ამისთვის, ამ ჯოჯოხეთის მაშხალამ, გადასაყრელად გამზადებული, დაზიანებული გამოცემებიდან, აარჩია 100-მდე კლასიკური ნაწარმოები და იქიდან, მისი აზრით საუკეთესო ადგილები და ყველაზე მომგებიანი თავები  ერთი ყდის ქვეშ გააერთიანა… ერთ წიგნად აქცია.

“ეს იქნება გულივერ შენი მოგზაურობაო!” – ცინიკურად დაამატა და გველის ტყავში გაახვია იგი…

ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, მამუკას (მუარიციო ოტელოს) და კაკოს (კასიოს) დახმარებით მაიძულა მონაწილეობა მიმეღო მათ მკრეხელურ რიტუალში…

იმასაც მოგახსენებთ, რომ ეს ე.წ. “სახელმძღვანელო”, ჩემი სეხნიის  “გულივერის მოგზაურობით” იწყებოდა.

ანგელინა ბერჟემ ხმამაღლა დაიწყო კითხვა ჯონათან სვიფტის ამ უკვდავი ქმნილების, ჩვენ კი ხელიხელჩაკიდულები ვიდექით და ვუსმენდით მას… ყველა ვგრძნობდით, როგორ ივსებოდა ოთახი აბობოქრებული ოკეანის ხმაურებით და განწირული მეზღვაურების შეძახილებით… კედლები უფერულდებოდნენ და ნისლის ღრუბლებად იქცეოდნენ, წვიმის წვეთები, თუ ტალღების შხეფები  მტკივნეულად გვჩხვლეტდნენ ცივი ქარისგან გათოშილ სახეებზე… ამ დროს, ანგელინამ თითზე დაიხვია ცხენის ძუისგან დაწნული ნიშნული, სამჯერ მოქაჩა და ჩვენი ერთობლივი, ტრაგიკული მოგზაურობაც დაიწყო…. დაიწყო, არა რეალურ, არამედ მსოფლის 100 საუკეთესო კლასიკურ ნაწარმოებიდან ამოგლეჯილ თავებსა და ნაწყვეტებში აღწერილ ისტორიებში, რომელთა უშუალო და უნებლიე მონაწილენი ვიყავით, ვართ და შეიძლება მომავალშიც ვიყოთ, ერთი დურაქი არსების გამო…

“- მსოფლიო ლიტერატურულ შედევრებში მოგზაურობა, ფრიად მოსაწონიაო!” – იტყვის გაუთვითცნობიერებელი ადამიანი…

თითქოს, აქ მართლაც ცუდი არაფერია  –  “ინტელიგენცია, ცდილობს მუშათას კლასი აზიაროს მსოფლიო სიბრძნეს, და ამით, უფრო მეტი ღირსეული და ინტელექტუალი კომუნისტი შესძინოს მსოფლიოს!”… მაგრამ უბედურება ისაა, რომ საჯარო ბიბლიოთეკის,  იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსს, ანგელინა (შემოკლებით ანგელა) პეტრეს ასული ბერჟეს მწერლური ამბიციები, მარტოხელა დედის დარდი, მიტოვებული მეუღლის ტკივილი, გრძელი ენა და უკუდეგანო სიდურაქე აწუხებს… რამაც სამწუხაროდ თავი იჩინა სანჩო პანსასთან, ურთიერთობის დროს.

ეს, მეოცე საუკუნის, თბილისელი ქალბატონი ცდილობდა აეხსნა, მეჩვიდმეტე საუკუნის გაუნათლებელი, ლამანჩელი გლეხისთვის, რომელსაც სიცხისა და დაღლილობისაგან ფეხები ეკეცებოდა, თუ რას ნიშნავს პირადი ჰიგიენა და როგორ, და რატომ მრავლდებოდნენ ბაქტერიები დაუბანელ ადამიანებში, რანაირად ემართებად დიარეა, გასტროინტესტინური ტრაქტის ჩივილები, საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის  ფუნქციურ, აბდომინური ტკივილის სინდრომი, ნაღვლის ბუშტისა და ოდის სფინქტერის ფუნქციური დაავადებები… და ბოლოს,  მთლად უარესი – ანორექტალური შოკი…

ამდენი უცნობი სიტყვებით გაგულისებულმა პანსამ, ვეღარ შეიკავა თავი:

– ვის დაკარგვიხარ, შე უბედურო! აქ რამ მოგიყვანა შე ალქაჯო! – აყვირდა და დონ კიხოტის ხმლის ერთი მოქნევით ლამის  თითზე მიაწყვიტა ყდის სანიშნე, რომელიც ერთადერთი გზა იყო, ჩვენი სოციალისტურ რეალიზმში დასაბრუნებლად…

ანგელინა დურაქის. დურაქების დედოფლის. დურაქებს შორის ყველაზე დიდ დურაქი გამო, ვერ ვბრუნდებით უკან. ჩვენს სანატრელ თბილისში, საქართველოში და შესაბამისად, სარემონტო სამუშაობს  დროულად ვერ ვამთავრებ და აღებულ ვალდებულებას ვერ ვასრულებ, რისიც ძალიან მრცხვენია, და თვალებში პირველ რიგში თქვენ ვერ შემოგხედავთ ამხანაგო სანდრო… და დადარდიანებული, ჭმუნვებ შეპყრობილი, მოგმართავთ ლერმონტოვის “ანდერძის” სიტყვებით:

” ო, როგორ ვნატრობ, პირისპირ/შენთან შეხვედრას ძმაო.

