ალის კრანგჰენკმა ვერ შესძლო იმ კაცისთვის სახეში შეხედვა, რომელმაც მას ბავშვი წაართვა. ასე იჯდა საწოლ ოთახში, ლოგინზე, თავშესაფრის მთავარი შენობიდან ცოტა მოშორებით მდებარე თავის ბინაში, ჭმუჭნიდა მატყლის ხელთათმანს, უილბურს რომ მოუქსოვა და აშტერდებოდა კედელზე დამჩნეულ ლაქას, კედელზე ახლახანს მინარცხებულმა ყავის ჭიქამ რომ დატოვა. ტაქსის ხმა რომ გაიგონა, ლოგინზე გადაემხო, მუხლები აიკეცა და ატირდა.

სწორედ ასეთ მდგომარეობაში იპოვა ქმარმა ორი საათის შემდეგ. უილბური უკვე აეროპორტის გზას ადგა.

როცა სლიგოში ჩასული ემონტი ორიოდე მგზავრთან, პირველ რიგში კი ამერიკელ ტურისტებთან ერთად მატარებლიდან გადმოვიდა, თავისი ფესვების მოსაძებნად დუბლინიდან ჩრდილო-დასავლეთ ამერიკამდე რომ გაგრძელდა, ჯერ კიდევ არ თვლიდა თავს გამარჯვებულად. არც მაშინ უგრძვნია არაფერი, როცა თავისი ცოლი დაინახა, ავტობუსით ხანგრძლივ მგზავრობას რომ არ მორიდებოდა და შვილიშვილის დასახვედრად ამ სიშორეზე წამოსულიყო. უილბურმა თავშესაფრიდან წამოსვლისთანავე ღრიალი რომ მორთო, დუბლინამდე აღარც გაჩერებულა. ერთიანად გაწითლებული და გაოფლიანებული სლუკუნებდა. ირლანდიის ჰაერი მოხვდა თუ არა, მაშინვე დადუმდა, რაც ემონტმა იმის ნიშნად ჩათვალა, რომ ბიჭმა იცოდა, თუ სად იყო მისი ადგილი.

ავტობუსში ემონტმა თავის ცოლს კალთაში ჩაუდო ნეილონის ქსოვილგადაკრული კალათა, რომელშიც უილბური იწვა. ეს კალათა ლოურენს კრანგსჰენკმა სულ ძალით გამოატანა. ემონტს მგზავრობის დამთავრება უხაროდა და ხელს არ უშვებდა ჩემოდანს, სადაც სვიტერში გახვეული ურნა ეგულებოდა,  მორენის ფერფლით სავსე ურნა. ორლამ უამრავ სახვევსა და საბანში შეფუთული ბიჭუნა გახსნა, შამოწმა ჩვრები, ბავშვს ბოლოს კანადის თავზე ‘aer lingus’-ის სტიუარდესამ რომ გამოუცვალა, თან განუწყვეტლივ ეფერებოდა და ეალერსებოდა თავის ახლადშეძენილ განძს. მთელი გზა სიყვარულით სავსე მზერა არ მოუცილებია, ვიდრე ავტობუსი კინდრუმში, სოფლის მოედანზე არ გაჩერდა.

პირველი, რაც უილბურმა თავის ახალ სამყაროში დაინახა, გალავნით შემოსაზღვრული სივრცე იყო. თუ არ წვიმდა და ძალიან არ ციოდა, უილბურს მოასფალტებულ მიწაზე დაფენილ მატყლის საბანზე დასვამდნენ ხოლმე, სადაც სამზარეულოს კარიდან მოხვდებოდი. როგორც ამბობდნენ, გაულესავი კედლები იმ ფლიგელს ეკუთვნოდა, რომლის აშენებაც გადადეს ან გადაიფიქრეს. ამ კედლების ჩრდილში ორი ხის სკამი, ნაგვის ვედრო და შავი ველოსიპედი იდგა, კუთხეში ბრეზენტგადაფარებული, დამტვრეული ტორფი – ზამთრის სათბობი მარაგი – ეწყო. ამ საბანზე ისწავლა უილბურმა ხოხვა და ბარბაცით სიარული.

