უილბური რომ დაიძინებდა, ორლა თავთან დაუჯდებოდა და ბიჭუნას დააცქერდებოდა. ბიჭს ზუსტად მისი გოგონას თვალები და ტუჩები ჰქონდა. ხშირად იჯდა ხოლმე ასე, ვიდრე არ დაბნელდებოდა, ვიდრე ქმრის ხმას არ გაიგონებდა, რომელიც სამზარეულოში რაღაცას ჭამდა და მერე საძინებელში გადიოდა, ვიდრე სახლში ყველაფერი არ დაწყნარდებოდა და აღარაფერი აღარ ესმოდა, გარდა ქარისა და ტალღების ხმებისა. მერე წყნარად მივიდოდა კარებთან, აბაჟურიან ლამფას აანთებდა და ზედ დახატულ ყვავილს ააბჟღვიალებდა, მძინარე ყმაწვილს კიდევ ერთხელ გადახედავდა და ოთახს დატოვებდა.

სიამოვნებით დაიდგამდა საწოლს უილბურის ოთახში და ემონტის ნაცვლად, მის გვერდით დაწვებოდა. ბიჭუნაში ჰაერი თითქოს ჩაედინებოდა, ემონტი კი მის მოხელთებას ხრიალით ცდილობდა, თითქოს ნაპირზე გამოგდებული თევზი ყოფილიყო ან ძაღლი, რომელიც  ბუზის დაჭერას ცდილობს. უილბური ძილში იჭმუხნებოდა, რაღაცის დაჭერას ცდილობდა, მუშტებში ცდილობდა იმის მოქცევას, რაც ესიზმრებოდა, ემონტი კი წრიალებდა, კვნესოდა, მძლავრი მდინარის ფსკერზე მოხვედრილი კლდის ნატეხივით იყო. უილბურს სიცოცხლის სუნი ასდიოდა, ემონტს – მიწის, ოფლისა და სიკვდილის.

ორლა ცდილობდა იმის გახსენებას, ბოლოს როდის ჰქონია რამე კაცთან, რომელიც ახლა ტრუსით და წინდებით მის გვერდით იწვა. ზუსტ თვესა და წელსაც კი ნამდვილად ვერ დაასახელებდა, ბოლოს როდის აკოცეს ან მოეხვივნენ ერთმანეთს. იწვა ასე და კაცს შორიდან ათვალიერებდა, მის სველ ხიხინს აყურადებდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ რომ აღმოხდებოდა ხოლმე და იმის მადლიერი მაინც იყო, რომ ნამდვილად იცოდა, ეს კაცი მაშინ რის გამო შეუყვარდა.

ემონტმა ორთავე დას ოთახი იმ სასტუმროში აუღო, სადაც თვითონაც ცხოვრობდა. სეირნობებში წმ. პატრიკის დღე ისე შემოაღამდათ, არც გაუგიათ. დილით ორლას და დეიდრას ბარგი საწოლი-საუზმეს ტიპის ჰოტელიდან წამოიღეს. დებმა თავიანთ მეცენატთან ერთად ძვირფას რესტორანში ისადილეს. მათ მიერ დუბლინში გასატარებლად დაგეგმილი სამი დღე ერთ კვირად იქცა. გალვეიში მშობლებს შეატყობინეს, ფულს ისე კარგად ვანაწილებთ, რომ იმაზე დიდხანს გვეყო, ვიდრე წარმოგვედგინაო. სინამდვილეში კი სხვის ფულში ბანაობდნენ, ემონტის ფულში. ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე სოფლელი ყმაწვილი იქ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა და ორლას და დეიდრეს ძალიან მოსწონდათ მისი დიდების შარავანდედში ნეტარება.

რამდენიმე კვირით ადრე  Irish Times-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც მას ახასიათებდნენ როგორც თავგადასავლის მოყვარულს და ავანტიურისტს, რომელიც ველურ ამერიკაში მურა დათვებს ებრძოდა და მდინარეში მოპოვებულ ოქროს ბანდიტებისგან იცავდა. სტატიის ნახევარი რეპორტიორმა გამოიგონა, მეორე ნახევარი – ემონტმა. სიმართლე იყო მხოლოდ მისი სახელი, წარმომავლობა და ის ფაქტი, რომ ძალიან მდიდარი იყო. მართალია, მას დუბლინის რჩეული საზოგადოება თავის საღამოებსა და ბალებზე არ იწვევდა, მაგრამ ამერიკიდან დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მისი ყოველი გამოჩენა ჭორების და აღტაცებისა და შურის საბაბი ხდებოდა. განსაკუთრებით ქალთა სამყარო იყო მოხიბლული ამ ჭაბუკით, რომლის თვალებშიც ხათრიანობა და ბაქიაობა თანაბრად იხატებოდა, ხოლო არნახული გულუხვობა მას ქალაქის ყველაზე სასურველ სასიძოთა სიის სათავეში უმკვიდრებდა ადგილს.

