ეიდანის ცოლმა მეზღვაურისთვის თავშესაფრის მოწყობა ემონტის გვერდით მოინდომა – გადახურულში, რომელსაც იატაკი თიხის კი არა ფიცრის ჰქონდა და არც ჭუჭრუტანებიდან უბერავდა. იქამდე მისასვლელად არც ტალახიანი მდელოს გავლა იყო საჭირო, თანაც ადამიანების აშენდა და არა პირუტყვისათვის. თუმცა მისმა ქმარმა სხვანაირად გადაწყვიტა და ქალიც აღარ შეკამათებია. ნუალა მაკდერმოტი პატარა, ჩუმი ქალი იყო, უპრეტენზიო და მუშა. მოთხოვნების წამოყენება აზრად არასდროს მოსვლია. სურვილის ქონა მედიდურობად და თავხედობად მიაჩნდა. მისთვის ახალი ქოთანი ბედნიერება იყო, ბატის ბუმბულისგან შეკერილი  საბანი – ციური ნეტარება. ქმრისგან განსხვავებით, უცნობის მიმართ უნდობლობას კი არ გრძნობდა, არამედ ცნობისმოყვარეობას. როცა გორაკზე იდგა და გემებს გაჰყურებდა, ცდილობდა წარმოედგინა, რა ელოდათ ამ ადამიანებს მგზავრობის ბოლოს. არა, მათთან ერთად გემბანზე დგომა და იმის ლოდინი სულაც არ უნდოდა, არიქა ხმელეთის ნაწილი, მათი სამშობლო, ნელ-ნელა როდის გამოჩნდებაო. ამისათვის გამბედაობა არ ყოფნიდა, სურვილი ბოლომდე ვერ ჩამოეყალიბებინა. უფრო მეტად განაგონით და ფანტაზიით ნაკვები ოცნებებით იყო გატაცებული, გული უთრთოდა, როცა უცხო ქვეყნებზე, ადამიანებზე, ცხოველებზე ფიქრობდა, რას აღარ წარმოიდგენდა ხოლმე, არადა ამ დროს სამზარეულოში იჯდა  და ოჯახის კაცებისთვის კარტოფელს თლიდა. იცოდა, რომ მის გარეშე. ორივე დაიღუპებოდა.

ახლა კი იმას ცდილობდა, რომ ბეღელში ავადმყოფი რაც შეიძლება კომფორტულად მოეთავსებინა. მიუხედავად ეიდანის თავშეკავებული პროტესტისა,  პატრიკის ოთახიდან საბანი წამოიღო, რათა გაყინული ავადმყოფისთვის გადაეფარებინა. სუფი გააკეთა. ჯამის ძირში სტაფილო და კარტოფილი ელაგა, რა თქმა უნდა, ცხვრის ხორცის ნაჭრებიც, ზედაპირზე ქონის რგოლები ბრწყინავდა. მაგრამ მატროსი, რომელიც ამასობაში გონზე მოსულიყო, ჭამაზე უარს აცხადებდა. იწვა ჩალაში, ბამბის საბანზე, ჭუჭყიანი თითებით, რომლებიდანაც დამწვარი კანი ცვიოდა, ლამაზ საბან ჩაფრენოდა და ისე ახველებდა, რომ მთელი სხეული ეკრუნჩხებოდა. პირიდან ჭვარტლიანი ნერწყვი გადმოდიოდა, ცრემლებს ერთვოდა და ჭუჭყითა და ნაცრით დაფარულ სახეს უღარავდა.

  • ეს მოკვდება -, თქვა ეიდანმა, თან თავის ცოლს შეხედა, რომელიც იმ კაცს

შუბლს თითქმის ნაზად უწმენდდა, ზღვამ მაინცდამაინც ამ ყურეში რომ გამორიყა.

  • ამას ღმერთი გადაწყვეტს -, თქვა ნუალამ. – და კიდევ ექიმი.