ჩემზე ამბობენ- -„ ამ ქვეყნად/ დიდხანს ვერ დარჩებაო.“…

დედ-მამას ჩემსას შენ ალბათ,/ცოცხალს ვერ ნახავ, თუმცა,

არ მინდა გლოვად და დარდად/ ჩემი ამბავი უთხრა….

მეზობლად ერთი ქალი ჰყავთ,/დავშორდით უკვე წლებია,

იქნებ არც  გკითხოს  სადა ვარ…/უთხარი  რაც სათქმელია,

შეუნიღბავი  სიმართლე,/მის ცარიელ გულს მიანდე,

იტიროს, ცრემლს ვინ დაუთვლის?/ეს მას არაფრად არ უღირს….

შეუნიღბავი  სიმართლე,/მის ცარიელ გულს მიანდე,

იტიროს, ცრემლს ვინ დაუთვლის?/ეს მას არაფრად არ უღირს….”

ცრემლებს ძლივს ვიკავებ, ამხანაგო სანდრო, რადგან ვერ ვხვდები, განცხადებას რატომ გწერთ?

მოგივათ, თუ არ მოგივათ ეგეც არ ვიცი.

ან რომც მიიღოთ, რითი უნდა დაგვეხმაროთ?… თქვენ, ღვაწლმოსილი კომუნისტი, რევოლუციონერი და დიალექტური მატერიალიზმისა და ლენინური პრინციპებით გაჟღენთილი კაცი, ჩვეენ, ზღაპრებსა და მსოფლიო ლიტერატურულ შედევრებში გადავარდნილებს, ჩაკარგულ-გაჭედილებს, რომლებიც ყველაფერთან ერთად გველის ჯადოსნურ ტყავში ვართ გახვეულები და მისტიური აღვირახსნილობის წყალობით ბორკილდადებულნი…

არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი.

თუმცა რაღაც იმედი, მაინც ბჟუტავს მსოფლიო ინტელექტუალური შედევრებით გამდიდრებულ სულში… კლასიკურ ლიტერატურას ნაზიარებ გონებაში…

ამხანაგო სანდრო, კაცის გული, ხომ იცით როგორია, რაც კლავს ის წამლობსო?!

ჰოდა, პირდაპირ გეტყვი – ძალიან გავბრაზდი, როცა დავინახე როგორ ნებივრობდნენ ეს დურაქი ანგელინა და ოდისევსი ზღვის ტალღებში… შეიძლება, ცუდს არაფერს სჩადიოდნენ, ონისე (ოდისევსს ასე ვეძახი) მეძმაკაცება და იცის ჩემი გულის პრანჭვების შესახებ. ვიცი ზედმეტს არაფერს აკადრებს ანგელინას,  მაგრამ მაინც გული მწყდება. თქვენც დაგწყდებოდათ… როცა ქალი, რომელიც გიზიდავს და მოგწონს, სხვა მამაკაცთან, თუნდაც ძმადნაფიცთან, ისე ხალისობს, ისე კისკისებს… როგორც შენთან არასოდეს უხალისია, არასოდეს უცინია…

“შეუნიღბავი  სიმართლე,/მის ცარიელ გულს მიანდე,

იტიროს, ცრემლს ვინ დაუთვლის?/ეს მას არაფრად არ უღირს….”

ქალი, მაინც ქალია. მართალია, მეტყვით, “რომანი, იქ არ უნდა გააბა სადაც მუშაობ, მით უმეტეს უფროსთანო!”, მაგრამ ისეთ სამყაროში, რომელშიც ამ ქალის წყალობით მოვხვდი – თუ ეგ არა ჰქენი, მართლა კაპიკია მაშინ ჩემი კაცობისა და კაცურობის ფასი…

ამხანაგო სანდრო, მომაჯადოა და მომხიბლა ამ დურაქმა ქალმა?!

ზოგჯერ განმაროტოებულს ვუთვალთვალებ, როცა მის გულს კაეშანი მოაწვება, როცა ეულს დაჰბერავს მარტოსულობის ნიავი… და როცა საცალფეხო ბილიკით მიირბენს კლიდს ქიმთან, ზღვას რომ გადაყურებს… ჩამოჯდება და დარდობს.

იცით, რამდენს დარდობს?

თავის, პირმშოს,  ქეთევანს იხსენებს… ცრემლები, ღაპა-ღუპით მოსდის… ისეთი საყვარელია, ისეთი უსუსურია და ისეთი მშვენიერია, რომ მავიწყდება, მისი სიდურაქე… მზის სხივები ოქროსფრად ალდება ამ მშვენიერი ქალბატონის თმებში და ხანდახან ანგელოზი მგონია. ჩემი მფარველი ანგელოზი…

ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ და აღარც კი მახსენდება, რომ  სწორედ მის გამო ვართ ახლა აააქ…  ამ,   ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა შ ი…

მიყვარს!

მიყვარს, მაგრამ მას, ვერ ვუმხელ! ენა მივარდება, როცა მიჩნდება სურვილი, ჩემი გრძნობების დუღილის, ჩემი გადარეული სულის ვულკანურ ამოფრქვევებზე ვუთხრა რაიმე… ვიბნევი, და მხოლოდ სულელივით ვიცინი, ან ვყმუი…

თქვენ კი გეუბნებით – საკუთარ თავზე, საკუთარ სიცოცხლეზე, საკუთარ მეობაზე მეტად მიყვარს!..

…ვცადე, ოდისევსთან დალაპარაკება, მერე ოტელოსგანაც მივიღე რჩევები, ცოლიანი კაცია და მეტი იცის… აქეთ შორენამაც, კოლონკელიძის ქალმაც მირჩია რაღაც-რაღაცეები…

 

 

 

1 2 3 4 5 6