თუმცა ემონტი დიდად არც ამ თავბრუდამხვევ ზეიმებს  დაგიდევდათ და არც ქალებს. ხშირად მთელ დღეებს თავის ნომერში ატარებდა, გრამაფონზე ფირფიტებს უკრავდა, სვამდა ფრანგულ წითელ ღვინოს, რომლის დაფასებაც ინგლისელმა ლორდმა ასწავლა. მატროსის სიკვდილის შემდეგ განუყრელად თანმდევ  სინდისის ქენჯნას და ნაღველს სასმელში რომ ვერ ჩაახრჩობდა, ამას მრავალი მცდელობის შემდეგ მიხვდა. თუმცა ალკოჰოლი ეხმარებოდა, რომ ბინდის სამყაროში გადასულიყო, სადაც მისი ცოდვები ასე მძიმე აღარ იყო, ხოლო ქვაზე ამოკვეთილი წარწერა „არ იქურდო“ ნელნელა იშლებოდა და უმნიშვნელოვანების ზღვაში ქრებოდა.

ხანდახან ღვინო სრულიად საპირისპიროდ მოქმედებდა, მომაკვდავი მატროსის ხატება სიბნელიდან ამოჰყავდა და ემონტის წინ მთელი ბრწყინვალებით აჩენდა. ღმერთის ცეცხლისმფრქვეველ გაფრთხილებასავით, რაც დაუსჯელი არ დარჩება. ამ დროს ემონტი ძირს დაენარცხებოდა, თუკი უკვე არ ეგდო ხალიჩაზე და იქამდე ქვითინებდა და მოთქვამდა, ვიდრე სასტუმროს დირექტორი პირადად არ მოაკითხავდა. იგი კარს უნივერსალური გასაღებით აღებდა, ასლუკუნებულ სტუმარს დაამშვიდებდა, შალის საბანს გადააფარებდა, ამ დროს კი მისაღების შეფი დერეფანში შეჯგუფებულ ცნობისმოყვარეებს ამშვიდებდა და თავ-თავიანთ ნომრებამდე აცილებდა. საბნისქვეშა სიბნელეში თავშეფარებულ გულამოსკვნილ ემონტს სუნთქვას უწყნარებდა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც ხელზე ხელს უსვამდა. დირექტორის მონოტონური ხმით წარმოთქმული ფრაზები, რომლებიც შეიძლება სულაც საბირჟო შეტყობინებები, ან საბავშვო ლექსები ან ლოცვები იყო, მას დამყოლს და მიმნდობს ხდიდა.

ასე აკრუსუნებული და ალკოჰოლისგან გათიშული ბოლოს და ბოლოს თავს ხალიჩაზე დადებდა და ჩაიძინებდა, ძილში კი კვლავ უაზრო სიტყვები ჩაესმოდა, თუმცა დირექტორი უკვე დიდი ხნის გასული იყო. ამ სიზმრებში სურათები უკუსვლით ტრიალებდა. იწყებოდა აბრჭყვიალებული დინებით და მთვარით განათებულ ყურით. ემონტი ისევ ჩვიდმეტი წლის ბიჭი იყო და სახლიდან გამოსული სანაპიროზე ეშვებოდა. კიდევ ერთხელ ხედავდა ნავს და ნავში მატროსს, კიდევ ერთხელ გადაჰყავდა გონდაკარგული ხმელეთზე. ოღონდ ახლა, სიზმარში კი აღარ ძარცვავდა, არამედ სკივრს ნავში ტოვებდა  და მშობლებს ეძახდა. ექიმიც დროზე მოდიოდა და მეზღვაურს სიცოცხლეს უნარჩუნებდა, ის კიდევ ისეთი მადლიერი იყო, რომ თავის განძს ყველას უნაწილებდა. სიზმარში, ანუ ამ ამბის უკეთეს ვერსიაში, დედამისი არ ხდებოდა ავად იმ დროს, როცა იგი  თავისი სიმდიდრის შესახებ ლეგენდის გამოსაგონად და უცნობის განძის დასასაბუთებლად ამერიკაში იყო. სიზმარში დედამისი არ კვდებოდა უწყინარი ინფექციით, რომლისგანაც ნებისმიერ საავადმყოფოში მოარჩენდნენ,  ფული რომ ჰქონოდა. ამ სიზმრებში იგი ჯერ კიდევ უცოდველი ბავშვი იყო, ბრიყვი და უზრუნველი.

გერმანულიდან თარგმნა

შორენა შამანაძემ

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8