მაგრამ, რომ დავფიქრდი თავი გიჟი მეგონა…

მე, რეალური ადამიანი, ჭკუას ვეკითხები ვიღაც ლიტერატურულ პერსონაჟებს?

თუმცა, მერე მივხვდი, ყველა ნაკითხი კაცი ასე აკეთებს და მეც, ხომ მათ “კამანდაში” გავერიე…

კაცური კაცი ხართ, ამხანაგო სანდრო და მიმიხვდებით…

ოდისევსზე ძალიან ვიეჭვიანე და გული ლამის მომიკვდა…

ჰოდა, ამ გულგატეხილობისას, გამოვეპარე ჰომეროსს, წამოვიღე ტყავის რამოდენიმე გრაგნილი და “განძთა კუნძულს” შემოვეკედლე… აქა  ვწერ ამ წერილ-განცხადებას, “ადმირალ ბენბოუს” დუქანში… ბოლომდე ჩავცლი ჯინის ბოთლს,  ჩავდებ მასში ამ ნაცოდვილარს, კარგად დავუცობ თავს, შევირბენ “დიდოსტატის მაჯვენაში”, და სვეტიცხოველთან მტკვარში გადავაგდებ ამ ბოთლს, მერე დავბრუნდები იქ სადაც ჩემი განმანათლებელი, ჩემი ჭკუიდან გადამყვანი, ჩემი ქალი და ალქაჯი, ჩემი სრულყოფილება და სიდურაქე, ხალისობს და ნაღვლობს… ოგიგიის კუნძულზე… და…

…ისე, რომ შეგახსენოთ, ეს ის ადგილია სადაც ონისე (ოდისევსი), თავისებურ ტყვეობაში ჰყავს ნიმფას კალიფსოს, რომელსაც ჩვენი გედეონ ხვედელიძე ეტრფის… ვერაფერი მოვუხერხეთ, ვერანაირად გადავათქმევინეთ, შეუყვარდა რა ქნას…

რაც შეეხება ბონდოს, შერლოკ ჰოლმსაა მიკედლებული, არ ცილდება, სულ ერთად დადიან და თავისუფალ დროს დუეტში უკრავნენ, შალიკო (შერლოკი) ტრადიციულად ვიოლინოზე “უბერავს”, ხოლო ბონდოს კლარნეტი სცოდნია და არიან ასე, გამოძიება, საოჯახო კონცერტი, გამოძიება, საოჯახო კონცერტი…

გულნარა და ფრიდონი, “ალუბლის ბაღში” დარჩნენ, მათ ფირსი და შარლოტა ივანოვნა პატრონობენ, აბა.  შარლოტა პარალელურად გერმანულში ამზადებს ორივეს. ისინი კი, თავის მხრივ, ბაღის მოვლაში ეხმარებიან…

ვიცით, რამხელა პასუხისმგებლობაა და ყველა ძალიან ვნერვიულობთ, ამ ქმედებებმა მსოფლიო ლიტერატურაში რაიმე არ შეცვალოს… მაგრამ, რა უნდა ქნა, ცხოვრება იმისთვისაა, რომ ხელოვნება გამოიყენოს ადამიანმა თავისი თავის პოვნისა და ბედნიერებისათვის და არა პირიქით!..

განცხადებს, ორ ეგზემპლიარად ვწერ… მეორეს, “ჩავირბენ” ილიადაში და იასონს ვთხოვ,  კოლხიდას ნაპირებამდე მოიტანოს, ვიცი, უარს არ მეტყვის… პატივს მცემს, ჩემი ვეტერანობისა და კაპიტნობის გამო… ჰოდა, ეგებ ერთ-ერთმა მაინც  მოაღწიოს თქვენამდე, ამხანაგო სანდრო…

როცა მიიღებთ, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს გულწრფელი მონათხრობი და აღსარება… და კაცურად გამოგოთ.

მოკითხვა ყველას.

პატივისცემით, კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატი, მლესავ-კალატოზი, გადამდგარი კაპიტანი, ინვალიდი, მაგრამ ამჟამად მსოფლიო ლიტერატურულ საგანძურში ჩაკარგული,

გულივერ თეოფილეს ძე ცხელისშვილი.

1745 წელი. 12 მაისი.

(ყოველ შემთხვევაში”ადმირალ ბენბოუში” ეს დროა).”

…აი, ასე უცნაურად და მოულოდნელად დამთავრდა ეს განცხადება. დაბნეული, გაოგნებული და ამავე დროს დაინტრიგებულიც კი ვიყავი. ანგელინას შვილთაშვილს, თამთას ვიცნობდი,  ჩემი ჯგუფელი იყო და ერთმანეთთან მეგობრობაზე მეტი გვაკავშირებდა… თუმცა პირდად ანგელინას შვილს, ქალბატონ ქეთევანს, არასოდეს შევხვედრილვარ…

თვალი მოვავლე სამკითხველო დარბაზს…

დღე ნელ-ნელა გადადიოდა გრილ საღამოში. სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები ცდილობდნენ, ცოდნის კიდევ რამოდენიმე ლუკმის მიღებას და სულ არ აქცევდნენ ყურადღებას, ფანჯრებში შემოჭრილ აყვავებულ ტოტებს, გაზაფხულის მზის წყალობით ამოყრილ ნორჩ ყლორტებს,  ჩიტების მხიარულ ჟღურტულს…

“დღეს არსებობს, ვიდეო, დვდ და სდ დისკები, არსებობს აი-ფონები, კომპიუტერები, ლეპ-ტოპები, კასეტები, ვიდეო და აუდიო ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები… – აღფრთვანებული ვფიქრობდი, და ყურადღებით ვათვალიერებდი წიგნის ყდას, – ჰოდა, რა იქნება, თუკი ამ ჯადოსნურ ტყავში მათ გავახვევთ? ნუთუ ისეთივე ეფექტს მივიღებთ, როგორც ბონდომ მიიღო, როცა რეპროდუქცია ჩადო ამ მისტიურ ყდაში?”

