რაბინი მობრუნდა, რომ ენახა, რაში იყო საქმე, და ამ დროს, ოზიმ რაბინის ზურგს მიაძახა ის, რასაც რაბინისთვის სახეში თქმას ვერასოდეს გაბედავდა. იყვირა ხმამაღლა, დაჭრილივით, თითქოს რაღაცას მთელი კვირა გულში იკლავდა და ახლა ამოხეთქაო.
– არ იცით! თქვენ არაფერი არ იცით ღმერთზე!
რაბინი ისევ ოზის მიუტრიალდა.
– რა თქვი? – ჰკითხა.
– თქვენ არ იცით. თქვენ არაფერი…
– ოსკარ, ბოდიში მოიხადე, ახლავე! – მუქარასავით ჟღერდა.
– თქვენ არ იცით!
რაბინი ბინდერის ხელმა ოზის ლოყასთან გაიელვა. არაა გამორიცხული, რომ რაბინს ასე ოზისთვის ლაპარაკის აკრძალვა ჰქონდა განზრახული, მაგრამ ოზი მკვეთრად შემობრუნდა და რაბინის მოქნეული ხელი ცხვირში მოხვდა. ოზის პერანგზე სისხლი წითელ ნაკადებად ჩამოეღვარა. დიდი არეულობა ატყდა.
– ნაბიჭვარო, ნაბიჭვარო! – იყვირა ოზიმ და კარს ეცა.
რაბინმა ჯერ უკან დაიხია, თითქოს თვითონაც წამოუვიდა სისხლი, მაგრამ უკუღმა, საწინააღმდეგო მიმართულებით, მერე უცებ ადგილს მოწყდა და კარებში გაუჩინარდა. ბიჭები რაბინის ფართო, ლურჯპიჯაკიან ზურგს მიჰყვნენ და ვიდრე მოხუცი ბლოტნიკი თვალს შეასწრებდა, ოთახი დაცარიელდა, ყველა სახურავზე ამავალ დახვეულ კიბეზე არბოდა.
ვინმემ დღის ნათელი ადამიანის ცხოვრებას რომ შეადაროს, მზის ამოსვლას დაბადებას დაარქმევს, ჩასვლას კი, კიდეზე გადაბიჯებას, გადმოვარდნას და სიკვდილს. რაბინი ბინდერი ოზი ფრიდმანს თითქმის დაეწია და წამში კოჭზე ხელსაც წაავლებდა, მაგრამ ოზიმ სულ ერთი ნაბიჯით გაასწრო და მისკენ გაწვდილ ხელებში ფეხიც ჩააზილა. ეს ის დრო იყო, როდესაც დღემ ორმოცდაათს მიუკაკუნა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ორმოცდაათი თუ ორმოცდათხუთმეტი წლის ასაკი ზუსტად ემთხვევა ნოემბრის დღის  საღამოსპირს, რადგან ამ თვეში, დღის ამ მონაკვეთში, აღარც კი ჩანს, მხოლოდ ისმის, ბოლო წუთებს როგორ ითვლის ნათელი, რომელიც სადაცაა გაქრება. ასე, რომ, როცა ოზიმ სახურავის კარი მხრებით ასწია და რაბინს ლამის ზედ სახეზე დაახურა, საკეტის ხმა შეგვიძლია ცაზე უფრო მუქი ნაცრისფერი სინათლის გამოკრთომის ხმადაც ჩავთვალოთ.
ოზი მუხლებზე დადგა და მთელი ძალით დააწვა ჩაკეტილ კარს, რადგან დარწმუნებული იყო რომ რაბინი ბინდერი კარს ქვემოდან მოაწვებოდა, ურდულს ამოტეხავდა, კარს ნაფოტებად აქცევდა, ხოლო მას კი ცისკენ გატყორცნიდა. მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლა – კარი ანჯამებიდან არავის ამოუგდია, უფრო მეტიც – კარი საერთოდ არ შერხეულა, მხოლოდ ფეხის ხმა ისმოდა, ჯერ ახლოს და მკვეთრად, მერე კი შორს და ყრუდ, ისე, თითქოს ჭექა-ქუხილმა იმ ადგილს გადაურა და ახლა სხვა მხარეს მიიწევსო.
