აკანკალებული ხმით მომმართავდა გრიგოლ პეტროვიჩ ზაპოიკინი, მის უკან კი აწგარდაცვლილი კოლეგიის ასესორ კირილ ივანოვიჩ ვავილონოვის გულაჩუყებული ჭირისუფალი იდგა და გასუსული უსმენდა ორატორის მომაჯადოებელ ხმას…

მათ შემხედვარეს გამეცინა, და წიგნი სასწრაფოდ დავხურე…  ასე ვთქვათ, მასში აღწერილი ყველა სამყარო უკან მივაბრუნე… მცირედი ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე, მოვქცეულიყავი ისე, როგორც მსგავს სიტუაციაში ნორმალური ადამიანი მოიქცეოდა – სარჩევს გადავხედე… მაგრამ ამ წიგნის უცნაურობები აქაც გაგრძელდა.

სწორედ, იქ აღმოვაჩინე ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული განცხადება.

ის, ხელინაწერი იყო.  უსწორმასწორო, ლაქებიანი ტექსტი მეტყველებდა იმაზე, რომ ავტორი ჩქარობდა, ნერვიულობდა და ამსთანავე, არც ნორმალური, ცივილიზებული საწერი ხელსაწყოებით ჩანდა უზრუნველყოფილი…

გარდა, ამისა ფურცლები( მათი რაოდენობა ოთხ, ცალმხრივად გაწერილ გვერდს შეადგენდა) არ იყვნენ ქაღალდის… კარგად გამოყვანილ ტყავს ჰგავდნენ… არ იკუჭებოდნენ, შეხებისას მეტი  სისქით და ასეთი მასალისთვის დამახასიათებელი სილბილითაც გამოირჩეოდნენ…

განცხადების შინაარსმაც ძალიან გამაკვირვა, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ თქვენგანშიც ისეთსავე ემოციებსა და აზრთა ვაკჰანალიას გამოიწვევს, როგორიც ჩემში გამოიწვია და  სამუდამოდ შემიცვალა ასო-ნიშანთა საშუალებით შეთხზულ თუ აღწერილ სამყაროთა მიმართ დამოკიდებულება…

ბევრი, რომ აღარ ვილაპარაკოთ, პირდაპირ გთავაზობთ მთელს ტექსტს, კორექტივებისა და რედაქტირების გარეშე.

“კარლ მარქსის სახელობის, კავკასიის მუზეუმისა და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს, პოეტს და ღვაწლმოსილ კომუნისტს, ამხანაგ სანდრო ეულს

კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატის, ომის ვეტრანის, თადარიგის კაპიტნის, ინვალიდი (კანტუზია მაქვს მიღებული თავის არეში), სარემონტო სამუშაოების სპეციალისტის, მლესავ-კალატოზის, ჯერ-ჯერობით დაუოჯახებელის, გულივერ  თეოფილეს ძე ცხელისშვილის, რომელიც 1954 წლამდე მუშაობდა და ცხოვრობდა ბიბლიოთეკაში

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მინდა მოგახსენოთ, რომ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ბიბლიოთეკის ერთერთი განყოფილების გამგე ჩამოყალიბებული დურაქია (КРУГЛАЯ ДУРА).

უფრო ზუსტი რომ ვიყო, საქმე ეხება არა ყველა განყოფილების გამგეს, ან საერთოდ განყოფილების გამგეობას, ღმერთმა დამიფაროს (რომელიც დიდ ხანია არ მწამს… მწამს, მხოლოდ კომუნისტური პარტია და მისი იდეალები და ყოველ დღე ვლოცულობ იმაზე, რომ ოდესმე გაერთიანდნენ პროლეტარები ყველა ქვეყნისა და… ქნან თავიანთი საქმენი)

ამიტომ დურაქებს რაც შეეხება, იძულებული ვარ დავასახელო კონკრეტული პიროვნება, ამხანაგი და მგონი პარტიის წევრიც, რომლის სიდურაქის წყალობით, ახლა რამოდენიმე ადამიანი, მოწყვეტილი ვართ სოციალისტურ რეალიზმს და ვიმყოფებით, ლენინური ცნობიერებისათვის მიუღებელ ადგილებში. მე პირადად, ამჯერად ვიმყოფები “ადმირალ ბენბოუს” სახელობის, ეგრეთ წოდებულ მეზღავურთა – გლეხთა და მუშათა სასადილოში…

