დილის შვიდ საათზე მისულს, იქ დამხვდა დურაქი ანგელინა, რომელიც ლამის ეხუტებოდა, აფრიკული ფერის, უცნაურად ჩაცმულ, მეტსაც ვიტყოდი, მოოქროვილ, ძვირფასი ქვებით მოჭედილ კაბისებ სამოსში გამოწყობილ, მოკლე დაშნით შეიარაღებულ, დადარდიანებულ, ორმეტრიან კაცს… რომელსაც, სახის გამომეტყველებაზე  შევატყე, იძულებით ასმევდა ლიმნიან ჩაის და თხოვდა დაკარგული ცხვირსახოცის ამბავი გულთან ახლოს არ მიეტანა… სამაგიეროდ კი, თქვენთან შეთანხმების გარეშე, პირდებოდა ბიბლიოთეკის დაცვაში მისთვის სპეციალური შტატის დაშვებას და სოლოლაკის ერთ-ერთ კომუნალურ სახლში საცხოვრებლად ოთახს ფუნიკულიორზე ხედით, და დამატებით ლექციების კურსს უნივერსიტეტში… და კიდევ  რაღაც-რაღაცეებს. ეს შავი კაცი კი საპასუხოდ ოხრავდა, ხვნეშოდა და კბილებს ახრჭიალებდა, რითაც ამ სულელ ქალს უფრო მეტად აღაფრთოვანებდა და უსირცხვილოდ აჟუჟნებინებინებდა თვალებს.

მე, როგორც შეგნებული ადამიანი დამხვდურებს მივესალმე.

მამაკაცი წამოდგა და გამეცნო, როგორც მაურიციო ოტელო, ვენეციური ასეულის მეთაური კვიპროსზე… მეც ვუთხარი რომ ვიყავი, კაპიტანი, ომის ვეტერანი, კანტუზიანი და ამჟამად მლესავად ვმუშაობდი…

კაპიტნობისა და ომის ვეტერანობის ამბავმა ძალიან გაახარა და მეგობრულად განაწყო ჩემს მიმართ. კანტუზიამ, კი ლამის სულ მთლად გადარია…

ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ, გახლდით ოდნავ ნამთრალები, ახალწლებ-გადავლილი და ამიტომ,  თან მქონდა ორი ლიტრა ჭაჭა, მჭადები, ჭყინტი ყველი, ნიგვზიანი ლობიო, ღორის მოხარშული ნეკნები, შემწვარი წიწილა, ჩემი სოფლის ტყემალი და შესაბამისად პური…

ჰოდა, ტრადიციულად დავილოცეთ გრძელი სამუშაო დღისა,  ახალი წლის, და პირველი კვირის აღსანიშნავად. ვუსურვეთ ერთმანეთს დამკვრელური შრომის გაგრძელება… და გაცნობის მიზნით გავაგრძელეთ საკვების მიღება და ურთიერთობა, რასაც თან ერთვოდა ტრადიციული ჭრილსითვის დამახასიათებელი, სადღეგძელოები, ალავერდები და ხმადაბალი ღიღინი.

როგორც გაირკვა, ჩემი თანამესუფრე იყო ნამდვილი ოტელო, არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ მის შესახებ დაწერა შექსპირმა… თუმცა, როგორც თვითონ მამუკა (ასე ქართულად გადავუკეთე სახელი) მიმტკიცებდა, ჯერალდო ჩინტიოს მოუგონებია მთელი ამბავი, ხოლო მერე უილიამს მოუპარნიაო…

ჰოდა, ამ სიამტკბილობაში, ორლიტრიანი თითქმის ჩავცალეთ.

