უეცრად უილბური ლორეინსს ნეკა თითზე წააფრინდა და გასაოცარი ძალით ჩაებღაუჭა. ქალს თვალებზე ცრემლი მოადგა. რამდენიმე წუთი ასე იდგა, უხმოდ ტიროდა და ცერა თითს მოცუცქნულ მუშტზე უსვამდა. პაწაწინა თათუნებისგან ცერა თითის განთავისუფლება ქალმა მხოლოდ მეორე ხელის დახმარებით მოახერხა და იქაურობა საჩქაროდ დატოვა.

ვინაიდან ლორეინსის წასვლის შემდეგ ბალიშისპირების ქარგვის ტრადიციის გაგრძელება არც ერთმა ექთანმა აღარ ინდომა, უილბური ბოლო ჩვილი აღმოჩნდა – თანაც განუსაზღვრელი ვადით, – რომელსაც ეს პატივი წილად ხვდა. მის ბალიშისპირზე რომ მხოლოდ “უილბ” იყო ამოქარგული, როგორც ჩანს, არავის აწუხებდა. სან ფრანსში ყველა ასე ეძახდა. უილბი – სახელიც რომ მოკლე ერგო …

ერთ-ერთმა ექთანმა, კერძოდ ედნა პორტერმა, მიზნად დაისახა, რომ უილბურისათვის მატება დაეწყებინებინა. აბანავებდა, გაწითლებულ კანზე პუდრს აყრიდა, გამომწვარ, აქერცლილ ტაკუნებს მალამოთი უმუშავებდა, ჯიუტ თმებს უსწორებდა, რისთვისაც ნერწყვს აქტიურად იყენებდა. ბოთლს დღეში რამდენჯერმე აძლევდა … მის მკერდში, თეთრ კიტელში რომ მკვეთრად გამოკვეთოდა, ჩაკარგული უილბური თავსაც კი  ვერ ატრიალებდა, ედნა კი სუპერტრამპის სიმღერას breakfast In America ღიღინებდა, თან ფრთხილად ანანავებდა.

ედნა რომ აჭმევდა, უილბური ჭერს თვალს არ აცილებდა. აზარტში შესულ ედნას თუ ხანდახან თვალი გაუშტერდებოდა, უილბური დროს იხელთებდა და ქალს წამით მზერას შეავლებდა ხოლმე და მის თვალებში თითქოს ცნობისმოყვარეობა ილანდებოდა. ბიჭს ლორეინსის სახის კლასიკური სილამაზე უკვე დავიწყებოდა. ახლა ედნას მოჭარბებულ მგრძნობელობას, მონანავე სხეულს, ხორცსავსე მკლავებს უნდა გამკლავებოდა. ქალს მოტკბო სურნელი ასდიოდა და სხვა ექთნებთან შედარებით უფრო ბოხი ხმა ჰქონდა. უილბურმა ტირილი იმ დღეს შეწყვიტა, რაც ლორეინსი წავიდა. თითქოს მიხვდა, რომ ამით მაინც ვერაფერს გახდებოდა და იქიდან მოყოლებული ყველა ის ხმაური, ადრე თავისი ტირილით ასე პირწმინდად რომ ახშობდა, მისი ცხოვრების ნაწილად იქცა. ექიმებისა თუ ექთნების ხმები, მოციმციმე ხელსაწყოთა მიერ გამოცემული ბგერები, ლინოლიუმზე რეზინისძირიანი ფეხსაცმლის ხახუნი, ხელსაწყოებით დატვირთული ურიკის შორეული სისინი, კედლის იქიდან ყრუდ გამომავალი სატელეფონო ზარები – ეს ყველაფერი ახალი იყო, მას აბნევდა და აფრთხობდა.

მშვენიერი და დამამაშვიდებელი მხოლოდ ედნას ხმა იყო. როცა ედნა მღეროდა, უილბურს მუცელში სითბო ეღვრებოდა, თითქოს ერთიანად ხურდებოდა. როცა ედნა მას ხელს ღონივრად, თუმცა სიფრთხილით მოავლებდა, – სხვა ექთნებივით გაუბედავად კი არ ირჯებოდა, შიშით რომ კვდებოდნენ, აქაოდა ხელში არ შემომგვემტვრესო, -. ეს უილბურს ზუსტად იმხელა ბედნიერებას ანიჭებდა, რამხელა სიგნალის გაშვების შესაძლებლობასაც მას თავისი მანდარინისხელა ტვინს აძლევდა.