ექიმმა, რომელიც ემონტმა ლაზარეთად გადაკეთებულ ბოსელში სამი საათის შემდეგ მოიყვანა, დახედა მატროსს, გამოუწერა ერთი ბოთლი ხველების საწინააღმდეგო ელექსირი და დამწვრობის მალამო, ერთი ფუნტი დამარილებული ცხვრის ხორცი გასამრჯელოს სახით აიღო და გზას უკან, რატმულანისაკენ გაუყვა. ავადმყოფთან რაც შეიძლება მეტი სუფთა ჰაერი უნდა შემოეშვათ, რაც ძალიან ადვილი იყო – ბოსელს კარი საერთოდ არ ჰქონდა -,  თბილად უნდა ჰყოლოდათ და წვნიანებით მოეძლიერებინათ.

მეზღვაურის გამოკვება ემონტს დაევალა და ისიც ამ წუთიდან მოყოლებული მთელ დღეებსა და ნახევარ ღამეებს იმაში ატარებდა, რომ ის მოკლე პაუზები, როდესაც მის პაციენტს არ ეძინა და არც ახველებდა, გამოეყენებინ და მისთვის ერთი კოვზი წვნიანი მაინც გადაეყლაპებინა. ემონტის მამამ მატროსს, მისი სადაურობის გასაგებად, ჯიბები გაუსინჯა და კომპასი, ერთი კოლოფი ასანთი, ტყავის ქისა, რაშიც თამბაქო და ქაღალდი იყო, რამდენიმე უცხო ქვეყნის მონეტა, წერილი და გასაღები უპოვა. ახლა ყველაფერი მორზე გაემწკრივებინათ და გასაღების ყოველ დანახვაზე ემონტს სინანულის  ტალღა უვლიდა, ამის გაკეთება წუხელის როგორ ვერ მოვიფიქრეო.

მშობლები ბჭობდნენ, ნეტავ ეს რისი გასაღებიაო. მათი შვილი კი ჭარხალივით გაწითლებულიყო და ერთმანეთზე უარეს აბსურდულ მოსაზრებებს გამოთქვამდა. როცა მატროსს მოუსვენრად და ფილტვების ხრიალით ჩაეძინებოდა, ემონტი ხელში წერილს იღებდა და ისე დასჩერებოდა, თითქოს საკმარისად დიდხანს თუ ჩააშტერდებოდა, ამ მკრთალი, ლურჯი ბარათის საიდუმლოს გაიგებდა, ან ამ ჩაღვარჭნილ და ჩამარყუჟებულ ასოებს რამეს გაუგებდა.

ხანდახან მატროსი თვალებს გაახელდა, ჰაერს ეძებდა, რაღაცის თქმას ცდილობდა, სიტყვებს ნაწილ-ნაწილ ამოთქვამდა, თან ჭვარტლიან ქაფს აყოლებდა, სასოწარკვეთილი რაღაცას ითხოვდა. ხელებს აღმართავდა, აქეთ-იქით იქნევდა,  ჰაერში რაღაცის მოხელთებას ცდილობდა, თან საწყალობლად ზმუოდა, მერე ხელებს ისევ დაუშვებდა, ძალაგამოცლილი ატყობდა, რომ ხველების ახალი შემოტევა ეწყებოდა. მოკლე-მოკლე პერიოდულობით ახველებდა, მერე ახრიალდებოდა და გონდაკარგული უკან გადავარდებოდა, თითქოს თავს საშინელი სიზმრები დაატყდაო.

ემონტს ამ ნახევრადმიცვალებული მატროსის ყველაზე მეტად მაშინ კი არ ეშინოდა, როცა ის მოფხიზლდებოდა ხოლმე, არამედ მაშინ, ციებ-ცხელება რომ შემოუტევდა და ბოდვას რომ იწყებდა ხოლმე. გამურულ თავის ქალაში სურათები ერთმანეთს აწყდებოდა, აცახცახებულ ქუთუთოებში გუგები ტრიალებდა… შიშისგან თავზარდაცემული ემონტი სანაპიროსკენ გაექანებოდა და ფილტვებს ზღვის ნესტიანი ჰაერით ისე აივსებდა, რომ ნეკნები აუტკაცუნდებოდა ხოლმე. გულში ჩხვლეტებს გრძნობდა,    ჰორიზონტს გასცქეროდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა იმ ტრაგედიაზე, რაც სულ ცოტა ხნის წინ გათამაშდა.