ჩვენი საუბარი და ურთიერთობა, ძალიან არ მოსწონდა ანგელინას… და პირველი დაძაბული ურთიერთშელაპარაკება სწორედ მაშინ მოხდა, როცა მანდილოსნების სადღეგრძელო წარმოვთქვი და ყველა ქალს ვუსურვე დაქორწინება, დაქროწინებულებს ბედნიერი ცხოვრება, ხოლო განქორწინებულებს  ჭკუაზე მოსვლა… არც კი ვიცოდი, ანგელინა განათხოვარი თუ იყო… მაშინ გავიგე პირველად… ძალიან მყვირალა ფორმით მომმართა ამ ქალბატონმა და აუგად მოიხსენია ჩემი პროფესია, კანტუზია და ტვინი…

გ ა ვ ბ რ ა ზ დ ი, მაგრამ როგორც თქვენი პირადი კადრი, მაინც თავი შევიკავე!

მაურიციოსაც არ მოეწონა ანგელინას “იაზვობა” და თავხედობა. გადაირია კაცი, დააბრიალა თვალები, დაშნას დაავლო ხელი და ფეხზე წამოდგა… აქ, შეიძლება სისხლიც კი დაღვრილიყო… მაგრამ საბედნიეროდ, საიდანღაც გამოჩნდნენ, ამხანაგები ლევ (ლევანიკო) მიშკინი, ჯიმ (ჯემალიკო) ჰოკინსი, ბაია (ბიანკა, რომელიც მამუკა ოტელოს კარგად იცნობდა), კასიო (კაკო), დეზდემონა (დოდო) და ასევე, ჩემი შეგირდი და დამხმარე მუშა ფრიდონ გერსამია და როგორც შემდგომ გავარკვიე, მასთან ერთად ბრძანდებოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და თანამედროვეები, და-ძმა გულიკო და ბონდო ჯანგავაძეები, ახალგაზრდა კაცი, გედეონ ხვედელიძე… ყველა, ძალიან დაბნეული დაძაბული და ამასთანავე აღფრთოვანებული იყო…

ჭაჭანასვამმა მამუკა-მაურიციომ, კასიო და დეზდემონა ერთად რომ დაინახა, გადაუტრიალდა თვალები, დააღო პირი და :

“მე, თქვენ დედებს…” – დაავლო ხელი ჩემს სამუშაო იარაღს ნიჩაბს და გამოუდგა მათ…

იქ, ამბავი ატყდა?!

მოკლედ ბევრი, რომ არ დაგაბნიოთ… ზედმეტი წვრილმანებისა და მხატვრულ-ლიტერატურული ლაბირინთების გარეშე მოგიყვებით მხოლოდ ფაქტებს…

1952 წლის 31 დეკემბერს დავამთავრეთ მუშაობა, შემოსასვლელის კედელი და მარჯვენა მხარე შევლესეთ, ისიც დიდი ვაი-ვაგლახით… ეს ჩემი შეგირდი ფრიდონი, ძალიან უხეირო ბიჭია, როგორ რუსები იტყვიან – “РУКИ, НЕ ОТТУДА РАСТУТ”-ო. მის გამო ბევრი რამ ვერ მოვასწარით. კარგა გვარიანად ვიყავი გრაფიკს ჩამორჩენილი… დაღლილ-დაქანცული, კი წამოვედი ჩემს სხვენში მოსასვენებლად, მაგრამ ძალიან დარცხვენილი და გულნატკენი. ფრიდონს კი სინდისმა შეაწუხა და იმის მაგვირად, მშობლებთან ერთად გაეტარებინა ახალი წლის დღეები,  უკან ბიბლიოთეკაში მობრუნებულა. გადაუწყვეტია, ჩემთვის საჩუქარი გაეკეთებინა… ანუ მოუნდომებია, იმის გამოსწორება და შეკეთება, რაც მისი უნიათობის გამო, ვერ მოვახერხეთ…

მისთვის დამახასიათებელი ფეთხუმური “მუშაობის” დროს, რაც გულისხმობდა ყველაფრის უკუღმა და უჭკუოდ კეთებას, გათბობის რადიატორის ადგილას, ფანჯრის რაფასა და  კედელს შორის,  აღმუჩენია რკინის პატარა კარადა-სამალავი… სადაც  თურმე, ხის მოჩუქურთმებულ ყუთში, გველის, თუ ნიანგის ტყავისგან დამზადებული წიგნის ყდა ინახებოდა…