ედნამ განაცხადი ასისტენტის ადგილზე ერთ ახალბედა ექიმთან შეიტანა, საექიმო პრაქტიკას ახლა რომ იწყებდა, დადებითი პასუხიც მიიღო და სან ფრანსის სამშობიარო სახლი დატოვა. ედნას წასვლიდან პირველ დღეებში უილბური გაუნძრევლად იწვა და პლასტმასის ფილებით მოპირკეთებულ ჭერს ასცქეროდა. ედნა ძალიან ენატრებოდა. ეს იმ სევდას არ ჰგავდა, დაბადებისთანავე პირველი ცხოვრებისეული განსაცდელის სახით რომ დაატყდა. მან უბრალოდ დააფიქსირა, რომ რაღაც ისეთი წაართვეს, რასაც მას ვერავინ და ვერაფერი შეუცვლიდა. სხვა ექთნები ზრუნავდნენ მასზე, ზოგი ხმელ-ხმელი და უმკერდო იყო, ზოგიც რბილ-რბილი და ფაშფაშა. ედნასა და უილბურის ურთიერთდამოკიდებულების ამბავი მათთვის ცნობილი იყო და ყველანი ედნას ჩანაცვლებას ცდილობდნენ. მაგრამ რაღაც, რაც შემდეგში უილბურის ქვეცნობიერად ჩამოყალიბდა, ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ მას თავისი სიყვარული რომელიმე ქალზე გაეფლანგა. ისეთ თბილ არსებაზე, რომელსაც მთლიანად მიენდობოდა და თავის სულსა და გულს მას ჩააბარებდა,  თუმცა თურმე მხოლოდ იმისათვის, რომ ერთ დღეს მიტოვებული აღმოჩენილიყო.

2

რა უნდოდათ, რატომ შემაკავეს? რატომ არ მომცეს წასვლის უფლება? თითქმის უკვე წასული ვიყავი. სინათლეში ვიყავი უკვე. სულაც არ ვდარდობდი, პირიქით. დედასთან მინდა წასვლა, დიდი ხანია მელოდება. სულაც არ მიბრაზდება, რომ მოვკალი.

რამდენიმე საათის წინ საავადმყოფოს დერეფანში ვიწექი, ლოგინზე, სასწრაფო დახმარების მისაღებთან. ექიმები  წამლებს ხმამაღლა ასახელებდნენ, უბედური შემთხვევების მსხვერპლი პაციენტები ტკივილისგან ყვიროდნენ. ირგვლივ ხალხი დარბოდა. გარედან დრო და დრო სირენების კივილი შემოდიოდა – ამ დროს სასწრაფო დახმარების მანქანას კიდევ ერთ გასისხლიანებული სხეული მოჰყავდა. სანიტრები და ექთნები საკაცეებს გააგორებდნენ და ლიფტებში უჩინარდებოდნენ. იმ უბედური ხალხის წვეთოვანების პაკეტებს სისხლი გასდიოდა წვეთ-წვეთად, ან ფიზიოლოგიური ხსნარი. ზოგი მათგანი წუწუნებდა, თითქოს ჯერ ვერ გაეგოთ, რა უბედურება დამართვოდათ. ზოგი იქამდე ღრიალებდა, ვიდრე ნარკოტიკით არ გააჩუმებდნენ. ზოგს ისე უმართლებდა, რომ გონებას ჰკარგავდა. თავი სატელევიზიო სერიალში მეგონა. დიდი სიამოვნებით ავიღებდი პულტს და ყველაფერს გავთიშავდი, მათ შორის ჩემს თავსაც.

რას ამომათრიეს წყლიდან? ვინ იყო ის ბიჭი საერთოდ? ვცდილობ, რამე გავიხსენო, მაგრამ არ გამომდის. თავი მტკივა. შეიძლება რამეს დავარტყი, სანამ წყალში ჩავვარდებოდი. მერე ფსკერისკენ წავედი. ამ მოგონებას ახლა უბრალოდ გადავდებ. რა როგორ მოხდა, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. გადავვარდი და ვიხრჩობოდი, მორჩა! ამას ბედისწერა ჰქვია. ამას ვერ გაითამაშებ. საკუთარ სიცოცხლეს, მით უმეტეს, არავინ გარისკავს იმისათვის, რომ   ვიღაცას სიკვდილში ხელი შეუშალოს. ქვემოთ სიწყნარე იყო, ასე მგონია. როგორც მაშინ, აუზის ფსკერზე რომ ვიყავი, ვიდრე ის დამპალი ამომათრევდა, სპორტულები რომ ეცვა.

ვიწექი ასე დერეფანში, სველი ტანსაცმელი მეცვა და მციოდა. პირში მარილის გემოს ვგრძნობდი. მწყუროდა. ვიღაცამ მკლავზე წვეთოვანი დამაბნია  და რაღაც მითხრა, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. მეძინებოდა. სინათლეს ველოდი, მაგრამ საიდანღაც სიბნელე მოვიდა.

