რაბინმა ბინდერმა პირი გააღო, მაგრამ ხმამ უღალატა. მხოლოდ გადაჯვარედინებული ხელები უკანკალებდა და მისუსტებული პულსივით უხტოდა.
– რაბი, ჩამოიყვანეთ ოზი! რომ ჩამოვარდეს, სული არ დაჰყვება! ჩამოიყვანეთ, მის გარდა მე არავინ მყავს…
– მე რა შემიძლია, – უთხრა რაბინმა ბინდერმა და თავისი მშვენიერი თავით უკან მდგომ ბიჭებზე მიანიშნა. – იმათ უთხარით, მხოლოდ მათ უსმენს.
და მხოლოდ ახლა შენიშნა ბიჭები ქალბატონმა ფრიდმანმა, და გაიგონა, რას უყვიროდნენ ოზის.
– ასე მათთვის იქცევა. მე არ მისმენს, მათ დაელაპარაკეთ. – ისე თქვა რაბინმა, თითქოს ტრანსში იყო.
– მათთვის?
– დიახ.
– ისინი რა შუაში არიან?
– ბიჭებს უნდათ, რომ გადმოხტეს.
ოზის დედამ ორივე ხელი აღმართა, თითქოს ცას დირიჟორობსო და მერე ჟესტით, რომელიც პირამიდებზე ძველია, წინასწარმეტყველებზე ძველიც, და წარღვნაზე ძველიც, ხელები გვერდებზე შემოიკრა.
– შეხედეთ, ჩემი შვილი თურმე წამებულია. – იკივლა და ზემოთ აიხედა. ოზი ხელებს ჩიტის ფრთებივით ალივლივებდა. – შეხედეთ, აი, ჩემი წამებული შვილი.
– ოსკარ, ჩამოდი მეთქი, გთხოვ! – დაიღრიალა რაბინმა ბინდერმა.
– ოზი, ჩამოდი, ოზი. რა გინდა მანდ, გინდა წამებულად გაღიარონ? – შემაშფოთებლად აუღელვებელი ხმით ასძახა ქალბატონმა ფრიდმანმა ბიჭს სახურავზე.
– მიდი, ოზ, გახდი წამებული! – ეს იცი იყო. – გახდი წამებული! გახდი წამებული! – ბიჭები იცის აყვნენ და ყველა ხმა ერთად ამღერდა. – გახდი წამებული! გახდი წამებული!