უილბური ახლა ამ საბანზე იჯდა, ორივე ხელით ხის ვირს ჩაბღაუჭებოდა,  კედელს შესცქეროდა, ზღვას რომ უფარავდა და მას ელოდებოდა. ესმოდა სასიამოვნო შრიალი, ტალღები რომ ნაპირს ეხლებოდნენ, დროდადრო თოლიებიც აყივლდებოდნენ,  ქარსაყოლილები კედელს თავზე მოექცეოდნენ და უილბურს ენახვებოდნენ. პირველ კვირებში უილბური მათ დაჭერას ლამობდა ხოლმე, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ამაოდ ირჯებოდა და შეეშვა. ამის ნაცვლად, ხის ვირს გადაეკიდა და ასფალტზე იმდენ ხანს არახუნებდა, სანამ ნესტოები და დრუნჩი პირწმინდად არ წაუცვითა.

როცა ის ბოლოს და ბოლოს მოვიდა, უილბურმა სიხარულისგან ვირი რამდენჯერმე ჰაერში აისროლა, თან ტაში შემოსცხო. ორლამ ბავშვი აიტაცა და სამზარეულოში გაიყვანა, კალთაში ჩაისვა. თან აჭმევდა და თან განურჩევლად ყველაფერს უყვებოდა: წიგნში წაკითხულ ისტორიებს, საგაზეთო განცხადებებს, ანეკდოტებს, ჰოროსკოპებს, ამინდის პროგნოზებს, მეზობლებში თუკი რამე მოხდა: ვინ დაქორწინდა, ვინ დაიბადა, მხოლოდ გარდაცვალებას არ ახსენებდა. წერტილ-მძიმეს გარეშე ლაპარაკობდა, სიტყვები პირიდან ისე უცვიოდა, თითქოს ლამობდა, რომ ბავშვისათვის, რაც შეიძლება მოკლე დროში, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მიეწოდებინა, თითქოს ესეც საკვების ნაწილი ყოფილიყოს.

ორლა მაკდერმოტს სამოცდაორი წლის ასაკშიც კი ეტყობოდა, რომ ერთ დროს ძალიან ლამაზი ქალი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამ გადაკარგულში, კინდრუმისგან ოც კილომეტრში და ზღვამდე ერთი ხელის გაწვდენაზე, არავინ იყო ისეთი, რომელიც მის შავად მოციმციმე თვალებსა და ვნებიანად მომრგვალებულ ტუჩებს დააკვირდებოდა. არც მისი თხელი, ჩამოქნილი თითები ხვდებოდა ვინმეს თვალში, მძინარე სინაზეს რომ ინახავდა, არც მაღალი ღაწვები, რომლებზედაც თმის ბეწვის სისქის უამრავი ნაოჭით დაღარული, ნამზეური კანი გადაკვროდა.

ადრე გალვეიში რომ გაივლიდა, კაცები ქუჩაში ჩერდებოდნენ ხოლმე.  ზამბარასავით მოჭიმული იყო, სახეზე ისეთი ღიმილი ჰქონდა ხოლმე, თითქოს ერთდროულად იმათაც დასცინოდა, ვინც მას თავხედურად თვალს არ აშორებდა და იმათაც ამხნევებდა, ვინც მას მორცხვად შესციცინებდა. დედის მხრიდან ესპანელი იყო და მის ოჯახს ორი თევზსაჭერი გემი ჰქონდა, რომელთაც ”ალიკანტე” და ”გალვეის მშვენება (გრაცე)” ერქვათ. ორლას ოჯახიდან სამი მამაკაცი, – ბიძამისი და ორი ბიძაშვილი, – ზღვამ წაიყვანა, სანაცვლოდ კი მათ გემებს მუცლები თავისი საგანძურით – მოფართხალე ვერცხლით – ამოუვსო. თევზჭერით შემოსული ფული ო’ლირისებს თავზე არ გადასდიოდათ, თუმცა იმდენი კი იშოვეს, რომ  უფროსი ქალიშვილი სასწავლებლად ინგლისში გაეშვათ.

