როდესაც ერთი კი არა, ოთხი სახანძრო მანქანამოვიდა, რაბინ ბინდერს უკვე ოთხჯერ ჰქონდა სამამდე დათვლილი. უზარმაზარი მანქანა ქუჩის კუთხიდან გამოვარდა, იქიდან მეხანძრე გადმოხტა, სინაგოგის წინ ყვითელ ჰიდრანტთან მიირბინა და უზარმაზარი ქანჩის გასაღებით მოშვება დაუწყო. რაბინი ბინდერი მეხანძრეს ეცა და მხარზე მოქაჩა.
– ხანძარი არ არის.
მეხანძრემ მხარს უკან ბურტყუნით გახედა, და ისევ დიდი მონდომებით განაგრძო ქანჩის გასაღების ტრიალი.
– არ არის ხანძარი, ხანძარი არ არის…. – უყვიროდა ბინდერი.
მეხანძრემ ისევ წაიბურტყუნა, რაბინმა კი სახეში ორივე ხელი ჩაავლო და ზემოთ, სახურავისკენ აახედა. ოზისთვის ზემოდან ისე ჩანდა, რომ რაბინი მეხანძრის სხეულიდან თავის ამოძრომას ისე ცდილობდა, თითქოს ღვინის ბოთლიდან საცობს იღებსო დასიცილი აუტყდა – აი, ეს იყო სანახაობა, ნამდვილი ოჯახური პორტრეტი: რაბინი შავ კიპაში, მეხანძრე წითელ კასკაში, გვერდით კი თავშიშველი ყვითელი ჰიდრანტი უმცროსი ძმასავით ედგათ. ამ სურათის დანახვაზე ოზიმ რატომღაც ხელის ქნევა დაიწყოდა მოულოდნელად, მარჯვენა ფეხი დაუცურდა. რაბინმა ბინდერმა თვალებზე ხელები აიფარა.
მეხანძრეები სწრაფად მუშაობდნენ. ვიდრე ოზი წონასწორობას აღიდგენდა, ყვითელი ბადე სინაგოგის წინ ბალახზე გაშალეს. ის მეხანძრეები, ხელში ბადე რომ ეკავათ, ოზის კუშტი, უშიშარი სახეებით აჰყურებდნენ. ერთ-ერთი ბინდერისკენ შებრუნდა:
– ამ ბიჭმა გარეკა თუ რა სჭირს?
რაბინმა ბინდერმა თვალებიდან აცახცახებული ხელი ნელა ჩამოიღო, ისე, თითქოს საფენს იძრობსო. შეამოწმა: ტროტუარზე არაფერია, არც ბადეში ჩანს ჩაზნექილი ადგილები.
– გადმოხტება ახლა თუ არა? – დაიყვირა მეხანძრემ.
ხმით, რომელსაც არაფერი ეცხო ქანდაკებისა, რაბინმა ბინდერმა როგორც იქნა, უპასუხა:
– კი, კი, აუცილებლად, იმუქრებოდა, გადმოვხტებიო …
იმუქრებოდა? საიდან მოიტანა, როგორც ოზის ახსოვს, სახურავზე იმიტომ ამოვიდა, რომ რაბინ ბინდერს გარიდებოდა. რა სისულელეა, გადახტომა აზრადაც არ მოსვლია. უბრალოდ, გაქცევა უნდოდა და აქ იმიტომ გამოიკეტა, რომ მდევრებისთვის თავი დაეღწია.
– რა ქვია ბიჭს?
– ფრიდმანი, – უპასუხა რაბინმა ბინდერმა. – ოსკარ ფრიდმანი.
მეხანძრემ ოზის ახედა.
– აბა, რას ფიქრობ, ოსკარ? გადმოხტომას აპირებ თუ არა?
ოზიმ არაფერი უპასუხა. ამაზე აქამდე არ უფიქრია.
– მისმინე, ოსკარ, თუ გადმოხტომას აპირებ, გადმოხტი და თუ არ აპირებ, ნუ გადმოხტები. მაგრამ ჩვენ დროს ტყუილად ნუ გვაკარგვინებ. გაიგე?
ოზიმ ჯერ მეხანძრეს შეხედა, მერე რაბინ ბინდერს და მოუნდა, კიდევ ერთხელ დაენახა, როგორ იფარებს რაბინი ბინდერი ხელებს თვალებზე.
– გადმოვხტები!
დაიძახა და სახურავის იმ კუთხისკენ გაიქცა, რომლის ქვეშაც ბადე არ წვდებოდა, თან ხელებს შლიდა და მერე შარვალზე ძლიერად ირტყამდა და ისეთ ხმებს გამოსცემდა, სახანძრო მანქანა რომ გამოსცემს: იუ აო.. იუ აო… და სახურავიდან სიცარიელეში თითქმის წელამდე გადაიზნიქა. მეხანძრეები იმ კუთხისკენ გაცვივდნენ და ბადე მოუმარჯვეს. რაბინმა ბინდერმა ვიღაცას რაღაც სიტყვებით მიმართა და სახეზე ისევ ხელები აიფარა. ყველა სწრაფად მოძრაობდა, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, აჩქარებულად, მუნჯი კინოს კადრებივით. ხალხმა, სახანძრო მანქანების დანახვაზე რომ მოგროვდა, ისე ხმამაღლა და მხნედ შესძახა უუუუჰ როგორც ოთხი ივლისის ფოიერვერკის აფეთქებისას იციან ხოლმე. ამ არეულობაში ხალხს ყურადღებას არავინ აქცევდა, თუმცა რა თქმა უნდა, გამონაკლისს აქაც იაკოვ ბლოტნიკი წარმოადგენდა, ცალი ხელით კარის სახელურზე ჩამკიდებული, ის ზემოდან თავებს ითვლიდა:
– finf und tsvansik* . . . Oy, Gut! (ოცდაოთხი, ოცდახუთი… უი, ღმერთო!) – როდესაც კატა ჩამოყავდათ სახურავიდან, საქმე სულ სხვანაირად მიდიოდა ხოლმე.