ოზის ტვინში ერთადერთმა აზრმა გაუელვა: ნუთუ ეს მე ვარ? ეს შეკითხვა ცამეტი წლის ბიჭისთვის, რომელმაც რაბინს ნაბიჭვარი უწოდა, თანაც ერთხელ კი არა, ორჯერ, არც ისე უადგილოდ ჟღერდა. სიტყვები ძალას იკრებდნენ და გუგუნებდნენ: ნუთუ ეს მე ვარ? ნუთუ ეს მე ვარ? და ოზიმ აღმოაჩინა, რომ თურმე, კარს ზედ კი აღარ აზის, არამედ სახურავის კიდისკენ მიექანება, თვალებიდან ცრემლი სდის, ყელიდან ყვირილი ხეთქავს, ხელები კი აქეთ-იქით უქანავებს. ნუთუ ეს მე ვარ? ეს მე ვარ, მე, მე, მე, მე? ალბათ მე ვარ, მაგრამ მე ვარ? ამ შეკითხვას საკუთარ თავს ალბათ ქურდი ფანჯრის პირველად გატეხვისას უსვამს, და როგორც ამბობენ, ამავე შეკითხვაზე ლამობენ პასუხის გაცემას სასიძოები საკურთხევლის წინ.
იმ რამდენიმე წამში, როდესაც ოზი თავისდაუნებურად სახურავის კიდისკენ მიჰქროდა, საკუთარ თავში გარკვევა უფრო გაუჭირდა. ზემოდან ქუჩას რომ დახედა, კიდევ უფრო მეტად დაიბნა და შეკითხვებიც ერთმანეთში აერია: მე დავუყვირე რაბინ ბინდერს და ნაბიჭვარი ვუწოდე? ეს მე ვარ აქ, სახურავზე? სახურავიდან დანახულმა ქუჩის ხედმა ყველა ეჭვი გაუფანტა, რადგან ყველა ჯერზე, როდესაც წარმოიშვება შეკითხვა, ეს შენ ხარ თუ არა, საკითხი ადრე თუ გვიან აკადემიურ ხასიათს იღებს. ქურდი ფულს ჯიბეებში იტენის და ფანჯრიდან ხტება. ახალდაქორწინებული სასტუმროში ორადგილიან ნომერს ქირაობს. ბიჭი სახურავზე კი ხედავს, როგორ გროვდებიან ადამიანები ქუჩაში და კისერწაწვდილები ცას ისე აშტერდებიან, თითქოს პლანეტარიუმის მოხატული ჭერი ყოფილიყოს. ამ დროს დგება ჭეშმარიტების ჟამი და აღმოჩნდება, რომ დიახ, ეს ნამდვილად შენ ხარ.
– ოსკარ, ოსკარ ფრიდმან! – ხმა ხალხის შუაგულიდან ისმის. ამ ხმის დანახვა რომ შეიძლებოდეს, აუცილებლად პერგამენტზე ნაწერი იქნებოდა. – ოსკარ ფრიდმან, სასწრაფოდ ჩამოდი სახურავიდან! – რაბინი ბინდერი ხელს პირდაპირ მისკენ იშვერს. მისკენ მიმართულ თითებში ნამდვილი დიქტატორის ბრძანება იხატება, მხოლოდ თვალები აღიარებენ სიმართლეს – მსახურმა სახეში შეაფურთხა.
ოზიმ არაფერი უპასუხა, არც მზერა შეუჩერებია მასზე, ის მის ქვემოთ სამყაროს შესწავლას შეუდგა: დააკვირდა, სად იდგა ხალხი, სად არ იდგა, სად მეგობრები იყვნენ და სად მტრები, სად მონაწილეები და სად ცნობისმოყვარე მაყურებლები. მისი მეგობრები რაბინ ბინდერის გარშემო ვარსკვლავივით დაკბილულ ჯგუფს ქმნიდნენ. რაბინი ისევ მისკენ იწვდიდა ხელებს. ვარსკვლავის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ანგელოზებისგან კი არა, მოზარდი ბიჭებისგან შედგებოდა, იცი იყო. დაუჯერებელია, მაინც რა სამყაროში მოხვდა! ქვევით ვარსკვლავები, ბინდერიც ქვევით… ოზი, რომელიც წუთის წინ საკუთარ სხეულს ვერ აკონტროლებდა, უკვე გრძნობდა, სიტყვა კონტროლის მნიშვნელობას: მან იგრძნო სიმშვიდე და იგრძნო ძალა.