ორლას მამას, რომელიც ზღვაზე გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ ხელებზე საპონს საათობით ისვამდა ხოლმე, რათა თევზის სუნი როგორმე მოეშორებინა, ის რომ სცოდნოდა, რომ ორლა ინგლისში მიღებულ ცოდნის გამოყენებას სხვა არაფერში აპირებდა, გარდა იმისა, რომ დედამისს კროსვორდების ამოხსნაში დახმარებოდა, მას თავიდანვე თავის დუქანში ჩაკეტავდა, რომლის დახლსუკანაც ორლა თავს სავსებით ბედნიერად გრძნობდა. მამა თვლიდა, რომ ეს ღვთით ბოძებული ნიჭისა და შესაძლებლობების გაფლანგვაა, ცოდვადაც კია, როცა მისი ინტელიგენტი ქალიშვილი სკუმბრიასა და ვირთევზას ყიდის, ნაცვლად იმისა, რომ პარიზსა თუ ლონდონში ისწავლოს. ორლა რომ ტურისტებს ფრანგულად დაელაპარაკებოდა, ან კლიენტს აუხსნიდა, რომ თევზის ერთ-ერთი სახეობის აღმნიშვნელი სიტყვა ‘თუნუსი’ ბერძნული thŷnnos-დან მოდიოდა, მამამისი თავს მოწონებით კი დაუქნევდა, თუმცა სიხარულის ღიმილსაც ვერ იკავებდა იმის გამო, რომ მისი საყვარელი ქალიშვილი უკვე შინ იყო და არა ინგლისში. ახლა ალბათ ცოტა ხნით დაისვენებსო, ფიქრობდა და აინტერესებდა, აწი რას იზამს, კვლავ წიგნებში ჩარგავს თავს თუ მკვდარი თევზების გროვაშიო.

ორლა ახლა უილბურს იმ ორი ცხვარის ამბავს უყვებოდა, ბორანიდან წყალში რომ გადაცვივდნენ და ქალთევზებად გადაიქცნენ, როცა სამზარეულოში ემონტი შევიდა. მისალმების ნიშნად რაღაცა ჩაიბურტყუნა, თერმოსიდან თავის შავ ფინჯანში ჩაი გადმოისხა და სამზარეულოს ნიჟარას მიყრდნობილმა ხმაურით შესვრიპა. უილბურს ეს ხმა ეზიზღებოდა. იმიტომ ეზიზღებოდა, რომ საშინლად ჟღერდა და იმიტომაც, რომ ეს ორლას გაჩუმებას მოასწავებდა. ამ პირქუში მამაკაცის გამოჩენა, ტორფისა და სველი ქსოვილის სუნი რომ ასდიოდა, ნიშნავდა ბგერათა იმ ნაკადის შეწყვეტას, რასაც უილბური ასე თავდავიწყებით უსმენდა და რაც მას ყველანაირ ტანსაცმელსა თუ საბანზე მეტად ათბობდა. საერთოდ რატომ იყო ეს გოლიათი აქ, რა უნდოდა, მასსა და ორლას შორის რატომ ეკვეტებოდა? ვინ იყო ეს მთა, დალევისას ისეთ ხმებს რომ გამოსცემდა, თითქოს პირში ქაღალდები ეფხრიწებაო. რისი გამკეთებელი იყო საერთოდ, გარდა ხრუპუნის, ქსუტუნის და ჩუმად ყოფნისა?

ემონტ მაკდერმოტი ჩვიდმეტი წლისა და ოცდასამი დღის იყო, მისი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ რომ შეიცვალა. იგი თავისი მშობლიური სახლის სახურავქვეშ იწვა და ცდილობდა წარმოედგინა, რა იქნებოდა, ნიუ-იორკში რომ ეცხოვრა და სახლის მშენებლობაზე დამხმარედ ემუშავა. ეს სახლი იმსიმაღლე იყო, რომ ღრუბლიხვეტიას ეძახდნენ. ფოსტის კურიერისგან იცოდა, რომ ახალ ქვეყანაში ღონიერ მამაკაცებს ეძებდნენ, თან რომ არც თავბრუხვევა აწუხებდათ და არც ცასა და დედამიწას შორის გამოკიდულ ფოლადის წვრილ ძელზე ბალანსირება გაუჭირდებოდათ. კვირეთა მანძილზე სწავლობდა ემონტი სიმაღლის შიშის დაძლევას, დაცოცავდა ხეებზე, იყურებოდა რიფებიდან უფსკრულში. სულ ცოტა ხნის წინ იყო სწორედ, მეზობლის ბეღლის თავზე, სახურავის კიდეზე ხელგაშლილი რომ დადიოდა და პატრონმა ძირს ჩამოაგდო.

