლებას. მერე კი, იც, თითქოს ქვად იქცა, ძალიან ნელა და ხმადაბლა, პირდაპირ ძეგლივით დაიწყო ლაპარაკი, მითხრა, ჯობია დაფიქრდე იმაზე, რაც უფალზე თქვიო და კაბინეტში გამაგზავნა, იქ მარტო უკეთესად იფიქრებო. – ოზი იცისკენ გადაიხარა. – მთელი საათი ვფიქრობდი, იც, და დავრწმუნდი, რომ ღმერთი ნამდვილად შეძლებდა ყველაფერს, რასაც მოინდომებდა.

 

1 2 3 4 5 6 7