ნანახით გაოგნებული ფრიდონა, იჯდა ერთ ადგილას და დაბნეულობისაგან ღმუოდა. სწორედ ამით მიუქცევია ერთი პატარა ებრაელი ბიჭუნას ყურადღება, რომელიც მიახლოებია და გაკვირვებულს მისი სამუშაო ტანსაცმელისთვის მოუკიდია ხელი… მერე თავზე ჩამოფხატული გაზეთ “თბილისისგან” გაკეთებული ქუდით დაინტერესებულა და ორიოდე მონეტაც მიუგდია ჩემი შეგირდისთვის მის სანაცვლოდ… შეშინებული ფრიდონა, სანამ დანარჩენი, სურათზე გამოსახული პიროვნებების ყურადღებას მიიქცევდა, თითზე დახვეული სანიშნე მოუქაჩია და ისიც, კვლავ საჯარო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილა…

თვალები მოუფშვნეტია, შვებით ამოუსუნთქია, უფიქრია, ალბათ ღამენათევს ჩამეძინაო… მაგრამ სურათს დახედა თუ არა,  ელდა ეცა, ბიბლიურ რეპროდუქციაზე  გამოსახული კომპოზიცია უკვე შეცვლილიყო… მანამდე, ეს პატარა ბიჭი, თუ კედლისკენ იხედებოდა და ლოცულობდა, ახლა პირდაფჩენილი ფრიდონაკენ იცქირებოდა და თავზე კი გაზეთ “თბილისისა”-გან დამზადებული ქუდი ეხურა…

მომავალი კალატოზი, გაფუჭებულმა ნახატმა ვერ შეაჩერა… იმის მაგივრად, რომ თანამედროვე, შეგნებული ახალგაზრდასავით მოქცეულიყო, ვნებებსა და არანორმალურ ცნობისმოყვარეობას აყოლილმა, გამოავლინა სისუსტე და ახლა, სხვა სურათებზეც სცადა ბედი… ამის გამო ერთ საათში, თვითნებურად, ჩემთან, თქვენთან და პარტიულ ორგანიზაციასთან შეთანხმებისა და ყოველანაირი საბუთების გარეშე მოიარა მთელი მსოფლიო. იმყოფებოდა – პარიზში, ბერლინში, ბაბილონში, სპარტაში (საიდანაც ლეონიდეს დასისხლიანებული ჩაფხუტით დაბრუნდა), ითაკაში, რიო დეჟანეიროში, მეხიკოში, კუბაზე… ბოლოს ისე გათავხედდა, რომ ტროასთან აქილევსისგან, სამი კილოგრამი ცემენტისა და რეზინის ხელთათმანების სანაცვლოდ, სანდლები შეიძინა… მერე მშენებარე პეტერბურგში, პეტრე პირველს მოუყვა ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მნიშვნელობაზე, ბოლოს კი სავარძელში  ჩაძინებულ მენდელეევს დაადგა თავზე და ქიმიურ ელემენტების ტაბულის შესახებ თავისი უარყოფითი მოსაზრების დასაბუთებით, ლამის ჭკუიდან გადაიყვანა. ალბათ მისაღებ გამოცდებზე ქიმიაში ჩაჭრის გამო იძია შური…

ესეც არ იკმარა, ამ ჭკუათხელმა… გადაწყვიტა, უშუალოდ ლიტერატურულ ნაწარმოებებში შეჭრილიყო. გადააკრა ყდა შოლოხოვის მოთხრობების კრებულს და დაიწყო მისი უკვდავი ნაწარმოების “ორმოსცდამეერთის” კითხვა და საბოლოოდ მარიუტკა ფილატოვას შეცდენა თითქმის შეძლო… გამოეცხადა ამ გულუბრყვილო ქალს ღამით, როცა პორუჩიკ ვადიმ გოვორუხა-ოტროკს ღრმად ეძინა… ძილბურანში მყოფი შიშველი ქალი დაარწმუნა თავის ღვთიურ წარმომავლობაში  და კინაღამ… თუმცა გადამწყვეტ მომენტში სინდისმა შეაწუხა და მოქაჩა ნიშნულს…