***
რატომღაც ისე ხდება, რომ, როდესაც სახურავზე დგახარ და თანდათან ბნელდება, ქვემოდან ხმა ცუდად გესმის. ერთადერთი, რაც ოზიმ გაიგო, ის იყო, რომ ორ მხარეს ორი ახალი სურვილი ჰქონდა: მისი მეგობრები თავის სურვილს აღმაფრენით და მუსიკალურად აწვდენდნენ, ხოლო დედა და რაბინი კი თავის სურვილს გაწონასწორებულად და მკაფიოდ, გალობასავით გამოთქვამდნენ. ამჯერად არც რაბინის და არც დედის ხმაში ტირილი აღარ ისმოდა.
უკიდეგანო ბადე ოზის ქვემოდანუსინათლო თვალივით აჰყურებდა,ზემოდან კი მოღრუბლული ცა აწვებოდა. ცადაღარულ დაფას წააგავდა. უცებ, როდესაც ოზიმ იმ არც თუ ისე სიმპათიურ ცას ახედა, ცხადად შეიგრძნო თავისი უცნაური მდგომარეობა – მისი მეგობრები სთხოვდნენ, რომ გადმომხტარიყო, თავი მოეკლა, სწორედ ამას უმღეროდნენ ახლა და მშვენივრადაც ერთობოდნენ, და მეორეს მხრივ კი, კიდევ უფრო უცნაური იყო ის, რომ რაბინი ბინდერი მუხლებზე იდგა და კანკალებდა. თუ ოზის ახლა შეკითხვა უნდა დაესვა, ის ნამდვილად არ იქნებოდა: ნუთუ ეს მე ვარ? უფრო მეტად, იქნებოდა: ნუთუ ეს ჩვენ ვართ?….ნუთუ ეს ჩვენ ვართ?
თურმე, სახურავზე ამოძრომა სახუმარო საქმე სულ არ ყოფილა. მართლა რომ გადახტეს, ალბათ სიმღერას ცეკვაც დაემატება? ნუთუ მართლა ასე იქნება? თუ გადახტება, ამით რას დაუსვამს წერტილს? ოზის ძალიან მოუნდა, ცაში ხელი შეეყო, იქიდან მზე გამოეძრო და მონეტასავით აეგდო. აი, მაშინ კი მზე გადაწყვეტდა, გადამხტარიყო, თუ არ გადამხტარიყო.
ოზიმ იგრძნო, რომ მუხლები მოურბილდა, მოეხარა, თითქოს გადასახტომად ემზადებაო, ხელები კი პირიქით – დაეძაბა, მხრებიდან თითის წვერებამდე გაუშეშდა, გაეყინა. ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს სხეულის ყველა ნაწილს უფლება აქვს თავად აირჩიოს, გადახტეს თუ არ გადახტეს.
მოულოდნელად, სინათლე, თითქოს თავისი დრო ამოწურაო, საერთოდ ჩაქრა და სიბნელემ ჩაახშო მეგობრების გუნდური სიმღერაც, რომელიც მას ერთი რაღაცისკენ აქეზებდა და დედისა და რაბინი ბინდერის გალობაც, რომლითაც ისინი სულ სხვა რაღაცას შესთხოვდნენ.
ოზიმ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმების დათვლა შეწყვიტა და მოულოდნელად,ისეთი ხმით, რომელიც მხოლოდ მაშინ ამოსდის ადამიანს, როდესაც ხმის ამოღებას სულაც არ გეგმავს, დაიყვირა:
– დედა!
– ჰო, ოსკარ.
– დედა, მუხლებზე დადექი შენც, როგორც რაბინი დგას.
– ოსკარ…
– დედა, დადექი, თორემ გადმოვხტები.
ოზიმდე ააღწია სლუკუნმა, შემდეგ შრიალმა და როდესაც გადაიხედა, იქ, სადაც დედა იდგა, დაინახა მისი თავი და მის ქვემოთ წრედ გაშლილი კაბის კალთები. დედა რაბინი ბინდერის გვერდით მუხლებზე იდგა.
– ყველამ დაიჩოქეთ! – ისევ დაიძახა ოზიმ და გაიგონა, როგორ იჩოქებდა ყველა.
ოზიმ იქურობას თვალი მოავლო. ცალი ხელით სინაგოგის შესასვლელზე მიუთითა.
– ამანაც დაიჩოქოს.
გაისმა ხმა, მაგრამ არა დაჩოქების, არამედ ფართხუნისა და ძვლების ტკაცუნის. ოზის მიწვდა რაბინი ბინდერის სიტყვები:
– ..თორემ თავს მოიკლავს…
ოზიმ ისევ გადაიხედა, ახლა იაკოვ ბლოტნიკი სხვენის კარის სახელურზე კი აღარ ეკიდა, არამედ მუხლებზე იდგა, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი ლოცვის დროს. როგორც აღმოჩნდა, მეხანძრეებისთვის ბადის გაჭიმვა და ამავდროულად მუხლებზე დგომა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.
– რაბი!
– გისმენ, ოსკარ!
– რაბი ბინდერ, თქვენ გწამთ ღმერთის?
– დიახ!
– გწამთ, რომ ის ყოვლისშემძლეა? – ოზიმ თავი წყვდიადში გადაყო. – გჯერათ, რომ ღმერთს სულ, სულ ყველაფერი შეუძლია?
– ოსკარ, ჩემი აზრით….
– უბრალოდ მითხარით, გწამთ, თუ არა, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია?
ერთი წამი სიჩუმე იდგა, მერე:
– ღმერთს შეუძლია გააკეთოს სულ, სულ ყველაფერი.
– გჯერათ, რომ თუ ღმერთი მოინდომებს, ბავშვი განაყოფიერების გარეშე გაჩნდება?
– კი, მჯერა.
– გაიმეორეთ.
– დედა, ახლა შენ მითხარი.
– ღმერთს შეუძლია გააჩინოს ბავშვი განაყოფიერების გარეშე.

 

1 2 3 4 5 6 7