თითქოს არ უნდა მიექცია ყურადღება ამ საგნისთვის, რადგან მისი საქმე კედლების ლესვა იყო და არა საიდუმლო სამალავებში ძრომიალი… მაგრამ, როგორც უგზო-უკვლოდ ნაკითხ, არ შემდგარ სტუდენტს, და ზედმეტად ცნობისმოყვარე უმიზნო ახალგაზრდას შეეფერება, სწორედ ისე მოიქცა… იქვე, გადასაგდებად გამზადებული წიგნების დასტიდან ერთ-ერთი ამოიღო და მოარგო ნაპოვნი ყდა.

ის, ცოტა დიდი გამოდგა და წიგნი ფაქტიურად ჩაიკარგა გველის ტყავში, მაგრამ აი საოცრებავ. ყდა თითქოს ვიღაცის, თუ რაღაცის ჯადოსნური ნებით დაიჭიმა, დაიგრიხა, დაპატარავდა და წიგნს არაჩვეულებრივად მოეორგო.

ამან ისე გააკვირვა და გახალისა ჩვენი ფრიდონი, რომ ახლა სხვა წიგნი მოიმარჯვა, უფრო დიდი ზომის. იქაც, იგივე მოხდა. ტყავი გაფართოვდა, გაიწელა  და შემოეტმასნა მასზე ორჯერ დიდ ყდას…

მოკლედ, იმის მაგივრად, რომ მეტი აღარ ეფიქრა ამ უცნაურ მოვლენაზე და სასარგებლო საქმის კეთება გაეგრძელებინა… ან, თავის ადგილას დაებრუნებინა ეს უცნაური საგანი, ან მოქცეულიყო ისე, როგორც ნამდვილ კომკავშირელს შეეფერება – კანონის დამცველებისთვის გადაეცა ეს სოციალისტური რეალიზმისთვის გაუგებარი ნივთი… მთელი ღამე სხვა და სხვა წიგნებისა და ჟურნალებისათვის ყდის მორგება-გადაძრობაში გაატარა…

სადღაც, ხუთი საათისთვის (როგორც თვითონ ამბობდა), ბიბლიური რეპროდუქციების ალბომისთვის გადაუკრია ეს ყდა… და უტვინო ექსპერიმენტებით დაღლილი, დილის სხივებით განათებულ ერთ სურათს ჩაჰკვირკიტებია. ფანქრით შესრულებულ გრავიურაზე, გოდების კედელი და მლოცველები იყო გამოსახული… მის ქვემოთ დართული ახსნა-განმარტების კითხვისას, შემთხვევით დაუხვევია თითზე გველის ტყავზე მიმაგრებული სანიშნე, და გაუაზრებლად სამჯერ თუ ოთხჯერ მოუქაჩია ის.. ჰო- და…

აღმოჩენილა გოდების კედელთან…

შემოდგომის საღამოს იერუსალიმის ჰავა საოცრად რბილი და სასიამოვნო ყოფილა. ოდნავ გრილი ნიავი უბერავდა და დღის მანძილზე გამთბარი ქვაფენილიდან მტვერს, კედლის გასწვრივ, პატარა მორევებად ატრიალებდა… მეთვრამეტე საუკუნის ქალაქი თავისებური ხმაურები გამოირჩეოდა. წვრილ-ვაჭართა ყვირილი, ბავშვების სიცილი, ლოთების მხიარულ შეძახილებსა და ვირების ყროყინს ერეოდა. მაგრამ ეს ყველაფერი შორიდან ისმოდა, გოდების კედელთან კი, რელიგიური ფანატიკოსები თავგამოდებით ლოცულობდნენ… იდიშურად გამუდმებით ჩიფ-ჩიფებდნენ, სხეულის რითმული, ენერგიული მოძრაობით სამყაროს მარადიულ რხევას იჭერდნენ და ღვთიურ ტრანსში ვარდებოდნენ…

 

 

 

1 2 3 4 5 6