…ღამენათევს და დარცხვენილს, როცა მობეზრდა მარტოს გართობა და წანწალი, გავარდა გარეთ… რაღაც ხრიკებითა და  შეგონებებით, მეგობარი გოგონა, კომკავშირელი, სტუდენტი, სპორტსმენი, 17 წლის  გულნარა ჯანგავაძე და მისი ზედმეტად ცელქი, 13 წლის პატარა ძმა ბონდო მოგლიჯა ახალი წლის მზადებით დაკავებულ მშობელთა მზრუნველ ხელებს. შემოაპარა ბიბლიოთეკაში და ახლა, მათთან ერთად გააგრძელა რეპროდუქციებში  ჩახატულ სამყაროებში მოგზაურობა… უ ს ი ნ დ ი ს ო… კიდევ კარგი, ეყო კომკავშირული შეგნება, მაგრამ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, გველის ტყავის ყდა, ბიბლიოთეკის გარეთ არ გაიტანა და სისხლის სამართალთან კონფლიქტში არ მოვიდა…

მოკლედ, ამ ცელქობით გართულებს, თავზე დაადგა შედარებით შეგნებული, გედეონ ხვედელიძე, რომელიც გოგონას (გულნარას) მშობლებისთვის სასურველი საქმრო ყოფილა…  მართალია ისიც უკანონოდ შემოიპარა ბიბლიოთეკაში, მაგრამ შეეცადა უკვე გადარეული ახალგაზრდების სოციალისტურ რეალიზმში დაბრუნებას. (გედეონი, 25 წლის გახლავთ და სახელმწიფო ბანკში მუშაობს, კომკავშირის მდივნად)… თუმცა უშედეგოდ. სამწუხაროდ, ცოტა ხანში, გამოუცდელობამ, და ნორჩმა ასაკმა თავისი ქნა…  ამ წყეული გველის ტყავით მოხიბლული, თვითონაც ჩაერთო  თანამედროვე მოქალაქისათვის გამხრწნელ და არაჯანსაღ პროცესებში…

ორი-სამი ექსპერიმენტის შემდგომ, რაღაც დაემართა გედეონს… თითქოს  შუბლზე  კომკავშირული ძარღვი გაუწყდა… გ ა დ ა ი რ ი ა… საუბედუროდ, იპოვა კარლ მარქსის ბიოგრაფია, ამ გენიალურ პიროვნებას, ამხანაგ კარლს შეუძვრა სამუშაო კაბინეტში და ხელი შეუშალა ახალი, დიალექტიკურ მატერიალიზმში უფრო საინტერესო კვლევების  შემუშავება-შექმნაში… მეტსაც გეტყვით, ლამის შეაყვარა თავი ლიდია ბერნს და ეჭვით გათანგულ, მის სახელოვან ქმარს, ფრიდრიხ ენგელსს საერთოდ აუბნია გზა-კვალი… ბოლოს ისე გათავხედდა, რომ საკუთარ შრომებში ჩაფლულ ამხანაგ ლენინს, ცხელ ჩაიში მარილს უყრიდა, რის გამოც ბელადს ნადეჟა კრუპსკაიასთან დაუძაბა ურთიერთობა და ხშირი კონფლიქტები დაეწყო. ვეჭვობ, რომ ამხანაგ ლენინს სწორედ ამის მერე შეერყა ჯანმრთელობა და ის, ნერვიული, დაძაბული და დაბნეული გახდა….

ამ რია-რიაში იყვნენ, რომ ერთ კვირიანი დასვენების წინ, მიმდინარე სამუშაოების შესამოწმებლად, შემოიარა თქვენის დაქვემდებარებაში მყოფმა, იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსმა, ანგელინა (შემოკლებით ანგელა) პეტრეს ასულმა ბერჟემ, თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ქეთევანით… ნანახითა და გაგონილით, ჯერ აღშფოთდა და დააპირა მილიციის გამოძახებაც, მაგრამ მერე როცა საქმის ვითარებაში ძირფესვიანდ გაერკვა… მანაც, ამ წყეული გველის ტყავით მოჯადოებულმა, გადაწყვიტა 1924 წელს დახვრეტილი ბაბუმაისის (მამამისის სიმამრის) საბჭოთა წყობილებისაგან დამალული, საოჯახო ოქროულობის საგანძურის ადგილმდებარეობის გაგება…ამ მიზნით დააპირა ყდის დროებით სახლში წაღება… ასეც მოიქცა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ამ საგანს უნიკალური და ჯადოსნური ძალა მხოლოდ საჯარო ბიბლიოთეკის და კერძოდ, იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსის სამუშაო კაბინეტის კედლებში ჰქონდა…

ამიტომ, ქალიშვილი ყოფილ ქმარს და ნადედამთილ-ნამამათილს მიატოვა, თვითონ კი საოჯახო ალბომით ხელმდაშვენებული სასწრაფოდ უკან, ბიბლიოთეკაში დაბრუნდა…

