წელს, 2018 წლის 22 მაისს ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში გამორჩეული ამერიკელი  მწერალი ფილიპ როთი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მან დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. იშვიათია მწერალი, რომელსაც იმდენი ლიტერატურული პრემია და ჯილდო ქონდეს მიღებული, რამდენიც როთს, მათ შორის, ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის ნაციონალური წიგნის პრემიით, სამჯერ ფოლკნერის პრემიით, ხოლო რომანმა, „ამერიკული პასტორალი“ (1997) მას პულიცერის პრემია მოუტანა. 1998 წელს თეთრ სახლში გადასცეს „ხელოვნებისა ეროვნული მედალი“, 2002 წელს კი, ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის უმაღლესი ჯილდო –  „ოქროს მედალი მხატვრულ ლიტერატურაში“.  2011 წელს ფილიპ როთი ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა. 2013 წელს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, „საპატიო ლეგიონის ორდენი“ დაიმსახურა. იგი წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზეც.

წერას ის სუფთა ფურცელზე „შემოქმედებით შეტევას“ უწოდებდა და ყოველ დილით საკუთარ თავს სარკეში აქეზებდა: „შეუტიე, შეუტიე“! ასე გაგრძელდა 50-ზე მეტი წელი და ლიტერატურულმა სამყარომ მიიღო მისი 31 ბრწყინვალე წიგნი, რომლებსაც  მკითხველთა და კრიტიკოსთა არც აღფრთოვანება დაკლებია და არც კრიტიკა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ოთახში მარტო ჯდომა და წერა  წარმოადგენს პრაქტიკულად მთელ ჩემ ცხოვრებას.“

ფილიპ მილტონ როთი 1933 წელს, ნიუ ჯერსიში დაიბადა.

ის ტრადიციულ ებრაულ ოჯახში გაიზარდა, დაამთავრა ნიუარკის კოლეჯი, მაგისტრის დიპლომი კი 1955 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღო. 1970 წლიდან ის პენსილვანიის პროფესორია, ხოლო  1980-იანი წლების ბოლოდან  აიოვას უნივერსიტეტში ასწავლის.

1950-იანი წლებში რამდენიმე ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალში ფილიპ როთის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა, რომელშიც ის ებრაელების ცხოვრების სხვადასხვა დეტალს კრიტიკულად, თუმცა დიდი იუმორით აღწერს. მოთხრობები პოპულარული გახდა, თუმცა, კრიტიკაც დაიმსახურა, რადგან მკითხველებისა და კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ის ანტისემიტურ განწყობას აძლიერებდა. 1959 წელს როთმა მოთხრობების კრებული „მშვიდობით, კოლუმბუს“ გამოსცა.  მაშინ ის 26 წლის იყო. მართალია, გაბედულ და გულწრფელ წიგნს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, მაგრამ ყველა თანხმდებოდა, რომ ახალგაზრდა ფილიპ როთი გამორჩეული ყურადღებას იმსახურებდა – ის იყო ომისშემდგომი თაობის წარმომადგენელი ნიუარკიდან, რომელიც ძველი ღირებულებებისა და წეს-ჩვეულებების გადაფასებას ცდილობდა. 1960 წელს ფილიპ როთს ამ კრებულისთვის ამერიკის ნაციონალური წიგნის პრემია მიენიჭა.

1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „პორტნოის სინდრომი“ მას ფართო აღიარება მოუტანა. გამოქვეყნებიდან ათი კვირის განმავლობაში, 420 000 წიგნი გაიყიდა. რომანი წარმოადგენს ახალგაზრდა ებრაელი მამაკაცის, წარმატებული იურისტის, ალექსანდრე პორტნოის მონოლოგს, სადაც ის თავის ფსიქოანალიტიკოსს საკუთარ ბავშვობასა და სხვადასხვა ხასიათის კომპლექსებზე უყვება და მოურიდებლად ხატავს თავის სექსუალურ ფანტაზიებს. თავად პორტნოი მიიჩნევს, რომ ყველაფრის სათავე ებრაული ოჯახის წყობა, ტრადიციები და რიტუალებია. განსაკუთრებული გროტესკით, თუმცა, სიყვარულით აღწერს მწერალი ებრაელ დედას, მის ზღვარგადასულ კონტროლის სიყვარულსა და ზრუნვას.  ფილიპ როთი თავისთვის დამახასიათებელი არაჩვეულებრივი იუმორით აჩვენებს ადამიანების გაორებას, როდესაც თანამედროვე სამყაროში მათ ტრადიციების დაცვა და ერთგულება ევალებათ. რომანმა მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება, გაუთქვა სახელი, თუმცა, ამავდროულად, მას ბრალს „გარყვნილი“ წიგნის დაწერაშიც სდებდნენ. პირადად მისთვის, როგორც მწერლისთვის, „პორტნოის სინდრომი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან, როგორც თავად აღნიშნავდა, ამით მისი „შემოქნედებითი დაბნეულობა“ დასრულდა და  თავისი ხმა იპოვა.

ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნე თუ მკითხველი მისი პერსონაჟების პროტოტიპად თავად მწერალს მიიჩნევენ.  მწერალები ასეთ შეფასებას მტკივნეულად იშვიათად განიცდიან, მაგრამ ფილიპ როთს არ მოსწონდა, როცა მას ალექსანდრე პორტნოისთან, ან მისი ნაწარმოებების სხვა რომელიმე გმირთან აიგივებდნენ. „როდესაც რომანს ვწერ, მეუბნებიან, რომ ჩემი ავტობიოგრაფიაა, ხოლო როდესაც ავტობიოგრაფიას ვწერ, მეუბნებიან, რომ ეს რომანია. რადგან მე ასეთი ამოუცნობი ვარ, ხოლო ისინი კი ასეთი ჭკვიანები, დაე, მათ განსაზღვრონ.“ – თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს მისი რომანები „ამერიკული პასტორალი“ „ჩემი ქმარი კომუნისტია“, „ადამიანური ლაქა“, „დიდი ამერიკული რომანი“, „შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ“, „შაბათის თეატრი“, ტრილოგია „დაბორკილი ცუკერმანი“ და ა.შ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს პერსონაჟი, ნათან ცუკერმანი, რომელიც ფილიპ როთის ცხრა რომანის გმირია, და ავტორის თქმით,  ისაა „მოაზროვნე, გონიერი ხმა და გონიერი მთხრობელი.“

ფილიპ როთი ყოველთვის აპროტესტებდა, როდესაც როდესაც მას ამერიკელ ებრაელ მწერლად მოიხსენიებდნენ და აცხადებდა, რომ ამერიკელი იყო. ის დიდ პატივს სცემდა ებრაელ ხალხს და კულტურას, მაგრამ აღიარებდა, რომ იყო ათეისტი. მისი უდიდესი ჰუმანიზმი და დამოკიდებულება  რელიგიის მიმართ ჩანს მისი კარიერის დასაწყისშივე, ერთ-ერთ პირველივე მოთხრობაში – „ებრაელების მოქცევა“.

როდესაც ის წერდა სოციალურ და პოლიტიკურ სატირას, ცდილობდა, რომ ადამიანებისთვის პოლიტიკური და სოციალური წნეხი დაენახვებინა. ფილიპ როთმა გაბედა და ხმა ამოიღო იმ მანკიერი მხარეების შესახებ, რომელიც ტაბუდადებული იყო არა მხოლოდ მაშინ, არამედ გარკვეულწილად დღესაც. ის მკითხველს ატყვევებდა, როცა  ადამიანური ბუნების სხვადასხვა მხარეებსა და ადამიანებს შორის ურთიერთობების ბევრ საიდუმლოზე დაუფარავად, ზოგჯერ შავი იუმორითა და სარკაზმით საუბრობდა.

2012 წელს, 80 წლის ფილიპ როთმა გამოაცხადა, რომ წერას წყვეტდა, რადგან საუკეთესო წიგნები უკვე დაწერა, ხოლო უარესის დაწერას აზრი არ ჰქონდა. რეალურად, იმ დროისთვის მას წერისთვის თავი ორი წლის დანებებული ჰქონდა. მას შემდეგ მწერალი ვესტ საიდში მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა. კონექტიკუტში, თავის სახლში, სადაც „წერის შემოტევებს“ უმკლავდებოდა ხოლმე, მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდა. ის სიცოცხლის ბოლო წლებში ბევრს კითხულობდა, წერდა ესეესა და მემუარებს, მუშაობდა თავის ბიოგრაფ ბლეიქ ბეილთან ერთად.

ფილიპ როთი დასაფლავებულია ჰუმანიტარული ბარდ-კოლეჯის სასაფლაოზე, ნიუ-იორკის შტატში.

 

მთარგმნელისაგან

1 2 3 4 5 6 7