ერთი, თქვენთვის კარგად ნაცნობი ქალბატონის სიდურაქის გამო, მისული ვარ მორალური და ფსიქოლოგიური დეგრადაციის ზღვარამდე და იძულებულები ვხდებით გავემგზავრო ფრიად საეჭვო საზღვაო მოგზაურობაში, შხუნა “ესპანიოლაზე” (ასეთი იალქნიანი გემია), სადაც დარწმუნებული ვარ, არცერთი პოტენციური ლენინელი არ იმყოფება… და ეჭვიც მაქვს, რომ არც შემდგომ გაიზიარებენ სოციალისტურ იდეებს და არ ცნობენ ინტერნაციონალს… მით უმეტეს, ამ ეპოქაში მიღებული აუცილებელი ატრიბუტი – ღმერთიც კი არა სწამთ… რადგან ჩამოყალიბებული ანტისაზოგადოებრივი ელემენტები არიან, ანუ პროფესიითა და მოწოდებით მეკობრეები ბრძანდებიან…

მაგრამ დავანებოთ ამათ თავი და გადავიდეთ იმაზე, ვინც ნამდვილადაა დამნაშავე და ვინც უნდა დაისაჯოს მთელი სიმკაცრით და “სისტროგით”…

ეს დურაქი გახლავთ, იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსი, მამამისის, აწ გარდაცვლილი არაჩვეულებრივი პიროვნების, პეტრე ადოლფის ძე ბერჟეს მაგივრად ახლად დანიშნული ამხანაგი ანგელინა (შემოკლებით ანგელა) პეტრეს ასული ბერჟე. განათხოვარი (ეგ ეშმაკის ცოდვა ნეტა ვის მოეწონა).

ე.წ. “ეშმაკს”, რაც შეეხება,  მინდა გითხრათ, რომ რაკი ღმერთი არ მწამს, არც “ეს”, ანუ მისი მოწინაააღმდეგე მწამს, მაგრამ, რა უნდა ქნა, როცა არსებობენ ისეთები, როგორიცაა  ა ნ გ ე ლ ი ნ ა.

ქალზე არ მჩვევია ცუდი რაღაცეების თქმა, მაგრამ როგორც კი  მას ვხედავ, წარმოვიდგენ ან მესმის მისი “წიკვინა” ხმა, ძალიან ბევრი ცუდი სიტყვა მახსენდება. მერწმუნეთ, ამხანაგო სანდრო, ჩემი პროფესიიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან  გამომდინარე(ომის ვეტერანი ვარ), არაკულტურული სიტყვების საკმაოდ დიდი მარაგი მაქვს დაგროვილი და თან რამოდენიმე ინტერნაციონალურ ენაზე… არ ვამაყობ ამით, მაგრამ ესეც ხომ ცოდნაა და ამ ცოდნასაც გაფრთხილება და დაფასება უნდა… ამიტომ, როგორც შეგნებული ადამიანი, ვიხმარ მხოლოდ ერთ სიტყვას – ეგ ქალი, ჩამოყალიბებული და სრულფასოვანი დურაქია (КРУГЛАЯ ДУРА).

ანგელინას, ამბიციურობის, კოხტაპრუწკობის, იმპულსურობისა და ზედმეტი ემოციურობის გამო, უმარავი დარღვევა მოხდა. ამ დარღვევებმა კი არა მარტო ჩვენზე, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ, მსოფლიო კლასიკაზეც კი იმოქმედეს.