ამის მერე დაიწყო თუ დაიწყო…

აქ ყოფნის გამოცდილებამ დამანახა, ამხანაგო სანდრო, რომ გონებაში უაზროდ ბევრი ინფორმაციის დაგროვებამ, იძულებით კარჩაკეტილობამ, სამყაროს შეცნობის დაუოკებელომა  წყურვილმა, და ჯადოქრობამ, წამის მეასედში შეიძლება აქციოს, რაციონალური, ინტელექტუალი ქალბატონი, ავანტურისტ ალქაჯად, რომელიც მის წინ არსებულ ყველა მორალურ ბარიერს სპობს და მოწყურებული ბეჰემოთივით ეწაფება სურვილების ასრულების მომწამლავ წყაროს… ანუ მოკლედ, რომ ვთქვათ ანგელინა  გ ა მ ო დ უ რ ა ქ დ ა.

პატივცემული დურაქი ქალბატონი. დურაქების დედოფალი. დრუაქებს შორის ყველაზე დიდი დურაქი.

ჩემს განრისხებას, მომავალი კომუნისტისთვის შეუფერებელ გამონათქვამებს და ქართველი კაცისთვის არმიღებულ დამოკიდებულებას, აქვს ძალიან ბევრი საკმაოდ საფუძვლიანი და სამართლიანი მიზეზი…

კიდევ რაები ქნეს ამ არასერიოზულმა, გადარეულმა და გველის ტყავის ჯადოსნობით დამთხვეულმა ხალხმა, მერე მოგიყვებით.

უბრალოდ მზარავს, როცა წამით დავფიქრდები და გავიაზრებ, თავისი ამბიციურობით და გაუფრთხილებლობით – განათლებას, კულტურას, მეცნიერებას, ხელოვნებას, იდეოლოგიას, სოციალისტურ რეალიზმს რამოდენა ზარალი მიაყენეს… ჯერ კოდევ ვერ მიპატიებია, მათთვის გოგოლის “მკვადრი სულების” მეორე ტომის მოპარვა და გაუფტმანის, თითქმის დამთავრებული რომანის დატოვება, ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტას” ტრამვაიში, აივენჰოსთვის გაფუჭებული ძეხვის შეპარება, რის გამოც ეს გმირი რამოდენიმე დღით გამოთიშეს ძირითად სიუჟეტს და მის ძებნაში, ჭკუიდან გადასული უოლტერ სკოტი იძულებული გახდა, ბუნების დეტალური და მოსაწყენი აღწერით შემოფარგლულიყო… იცით, რატომ ვერ ძღებოდა ალექსანდრე ტოლსტოი?  მაპატიეთ, მაგრამ ჯერ ამ საიდუმლოს გამხელისთვის, თქვენც კი არა ხართ მზად…

რომ იცოდეთ, რამდენი ზესაიდუმლო ინფორმაცია, მკრეხელურ – უხერხული დეტალი გაიგეს და ამის გამო, კიდევ რამდენი სხვა უპასუხისმგებლო, ცინიკური საქციელი ჩაიდინეს?! გაგიჟდებით!

…ამედია, ამის თქვენთვის პირადად გოყოლის შესაძლებლობა კიდევ მომეცემა, და ყველაფერს დაწვრილებით მოგასხენებთ…

ან, ძველებურად მეორე უფრო სრულფასოვანი მოხსენებით ბარათს მოგწერთ… ეეეჰ!

…დავუბრუნდები 1954 წლის 7 იანვარს…

ანგელინამ, ჩემთან რამოდენიმე საათიანი ენერგიული და აქტიური ურთიერთობის შემდეგ გაარკვია, რომ ბოლო წიგნი 1943 წელს მქონდა წაკითხული და ეს, იყო წითელი არმიის სამეთაურო კოდექსი… აქედან გამომდინარე, მან დაადგინა, რომ ჩემი განათლება და ინტელექტუალური დონე,  არ იყო საკმარისი მოვლენების ადექვატურ შეფასებისა და საქმეში სრულფასოვნად გარკვევისათვის… ამიტომ, მოიწვია “გველის ტყავის” საბჭო, რომელშიც ჩემს გარდა, შედიოდა ყველა, მათ შორის უკანონოდ “გაცოცხლებული” ლიტერატურული პერსონაჟებიც. ხანმოკლე თათბირის შემდეგ,  მთელმა ამ მოჯადოებულმა “ბანდამ”, ქალბატონის ბერჟეს ხელმძღვანელობით გადაწყვიტა ჩემი გონებრივი მარაგის გამდიდრება და განათლების დონის ამაღლება…

 

 

 

 

1 2 3 4 5 6