ვერ ხედავდა, თუ როგორ მოასხა ნავთი ქერათმიანმა მატროსმა გემის სატვირთო განყოფილებას, როგორ გაჰკრა ასანთს და ცეცხლმა როგორ იფეთქა. როგორ ცდილობდა ხელში აეყვანა და იქაურობისთვის მოეშორებინა ძაღლი, გემის „Pride of Durban“ თილისმა, გემის ტრიუმში რომ აედევნა. ძაღლი კი ყეფს და ხელიდან უსხლტება, თამაში ჰგონია და როგორ ისე დასდევს ძაღლს, თითქოს სადაცაა ცეცხლი არ იფეთქებსო, როგორ ეძახის, როგორ გაჭირვებით დაძვრება უზარმაზარ ხის ყუთებს შორის, ბოლისგან თითქმის სულ დაბრმავებული როგორ დარბის ამ ლაბირინთში, ალისგან უკვე გვარიანად შეტრუსული ძაღლის ყეფას უკან როგორ იტოვებს და რკინის კიბეზე როგორ მიცოცავს, მერე მაშველ ნავში ჯდება, სადაც უკვე დილიდანვე ჩაუდევს ყუთი, ნავს წყალში უშვებს და როგორ კანკალებს ცალკე სიცივით, ცალკე კი საკუთარი საქციელით შეძრწუნებული. როგორ ტოვებს გემს და მასთან ერთად თავის ამხანაგებს, რომლებიც მხიარულად იყვნენ, როცა მას ნოსტალგია ტანჯავდა და დასცინოდნენ, როცა ცოლის მონატრებისგან ტიროდა…. რომლებმაც სამალავიდან ერთი წერილი მოპარეს და ერთმანეთს გადასცემდნენ, ამხანაგები, რომლებიც თან ეზიზღებოდა და თან მათთვის ლოცულობდა იმ დროს, როცა ისინი მთვარის შუქით განათებულ სიკვდილის გზას უნდა გაჰყოლოდნენ.

მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ გაბედა ემონტმა უკან, იმ კაცთან, დაბრუნება, რომელიც გაძარცვა. იგი ხანდახან ისე შეხედავდა ხოლმე, რომ ემონტს წამით გული გადაუქანდებოდა, ნეტა ხომ არ ხვდება რამესო. მერე იჯდა ემონტი კუთხეში და ფიქრობდა, ნეტა რა მოხდება, თუკი მატროსი გამომჯობინებინდება და თავის განძს მოითხოვსო.  მას ხომ აუცილებლად ქურდად შერაცხავდა და თითქმის უკვე განხორციელებულ ოცნებას ამერიკაზე დაუმსხვრევდა. ემონტი თავს იმით იწყნარებდა, რომ უცნობმა არა მარტო გემი, არამედ მეხსიერებაც, შეიძლება გონებაც კი, დაკარგა. შეიძლებოდა, სკივრის შესახებ   საერთოდ არაფერი იცოდა და გასაღების დანახვაზე კი ისიც სხვებივით საგონებელში ჩავარდნილიყო.

შიშისა და სინდისის ქენჯნისგან მთლიანად რომ არ გაგიჟებულიყო, ემონტმა მეორე ღამეს ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა, რომ ამ საცოდავი, პატრიკის საბანქვეშ მოკრუსუნე და მოწრიალე არსების არ უნდა შინებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მატროსი გამოჯანმრთელდებოდა და ყველაფერს გაიხსენებდა, სკივრის ამბავში მაინც არაფერი შეიცვლებოდა – გაუჩინარდა და მორჩა. მატროსი ოქროს ხსენებას ვერ გაბედავდა და თავის გზაზე წავიდოდა. სადმე ნახავდა ისეთ გემს, რომელსაც ეკიპაჟის შევსება სჭირდებოდა. ნაკლებად წარმოსადგენი იყო, რომ მეზღვაური თავისი განძის დასაბრუნებლად ძალას გამოიყენებდა, რადგან რევოლვერისა და ტყვია-წამლის ადგილსამყოფელი მხოლოდ ემონტმა იცოდა.

