(ერთი ახირებული მეოცნების საახალწლო მონათხრობი)

 

 

ძვირფასო მეგობარო, ერთი საინტერესო განცხადება აღმოვაჩინე საჯარო ბიბლიოთეკაში ყოფნის დროს… საერთოდ ეგეთ დაწესებულებებში განცხადებების წასაკითხად, მართალია, არ დადიან და მეც სულ სხვა ინტერესითა და მიზნით ვიყავი მისული, ამ ბიბლიოგარაფიისა და ინტელექტუალური სიბრძნის საგანძურში, მაგრამ ბედმა ხელში ჩამიგდო მართლაც უცნაური და შეიძლება ითქვას “უნიკალური” ხელნაწერი…

იმ დღეს, გადასაკითხად გამოვიწერე, სვიფტის “ლემუელ გულივერის თავგადასავალის”-ის რევოლუციამდელ გამოცემა, რომელიც ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ, კვლავ მოხვდა ჩვეულებრივ მკითხველთა გასაცემ წიგნთა სიაში…

ვისაც აქვს სულმნათი ჯონათანის ეს ნაწარმოები წაკითხული, იცის მისი შინაარსი და ეხსომება, დახლოებით ფურცლების რა რაოდენობა სჭირდება გულივერის ოთხი გასაოცარი მოგზაურობას დაბეჭდვას… ორასიდან – სამას ორმოცდაათ – ოთხას გვერდამდე.

თუმცა წიგნი, რომელიც ჩემს წინ იდო, შედგებოდა ათასი-ათას ორასი ფურცლისგან, ხოლო გვერდების რაოდენობა შესაბამიოსად ორიათასს აღემატებოდა.

მიუხედავად ასეთი მოცულობისა, ის არ იყო მძიმე.

გარდა ზემოთაღნიშნული უცნაურობისა, კიდევ ერთმა დეტალმა მიიპყრო ჩემი ყურადღება… სხვა რარიტეტული გამოცემებისგან განსხვავებით, რომელთა ყდები საქონლის ტყავისგან იყო დამზადებული, ამ წიგნს ჩემი აზრით, ნიანგის, ან გველის ტყავი ჰქონდა გადაკრული…

მიყვარს ძველი, განსაკუთრებით კი ძალიან ძველი გამოცემების კითხვა… მათი საუკუნოვანი არომატი, ფურცლების სიგლუვე და ასოების რელიოფურობა, ხორკლიანი, ნატურალური ტყავის ყდა, ბუნებრივი ორნამენტები, კუთხეებში ხშირი კითხვისა, თუ გადაადგილებისაგან გაცვეთილი… ჩემი დაუოკებელი წარმოსახვის, მეოცნებე სულის, გაუხედნავი ფიქრების განსაკუთრებულ კლავიშებზე აჭერენ ეფემერულ თითებს და ფანტასმაგორიულ სამყაროში მომისვრიან, საიდანაც რეალურში დაბრუნების სურვილი, საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, რაც შეიძლება გვიან მიჩნდება…

მეც გადავშალე წიგნი და ლამის თავიდანვე ჩავიძირე ასო-ნიშნულთა მიერ ხორცშეხმულ სამყაროში…

“ჩემმა თვინიერმა და გულკეთილმა მოპყრობამ ისე იმოქმედა იმპერატორსა და მის სასახლეზე, რომ მოკლე ხანში თავისუფლების დაბრუნების იმედით გამეღვიძა.” – დიდი ინტერესით ვკითხულობდი, ამ უკვდავი ნაწარმოების მეორე თავს და ნელ-ნელა ძველის-ძველი ფურცლების სურნელი მაბრუებდა, მათრობდა და ჩემი ნეტარებით მოცული ცნობიერება უწონადო მდგომარეობაში გადაყავდა, –  “ყოველნაირად ვცდილობდი ეს კეთილგანწყობა კიდევ უფრო გამეღრმავებინა. მცხოვრებლები თანდათანობით რწმუნდებოდნენ, რომ ჩემი მხრიდან არავითარი საფრთხე არ მოელოდათ; ხანდახან წამოვწვებოდი მიწაზე და ხუთ-ექვს მათგანს ნებას ვაძლევდი ჩემს თავზე ეცეკვათ; ბოლოს ბიჭები და გოგონებიც ბედავდნენ მოსულიყვნენ და ჩემს თმებში კუკუმალობანა ეთამაშათ…”

მაგრამ აქ, მკვეთრად შეწყდა მსუბუქი ინგლისური იუმორითა და ირლანდიური აქცენტით შეზავებული თხრობა და მყვირალა, ხორხისეულ ეპანურ-ქართულ “გუგუნში” გადაიზარდა:

“აშკარაა ჩემო ბატონო, არ შეიძლება აქ სადმე მდინარე არ იყოს, ან ნაკადული მაინც, თორემ მოლი ასე ამწვანებული არ იქნებოდა. კარგი იქნება, ბატონო ორიოდე ნაბიჯი წაგვედგა წინ, ეგებ სადმე წყალი გვეპოვნა, თორემ ამ საშინელმა წყურვილმა ლამის შიმშილზე მეტად შემაწუხოს…

დონ კიხოტს საჭურველმტვირთველის რჩევა მოეწონა და დაეთანხმა, როსინანტის აღვირს მოსჭიდა ხელი და გასწია..”

