– მასაც უთხარით, გაიმეოროს. – არ იყო რთული მისახვედრი, ვინ იგულისხმებოდა და სიბნელეში ოზის ყურს მიწვდა კომიკური ხმა, რომელიც ღმერთზე რაღაცას ამბობდა.
შემდეგ, ოზის მოთხოვნით, ყველამ გაიმეორა, რომ მათ სწამდათ იესო ქრისტე, ჯერ ცალ-ცალკე თქვეს, მერე კი ერთად.
როდესაც კატეხიზისი დასრულდა, საღამოც დადგა. სახურავიდან ჩამოესმათ რაღაცნაირი ხმა, თითქოს ბიჭმა ამოისუნთქაო.
– ოზი! – გაუბედავად დაუძახა ქალმა. – არ ჩამოხვალ?
პასუხი დიდხანს არ ისმოდა, მაგრამ დედა იცდიდა და როდესაც ბიჭი ბოლოსდაბოლოს დაელაპარაკა, მას დაღლილი და ნამტირალევი ხმა ჰქონდა, თუმცა, მაინც მტკიცე, თითქოს მოხუცი იყო, რომელმაც ამ წამს დაასრულა ზარების რეკვა.
– დედა, როგორ ვერ ხვდები, რომ არ უნდა დამარტყა, არც მან არ უნდა დამარტყას. არასოდეს, არავის არ უნდა დაარტყა ღმერთის გამო.
– ოზი, გეხვეწები, ახლავე ჩამოდი.
– დამპირდი, უნდა დამპირდე, რომ არასოდეს არავის დაარტყამ ღმერთის გამო.
ოზიმ მხოლოდ დედას სთხოვა, მაგრამ რატომღაც, ყველა დაჩოქილმა აღავლინა პირობა, რომ არასოდეს არავის დაარტყამდნენ ღმერთის გამო.
და ისევ სიჩუმე დადგა.
– ახლა ჩამოვალ, დედა. – როგორც იქნა, დაიძახა ბიჭმა სახურავიდან. მან აქეთ-იქით გაიხედა, თითქოს შუქნიშანს ეძებსო. – უკვე შემიძლია, დაბლა ჩამოვიდე.
და ჩამოვიდა. შარავანდედივით გაბრდღვიალებული ყვითელი ბადის ზუსტად შუაში.
ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