რაბინმა ბინდერმა თითებს შორის გამოიჭყიტა და ტროტუარსა და ბადეს გახედა. არაფერი. მაგრამ ოზი ახლა საწინააღმდეგო კუთხისკენ გარბოდა. მეხანძრეებიც იგივე მიმართულებით გაიქცნენ, მაგრამ არა ოზივით სწრაფად. როდესაც ოზის გადმოხტომა მოესურვებოდა, მაშინ გადმოხტებოდა და რა ჯანდაბად იყო საჭირო ეს ბადე, მხოლოდ ტროტუარზე სისხლიანი ლაქის დასაფარად თუ გამოდგებოდა!
– იუ აო.. იუ აო ..იუ აო.. იუ აო… იუ აო.. იუ აო…
– ოსკარ, – დაუყვირა გახვითქულმა მეხანძრემ, – შენ რა, გვეთამაშები?
– იუ აო.. იუ აო…იუ აო.. იუ აო…
– ოსკარ, შენ გელაპარაკები! ოსკარ…
მაგრამ ოზი, შეშლილივით ხელების ქნევით უკვე სხვა კუთხისკენ მიჰქროდა. რაბინი ბინდერი დანებდა, გრძნობდა, რომ მეტს ვეღარ გაუძლებდა, მეტისმეტი იყო ეს სახანძრო მანქანები, კაცმა რომ არ იცის, საიდან მოგრიალდნენ, ეს თვითმკვლელი ბიჭი, ეს ბადე… ღონეგამოლეული მუხლებზე დაეცა, ხელები მკერდზე გადააჯვარედინა, და შეჰღაღადა:
– ოსკარ, გეყოფა, ოსკარ, არ გადმოხტე, ოსკარ. გემუდარები, ჩამოდი… გეხვეწები, არ გადმოხტე!
უცებ ხალხში ხმა გაისმა, ბიჭის ხმა, ხმა, რომელიც სახურავზე მეორე ბიჭს ერთადერთ სიტყვას უყვიროდა:
– გადმოხტი!
ეს იცი იყო. ოზი ადგილზე გაიყინა.
– მიდი, ოზ, გადმოხტი! – იცი ვარსკვლავიდან გამოვიდა, და ახლა მტკიცე, ჭკვიანი ბიჭივით კი არა, უფრო მოციქულივით შთაგონებული მარტო იდგა.
– გადმოხტი, ოზ, გადმოხტი!
რაბინი ბინდერი არც წამომდგარა და არც ხელები ჩამოუშვია, ჯერ იცისკენ შებრუნდა და შეათვალიერა, მერე, დიდი ტანჯვით აიხედა სახურავზე.
– ოსკარ, არ გადმოხტე, არ გადმოხტე, არ გინდა, ოსკარ, გემუდარები…
– გადმოხტი!
ამჯერად, ეს იცის ხმა აღარ იყო, ვარსკვლავიდან სხვა ბიჭი იძახდა.
ვიდრე ქალბატონი ფრიდმანი ხუთის ნახევარზე რაბინ ბინდერთან შეხვედრაზე გამოცხადდებოდა, მთელი ცისქვეშეთი თავდაყირა დადგა. ბიჭები ოზის უყვიროდნენ და მოითხოვდნენ, რომ გადმომხტარიყო, ხოლო რაბინი ბინდერი კი აღარ სთხოვდა, გადმოხტომა გადაეფიქრებინა, მას თავი მკლავებში ჩაერგო და ტიროდა.
გასაგებია, რომ ქალბატონი ფრიდმანი ვერც კი მიხვდა, რას აკეთებდა მისი ვაჟი სახურავზე და ამიტომ ჰკითხა:
– ოზი, ოზი, მანდ რას აკეთებ? რა ხდება, დედიკო?
ოზიმ სახანძრო მანქანასავით წივილი შეწყვიტა, აღარც მკლავებს იქნევდა ცოფიანივით. ახლა ხელები ისე გაშალა, როგორც ჩიტები შლიან ხოლმე ცაში ლივლივის დროს და დედას ვერაფერი უპასუხა. ის ჩამოქუფრული ცის ფონზე იდგა, ახლა, მზის ჩასვლასთან ერთად, თითქოს დროც უფრო მალე გადიოდა, ოზი მხრებჩამოშვებული დაჰყურებდა ქალის ტანსაცმლის ფუთას, რომელიც ალბათ დედამისი უნდა ყოფილიყო.
– რას აკეთებ, ოზი? – ისევ იკითხა დედამ და ჩამუხლული ბინდერისკენ მიიხედა, მერე ისე ახლოს მიიჭრა მასთან, რომ მის მუცელსა და რაბინის მხარს შორის მხოლოდ ქაღალდის ფურცლის სისქის დაისი იწვა.
– რა უნდა ჩემ შვილს სახურავზე?

 

1 2 3 4 5 6 7