საშინელება ისაა, რომ საბედისწერო შეცდომებში შეყვანილი იყვნენ არა მხოლოდ  ჩვენ (მე, ფრიდონ გერსამია, გულიკო და ბონდო ჯანგავაძეები, გედეონ ხვედელიძე)  არამედ ისეთი პიროვნებები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, არ არიან სოციალისტურ რეალიზმში შობილნი, აღზრდილნი, და აქედან გამომდინარე ჯანსაღი გონებისა და მოქალაქეობრივი ნებისყოფის მქონე ამხანაგები… თუმცა მაინც პროგრესირებადი პიროვნებები ჩანან… მათში, ჯერ კიდევ ტოკავს  კაპიტალისტური შხამი, მაგრამ ჩემთან ხშირი ურთიერთობისა და შეგონებების წყალობით, გამოსწორებისა და პროლეტარულად სწორად შეგნებულ  გზას  ადგანან და მინდა ამაყად განვაცხადო, რომ ჩვენთვის, ქართული ტრადიციების მოყვარე ხალხისთვის, განათლებული და გაცნობიერებული მოსახლეობისთვის წარმოადგენენ, საკმაოდ ცოცხალ, რეალურ და ხორცშესხმულ პიროვნებებს – ასეთები, არიან პირველ რიგში : ნავსიკაია (ალკინოას, ფეაკბის მეფის ქალიშვილი), აბრახამ ეიბ გრეი (გემის დურგალი), მიშიკო ასტროვი (ექიმი), მშვენიერი დოროთეა (დურაქი ანგელინა კახპას ეძახის ამ მშვენიერ ქალბატონს, რომელთანაც მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს) დულსინეა (გლეხი), ნასტასია ფილიპოვნა ბარაშკოვა (დროებით უმუშევარი), ადამ კოზლევიჩი (მძღოლი), ოდისეი (მოგზაური) და ა.შ…

მერწმუნეთ ანხანაგო სანდრო, ძალიან ძნელია, პრიბებიც არ მიწყობს ხელს, მაგრამ თავდაუზოგავად ვშრომობ დანარჩენების შეგნების ამაღლებისა და კომუნისტური გამობრძმედვის საკითხზეც…

…ისინი თითქოს დიდ და მნიშვნელოვან როლს არ ასრულებენ მსოფლიოს პოლიტიკური ვითარების შეცვლაში და მასების მობილიზაციაში, მაგრამ მათი შესაძლო არასწორი ქმედებების გამო, რომელიც გამოწვეულია ანგელინას გაუაზრებელი და დურაქული ქმედებებითა და რეალობას მოკლებული შეგონებებით, შესაძლოა შეიცვლოს ლიტერატურული პირველწყაროების მნიშვნელობა, სიუჟეტები, გმირთა მიზნები და მიზეზ-შედეგობრივი ვითარებები…

ეს კი უცილობლად სხვა მიმართულებით წარმართავს ჩვენს სათაყვანებელ ბიბლიოთეკაში მოსული მკითხველის ცნობიერებას, რომელიც თქვენი ავტორიტეტისა და მოხლჩაუხრელი შრომის წყალობით, სრული ნდობით შთანთქავს წიგნებში დავანებულ ინფორმაციას, განათლებას, პროგრესს და კეთილშობილ აზრებს…

ვგრძნობ და ვხვდები, დაგაბნიეთ, ამიტომ გადავალ პირდაპირ საქმეზე და მიკიბ-მოკიბვის გარეშე გკითხავთ, როგორც ღვაწლმოსილ კომუნისტს, რომელმაც ბევრი შევიწროება და დევნა განიცადა კომუნისტური იდეალებისა და ლენინურ-სტალინური მიზნების გამარჯვებისა და ხორცშესხმისათვის ბრძოლაში.

ამხანაგო სანდრო, ოდესმე თუ გჯეროდათ ზღაპრების?

რაკი არ ვიცი და ვერ წარმომიდგენია, რა პასუხს გამცემთ – მევე გიპასუხებთ.

მე, პირადად არ მჯეროდა…

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, 1953 წლის  7 იანვარს, ორშაბათს, როცა ახალი წლების მერე გამოვცხადდი სამსახურში, ანუ კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩემი პირდაპირი მოვალეობის, გაჯით ლესვის გასაგრძელებლად, იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსის კაბინეტსა და საცავში ჩამოვედი…

თქვენი, ბრძანების საფუძველზე, ჩემთვის, ბიბლიოთეკის ჭერში გამოყოფილი საცხოვრებელი ფართიდან (რისთვისაც, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ არა თქვენი გულისხმიერება, მე ომის ვეტერანი, კანტუზირებული თავის არეში, შეიძლება უსახლკარო მაწანწალა გავმხდარიყავი… პირდაპირ გეტყვით, გაიხარეთ ამხანაგო სანდრო!!!.. ახლა, კი თქვენის ნებართვისთ, კვლავ დავუბრუნდები ამბავს)… ჰოდა, ჩამოვედი ქვემოთ…

 

 

 

1 2 3 4 5 6