ეიფორიაში ჩავარდნილიც კი ვგრძნობდი რაღაც ეპოქალურ, კლიმატურ, კულტურულ და ნაციონალურ დისონანს, მაგრამ საბოლოოდ თხრობამ მაინც გამიტაცა და მეც ნავში წამოწოლილი ზარმაცი მენიჩბესავით მივყევი დინებას, მივეფიცხე პირენეს ნახევრაკუნძულის მზეს და მივუყურადე გზაჯვარედინებზე მოთხრობილ საინტერესო და ტრაგი-კომიკურ ამბებს… მაგრამ გადიფურცლა ესპანური მზით გახურებული ოცი – ოცდაათი ფურცელი და:

“სძალი ეტყჳს: ამბორს-მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა მისისათა, რამეთუ უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა,  და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა. ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი, ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს შენ…”

ძველი აღთქმის ამ უკვდავმა სიტყვებმა სწრაფად დამაბრუნა ბიბლიოთეკის სამკითხველოს რეალობაში… უკმაყოფილომ დავხედე ჩემს წიგნს და რამოდენიმე არაცენზურული სიტყვა გამახსენდა, თუმცა მათი წარმოთქმა სიბრძნით მადლმოსხმულ ამ შენობაში ბოლომდე მაინც არ ვიკადრე… მხოლოდ ვიკითხე, უფრო სწორად  ჩემს თავს ვკითხე:

– რა ხდება?

სვიფტის უკვდავი სიტყვებიდან გადავედი სერვანტესის ცეცხლოვან ტექსტებზე, შემდეგ კი სოლომონ მეფის ქებათა-ქებაზე… რაღაც კულტურულ-სულიერ-ინტელექტუალური აჯაფსანდალი გამოდიოდა და ამიტომ, უკვე ეჭვნარევი და ამასთანავე ინტირგანი მკითხველის თვალით დავუწყე რარიტეტული წიგნის გადავფურცვლა…

ახლაღა აღმოვაჩინე, რომ ფურცლები არა მხოლოდ ფერით, არამედ შრიფტითაც კი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან… აქ იყო ჩეხოვის, დოსტოევსკის, ტოლსტოის, ჭავჭავაძის, შვარცის, შექსპირის, კონან დოილის, სტივენსონის, სტენდალის, პლუტარქეს, ჯერომ-ჯერომის, ჰომეროსის, ბულგაკოვის, ბარნოვის,  ჩხეიძეს, ცურტაველის,  ჯავახიშვილის, გამსახურდიას, ბელიაშვილის, წერეთლის, აკუტაგავას, ჰემინგუეის, ბორხესის, როლანის, სარროტის, ლორთქიფანიძის, ქიაჩელი, ვაჟა ფშაველას, რუსთაველის, ჰამსუნის, იბსენის, კაფკას, ზოშენკოს, რჩეულიშვილის და ა.შ. ნაწარმოებებიდან ოცი-ოცდაათ ფურცლიანი ამონარიდები და ეს ყველაფერი ამ ერთ წიგნში იყო ჩაწებებულ- ჩაკრულ – ჩაჭედილი…

წიგნი იწყებოდა გულივერის მოგზაურობით ლილიპუტიაში, სადღაც შუა ნაწილში  ავთანდილის ანდერძით გრძელდებოდა და მთავრდებოდა პანიკოვსკის და შურა ბალაგანოვის დაკა-დაკათი, ილფისა და პეტროვის უკვდავი  “ოქრის კერპიდან”…

ნეტა, ვინ იხუმრა ასე?

დარბაზში, ყველა კითხვით იყო გართული… ანუ განათლებადაწაფებულ ტვინთა ინტელექტუალურ მუშაობის რითმს არაფერი არღვევდა… ერთი მე ვიყავი, ცეტვით რომ ვტრიალებდი აქეთ-იქით და ჩემი სკამის ჭრიალით დისოსნანსი შემქონდა სამკითხველოს უხმაურო ატმოსფეროში… ბიბლიოთეკარებიც კი არ მაქცევდნენ ყურადღებას, თავიანთ კომპიუტერებში რაღაც მათთვის უაღრესად საინტერესოს ჩაჰკირკიტებდნენ…

“მრისხანე ბრძოლებზე მსურდა დიადი სიმღერა მეთქვა,

გმირთა ამბების თხრობა მწყობრი საზომით ვცადე,

თავიდან ორი ბწკარი ჰქონია ამ საზომს ტოლი,

მაგრამ ამურმა თურმე ერთ-ერთს მოჰკვეთა ტერფი…”

წიგნიდან გუგუნებდა ოვიდიუსის ტკბილხმოვანი ბანი… სწრაფად გადავშალე კიდევ რამოდენიმე ფურცელი და…

“დავუჯეროთ თვალსა და სმენას? საშინელი სიზმარი ხომ არ არის ეს კუბო, ნამტირალევი სახეები, კვნესა და ოხვრა?”…

 

 

 

1 2 3 4 5 6