ლოგინზე ვწევარ რაღაც ოთახში, ფანჯრებიდან მკრთალი შუქი შემოდის. სველი ტანსაცმელი გაუხდიათ და საავადმყოფოს ხალათი მოუცმევიათ. საწოლთან ექიმი მიზის. ასე ორმოცდაათიოდე წლის იქნება, სათვალე უკეთია და რვეულში რაღაცას იწერს. რვეული მუხლებზე უდევს. მე ჭერში ვიყურები. ჯერ სიტყვაც არ მითქვამს მას შემდეგ, რაც ვიღაცამ ზღვიდან ამომათრია. წყალი მომაწოდეს, ალბათ ეგონათ, რამეს იტყვისო. მე კიდევ ზემოთ ვიყურები, თითქოს შეფითქული ჭერის გარდა სხვა რამესაც ვხედავდე. ექიმი ხმადაბლა მელაპარაკება. ნამდვილად ფიქრობს, რომ შოკი მაქვს მიღებული, ტრამვირებული ვარ, ან რაღაც ეგეთს. არადა მართლა კარგა ხანს ვიყავი წყალქვეშ. ჟანგბადის ნაკლებობას მართლაც შეეძლო ტვინის გარკვეული ნაწილის დაზიანება, დროებითაც და სამუდამოდაც. ჩემს თავს ვეკითხები, რომელი მერჩივნა.

  • იცით, რა გქვიათ? – ექიმი აქცენტით ლაპარაკობს.

მაკდერმოტი-მეთქი, შემეძლო მეთქვა. ეს დედაჩემის გვარია, ვიდრე გათხოვდებოდა. ალბათ შესაძლებელია მეხსიერება დაკარგული გქონდეს და შორეული წარსული მაინც გახსოვდეს. იმას ვხედავ, ბალახით დაფარულ მიწაყრილზე როგორ ვზივარ, რომელსაც წესიერად ბორცვსაც კი ვერ უწოდებ. თუმცა ის აღარ მახსოვს, ზღვაში როგორ მოვხვდი. უილბური-მეთქი, შემეძლო მეპასუხა, თუმცა ხმას არ ვიღებ. ჭერზე ბზარებს ვხედავ, წვრილ-წვრილ, დატოტვილ ხაზებს. ჭერს რუკად წარმოვიდგენ. ერთი დიდი ქვეყნის რუკად, რომელიც სხვა არაფერია თუ არა თეთრი ლაქა. terra incognita, უცნობი ქვეყანა, მდინარეებით მოფენილი. ეს ცოტა ხანს მართობს.

  • გახსოვთ, რა შეგემთხვათ? –

ეს იყო ზღვის ნაპირზე. ნეტა ეს ფაქტია თუ ვარაუდი? ჭერზე მოშავო ლაქას ვეძებ და ზღვად წარმოვიდგენ. ყველა მდინარე მასში ჩაედინება.

  • სად ცხოვრობთ, ამის თქმა შეგიძლიათ? –

უკვე ნერვებს მიშლის. ნუთუ ვერ ხედავს, რომ ზღვისკენ მიმავალ გზებს ვეძებ? სასტუმროში ვცხოვრობ, უეცრად გამახსენდა. ჩემი ოთახი ქუჩის მხარესაა. საწოლის გადასაფარებელს და ფარდებს სიგარეტის სუნი ასდით. ვიღაც ხუმარას ბიბლიაში პორნოგრაფიული სურათი ჩაუწყვია. ყვავილებიანი შპალერია, ყვავილები ცისფერია, შეიძლება ყვითელიც. მაგრამ ხმას არ ვიღებ. არც არასდროს ამოვიღებ.

ექიმი მიხსნის, სად ვარ. დრო და დრო თავს დავუქნევ ხოლმე, არ მინდა შემატყოს, რომ არ ვუსმენ. ბოლოს წინ დაფასავით რაღაცას მიდებს, რომელზეც ფორმულარია მიმაგრებული. მეუბნება, რომ თუ აქ დარჩენა მინდა, თანხმობაზე უნდა მოვაწერო ხელი, კალმისტარს მაწვდის და მეც მითითებულ ადგილზე ხელს ვაწერ. ალბათ რაღაც ხელშეკრულებაა, რითაც ვადასტურებ ასტომიანი ენციკლოპედიის გამოწერას, ან ჩემი სხეულის გაყიდვას, ან იქნებ ჩემზე ახალი მედიკამენტების გამოცდის უფლებას ვიძლევი. ჩემთვის სულერთია. ხელს ისე ვაწერ, როგორც ამას ექიმი ჩემგან მოელის – მექანიკურად, გაუცნობიერებლად… ეს მოკლე, კლაკნილი ხაზი ჩემი მჭვუნვარე სულის სეისმოგრამაა, რომლის გარჩევაც შეუძლებელია. ექიმი ათვალიერებს, რა ქნას, აღარ იცის, იმედგაცრუებულია, მიღიმის, მემშვიდობება და გადის.

 

1 2 3 4 5 6 7 8