ექსპერიმენტის ჩატარება მომინდა, დაძაბული ვფიქრობდი, სად, როგორ, რანაირად განმეხოციელებინა ჩანაფიქრი… ამ იდეებითა და სურვილებით გართულმა, შემთხვევით სხვა კორიდორში შევუხვიე და აღვმოვჩნდი იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსის კაბინეტთან, ქალბატონ  ქეთევან ბერჟე-მ…ძეს მისაღების წინ.

ამან ძალიან გამაკვირვა, თუმცა იმ წამსვე მივხვდი, რომ ამაში ნამდვილად ერია ბედისწრის ხელი, პირჯვარი გადავიწერე და წიგნით ხელში შევაღე ქალბატონ ქეთავანის კაბინეტის კარი.

იქ, დამხვდა სამოცდაათს მიტანებული სიმპატიური, ცისფერთვალება და კეხ-ცხვირიანი, საოცრი მანდილოსანი,  ბოხი ხმითა და სანდომიანი ღიმილით.

– გისმენთ ახალგაზრდავ! – მომმართა მან და სათვალე გაისწორა.

– ქალბატონი ქეთევან! დედათქვენს ანგელინა არ ერქვა? – პირდაპირ მივახალე და საკუთარი უტაქტობის შემრცხვა, – უკაცრავად, გამარჯობათ!

– დიახ, ბატონო! – კვერი დამიკრა მან, და სკამზე მიმითითა, – დაბრძანდით. რაში გაინტერესებთ?

– მგონი ამას, თქვენს გარეშე ვერაფერს მოვუხერხებ! – ეშმაკური ღიმილით ვუთხარი და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, წინ დავუდე გულივერის განცხადებაზე გადაშლილი წიგნი.

ქლაბატონმა ქეთევანმა დახედა განცხადებას, სწრაფად გადაიკითხა. გაფითრებულმა შემომხედა, მერე ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.

– ამ წიგნის ვეძებ უკვე სამოცი წელია!

– ალბათ, ამიტომაც მოგიტანეთ!

– სანიშნე, ხომ არ გინახავთ?

– როგორც მივხვდი, ვინც წიგნს რესტავრაცია ჩაუტარა, მან სანიშნე, აი, აქ მოაქცია! – ვუთხარი და უკანა ყდა ვაჩვენე, რომლის შიგნით ჭიასავით დაკნაკლილი ამობურცული ადგილი ჩანდა.

– ესე იგი? – მოძალებული ემოციებისგან, ხმა აუკანკალდა ქალს, – ესე იგი, თუკი მას ამოვიღებთ, დედაჩემი დაბრუნდება?

– იმედია!..  – დავუდასტურე და დავამატე, – და ალბათ, ყველაფერი სხვანაირად იქნება!

– რას გულისხმობთ?

– წიგნებში დრო სხვანაირად მიედინება! ალბათ უნდა გაითვალისწინეთ, რომ ის ისევ ოცდაათი წლის იქნება! იქ, როგოც მივხვდი დრო არ იცვლება, თუკი ავტორს არ უწერია, გავიდა ამდენი წელიო!

– ვიცი! ვიცი! – ჩაფიქრებულმა წარმოთქვა და მაგიდას მიუჯდა, შემდეგ საკანცელარიო დანა ამოიღო და ყდაში ჩამალულ ნიშნულს თითებით მოეფერა…

-Suum cuique… (ყველას თავისი…)! – დაამატა ლათინურად და მკვეთრად დაუსვა დანა გაყვითლებულ ქაღალდს. გაჭრილი პირიდან, ცხენის ძუისგან დაწნული თოკი, სწრაფად ამოაძვრინა და შვებით ამოისუნთქა.

– ისაა! ის! – აღფრთოვანებით წარმოთქვა ქეთევანმა, – აი, გაწყვეტილიც!

დამანახა, სანჩო პანსას მიერ გადაჭრილი ადგილი, მერე ფურცლები გადაათვალიერა და იპოვა კუნძულ ოგიგიას აღწერილობა.

– “ცისკარზე, როცა სხივმოელვარე ეოსი ტითონის სარეცლიდან ადგა, რათა უკვდავთა და მოკვდავთათვის სწორად მოეფინა ნათელი, მაღალმქუხარე ზევსის გარშემო შემოკრბენ ღმერთები. ნიმფა კალიფსოს მღვიმეში დატყვევებული, მრავალჭირნახული ოდისევსი გაიხსენა ათინამ”… – ლამის ლოცვასავით წარმოთქვა ქეთევან ბერჟე-მ…ძემ და შეთქმულივით ამომხედა.

სუნთქვაშეკრული ველოდი იმას, თუ რა მოხდებოდა.

– “თვალცრემლიანი ოდისევსი ზღვის ნაპირზე იჯდა. სამშობლოზე ფიქრში ელეოდა მისი დღე და წუთისოფელი. თმამშვენიერ ნიმფაზე მას უკვე აღარ მისდიოდა გული, თუმცა მღვიმეში იძულებით ატარებდა ღამეს მის გვერდით”… – განაგრძო ქალბატონმა, ხელი ჩამჭიდა და ნიშნული თითზე დაიხვია.

იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსის კაბინეტი ზღვის სუნითა და ტალღების ხმაურით ივსებოდა…

 

 

 

 

 

 


1 2 3 4 5 6