ემონტს არ უნდოდა მამამისივით და ბაბუამისივით მთელი ცხოვრება ცხვრების მწყემსვაში გაეტარებინა. ამ ბრიყვი, აქოთებული ცხოველის დანახვაც აღარ შეეძლო, არ უნდოდა მათი დევნა ნისლში, ბორცვებზე მათთან ერთად ფხოკიალი ან წვიმის დროს ბუჩქებში თავის გადაფარება. ეზიზღებოდა ცხვრის ხორცისგან გაკეთებული კერძები, ეზიზღებოდა მატყლის სვიტერები, რომლის ბეწვები ჰაერს უხშობდა და ახრჩობდა. თანაც ერთად რომ აკიკინდებოდნენ ხოლმე ბრიყვულად, ეკლესიის წინ შეკრებილი დედაბრებივით. არ უნდოდა, რომ ამ არსებებთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე გამოკეტილი, მათი ქონით ნაკვები და მათ ბეწვში გამოხვეული ერთხელ მთლიანად მათ დამსგავსებოდა. ნიუ-იორკში უნდოდა წასვლა, ატლანტიკის გადალახვა და იქ ახალი ცხოვრების დაწყება, თანაც ამას რაც შეიძლება მალე აპირებდა, პირველივე გემით.

ამაზე ფიქრობდა ემონტი, როცა სანაპიროდან ყრუ გრუხუნი და დარტყმის ხმა შემოესმა. ერთხელ, მეორედ, მერე კი ეს ხმა უკვე ტალღების ტაქტში მეორდებოდა. ხე რომ ქვაზე ეცემა, იმას ჰგავდა, ყრუ ბგერა იყო, ცარიელი კასრი ან უპატრონო ნავი უნდა ყოფილიყო. ემონტი ადგა და ფანჯარასთან მივიდა. ზღვისკენ რომ გადაიხედა, ქარმა მთვარეზე შემოხვეული რამდენიმე ღრუბელი გადარეკა. ზღვის უბე სცენასავით განათდა. გამორიყული ნავი ქვა-ღორღში ცხვირით შესობილიყო, კიჩოს კი წყლის მოქცევა კლდეზე მოკლე-მოკლე ინტერვალით ახეთქებდა. ემონტმა ფანჯარა გამოაღო და თავი გარეთ, სიცივეში გაჰყო. მთვარის შუქი ჰაერს წითლად ავარვარებდა, ყველა საგანს აბუნდოვანებდა. ემონტმა ნიჩბებიან კანჯოში ადამიანის ფეხები გაარჩია – შავი შარვალი და თეთრი ფეხსაცმელები. კაცი უგონოდ იყო გაშხლართული. ემონტმა ფანჯარა მიხურა, ტანთ ჩაიცვა, ჯიბეში ჯაყვა დანა ჩაიდო და სახლი უჩუმრად დატოვა.

ემონტს ჩექმები, უხეში ქსოვილისგან შეკერილი შარვალი ეცვა, ხელში მისი მტრების ბეწვისგან ნაქსოვი ჟილეტი ეკავა – ასე გაიარა სანაპირომდე ორმოცდაათი მეტრი. სანამ ნავამდე მივიდოდა, პირჯვარი გადაიწერა. იმ კაცს სახეზე რომ დახედა, არც ახალგაზრდა მოეჩვენა და არც ბებერი. უცნობს შავი შარვლი და ცისფერი პულოვერი ეცვა, ზემოდან მწვანე ქსოვილისგან შეკერილი, გაჭუჭყიანებული და შეტრუსული ქურთუკი შემოეცვა. უფრო ახლოდან რომ დააკვირდა, ცხვირში ნავთისა და ბოლის სუნი ეცა, უცნობს რომ ასდიოდა. ემონტმა კაცი ხელში აიყვანა. გასაოცრად მსუბუქი ეჩვენა და ნავიდან იქითკენ წაიყვანა, სადაც ქვიშის სანაპიროს ჯერ მაგარღეროიანი ბალახი ცვლიდა, მერე – ღრმულებიანი, ქვებით და ქვის ნატეხებით მოფენილი მდელო, და იქ დააწვინა. ყუთი მხოლოდ მაშინ  შეამჩნია, როცა ნავი წყლიდან ამოქაჩა და რაც შეიძლება ზემოთ აათრია, სადაც მას მოქცევა ვეღარ მისწვდებოდა. მერე გონწასული უცნობის გვერდით ჩაიმუხლა, გაჭვარტლულ სახეზე ხელი ყოყმანით შეახო, მკერდზე ყური დაადო და გაიგონა, გულის ფიცარი ოდნავ შესამჩნევად როგორ ადი-ჩამოუდიოდა. სიხარულისგან ფრთაშესხმული, რახან ცოცხალი დაიგულა, დამხმარის მოსაყვანად სახლში გავარდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8