– ოსკარ ფრიდმან, სასწრაფოდ ჩამოდი! სამამდე ვითვლი!
განა ბევრი დიქტატორი ითვლის სამამდე, როცა ბრძანებებს გასცემს! მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც, რაბინი ბინდერი უბრალოდ დიქტატორს ბაძავდა.
– მზად ხარ, ოსკარ?
ოზიმ თავი დაუქნია, კიო, მიუხედავად იმისა, რომ ამით თანხმობას სულაც არ გულისხმობდა. აზრადაც არ მოსვლია არცერთ სამყაროში, არც ქვედაში და არც ზეციურში, სადაც ახლა აღმოჩნდა, რაბინ ბინდერს დამორჩილებოდა, თუნდაც სამამდე კი არა, მილიონამდე დაეთვალა.
– ძალიან კარგი, – თქვა რაბინმა ბინდერმა და ხელი სამსონისეულ შავ თმაზე ისე გადაისვა, თითქოს პირველი ციფრის წარმოქმნის წინა რიტუალს ასრულებდა. შემდეგ, მეორე ხელით ცაზე პატარა წრე მოხაზა და დაიძახა:
– ერთი!
ამას ჭექა-ქუხილი არ მოყოლია. პირიქით, თითქოს ერთი იყო ნიშანი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად მქუხარე არსება ელოდა, რათა სინაგოგის სახურავის კარი გაეღო და საღამოსპირა ბინდში თავი გამოეყო. ახლა ეს არსება კიბეზე იდგა, ხელით კარის სახელურს ეყრდნობოდა და სახურავს ათვალიერებდა.
– უი!
მოხუც ტვინში აზრები ძალიან ნელა, კოჭლობით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და მართალია, იაკოვ ბლოტნიკს წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აკეთებდა ბიჭი სახურავზე, მაინც ესმოდა, რომ მისი იქ ყოფნა ებრაელებისთვის სასიკეთო არ უნდა ყოფილიყო. საერთოდ, იაკოვ ბლოტნიკისთვის ყველა მოვლენა ორ მარტივ კატეგორიად იყოფოდა: რაც ებრაელებისთვის სასიკეთო იყო, და რაც ებრაელებისთვის სასიკეთო არ იყო. მან თავისუფალი ხელი გამხმარ ლოყაზე მიიდო:
– უი, ღმერთო! –
წარმოთქვა და რაც შეეძლო სწრაფად, კისერი წაიგრძელა და დაბლა ქუჩის შესწავლას შეუდგა, სადაც რაბინი ბინდერი (რომელმაც, იმ ადამიანის მსგავსად, აუქციონზე მხოლოდ სამი დოლარით რომ გამოცხადდა, ხმის კანკალით დაიძახა: ორი!) და მოსწავლეები დაინახა, სხვა ვერავინ. ჯერ-ჯერობით, მდგომარეობა არც ისე ცუდი იყო ებრაელებისთვის, ოღონდ,ვიდრე ვინმე შეამჩნევდა, ეს ბიჭი სახურავს უნდა მოშორებოდა. მაგრამ, როგორ უნდა ჩამოიყვანოს ბიჭი სახურავიდან?
ყველას, ვისაც ოდესმე კატა ჰყოლია, კარგად იცის, როგორ გამოიხსნას სახურავზე შერჩენილი კატა. სახანძროში უნდა დარეკოს. ან ოპერატორს უნდა დაელაპარაკოს და სახანძრო მოითხოვოს, მერე მანქანა ზარების რეკვით მოქროლდება, მკვეთრად დაამუხრუჭებს, ბრიგადის უფროსი ბრძანებებს გასცემს და ფისოს უვნებლად ჩამოაბრძანებენ. ახლაც ზუსტად ასე უნდა მოიქცეს. ანუ, თუ იაკოვ ბლოტნიკი გქვია და შენი კატა სახურავზე ჩხავის, ასე უნდა მოიქცე.

 

1 2 3 4 5 6 7