ორლამ ტრიალი შეწყვიტა და ზღვას გახედა. ზურგით მკერდზე აკრული უილბურისათვის ორივე ხელი შემოეხვია და ათბობდა. იდგა ასე და თავისთვის ღიღინებდა. ხანდახან თავის თავს ეკითხებოდა, ნეტავი მათი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა ის და მისი და წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად მაშინ დუბლინში რომ არ გამგზავრებულიყვნენ… ოღონდ გალვეიში არ წასულიყვნენ და სადაც გინდა, იქ ყოფილიყო. ამ მაღალ, სიმპათიურ ყმაწვილს რომ არ გადაყროდნენ, ვის შესახებაც ირლანდიის გაზეთები წერდნენ და რომელმაც მას ხელი ისე დაავლო და საცეკვაო მოედანზე ისე გააპორწიალა, ვითომც აქაც არაფერიაო. ნეტა ახლა სად იცხოვრებდა, ან ვისთან ერთად, მაშინ ეს ყმაწვილი რომ არ შეყვარებოდა, რომელმაც ამ მუსიკითა და სიცილით სავსე დღეს იგი ისე დაატყვევა, რომ დეიდრე სულ გადაავიწყა. უმცროსი და მხოლოდ რამდენიმე საათის მერე გაახსენდა. სწორედ ეს ყმაწვილი დაეხმარა მის მოძებნაში, პარკში სკამზე ჩამომჯდარი რომ იპოვეს. დები ერთმანეთს გადაეხვივნენ და ატირდნენ, მერე კი გაიცინეს, მთელი ღამე სიცილ-სიცილით დახეტიალობდნენ, გალვეელი ლამაზი გოგოები და მამაკაცი, რომელსაც თავისი ბედნიერება ამერიკაში ეპოვნა.

ქარი მოძლიერდა და ისე აცივდა, რომ გარეთ ყოფნა აღარ ღირდა. ორლა სახლში შებრუნდა. მისი ქმარი შიგნით, ცეცხლთან იჯდა და გაზეთს იმ დღეს უკვე მეორედ კითხულობდა, ოღონდ ახლა ბოლოდან თავისაკენ. იმის მიუხედავად, რომ დილით უკვე გადაკითხული ჰქონდა, ყველა სტატიასა და სულ პატარ-პატარა შენიშვნებსაც კი ისევ თავიდან კითხულობდა, თითქოს შეიძლებოდა რაღაცა გამორჩენოდა, ან იქნებ ისეთ ფარულ გზავნილს ან შეტყობინებას ეძებდა, საიდანაც ბოლოს და ბოლოს რაიმეს გაარკვევდა. ამ დროს საერთოდ არ აინტერესებდა არც ის, ირგვლივ რაც ხდებოდა, ან სპორტი, ეკონომიკის საკითხები კი მთელი გულით ეზიზღებოდა.

ეს ხელმეორედ წაკითხვის ჩვევა ემონტს ამერიკაში ყოფნისას დასჩემდა, როცა უკვე მან, თითქმის 20 წლის ასაკში, კითხვა პირველად ისწავლა. ორლა ამას ჯერ უცნაურობად აღიქვამდა, მერე ახირებად, ბოლოს კი დეფექტად. ახლა კი უკვე მისთვის სულ ერთი გამხდარიყო. ხანდახან თავს შეეკითხებოდა, ნეტა ეს ჩემი ქმარი რას შვება, რაიმე ყოველდღიურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს თუ ნელ-ნელა გიჟდებაო.

მატროსმა ჟესტებით ქაღალდი და კალმისტარი მოითხოვა და აკანკალებული თითებით რაღაც დაწერა, სულ რამდენიმე ხაზი მიბღაჯნა. მერე სამი დღის განმავლობაში, ნაშუადღეობით წერა წინადადებები უხეშ ქაღალდზე, ყოველ სიტყვაზე  ისეთი ხველა უტყდებოდა, რომ წერას აწყვეტინებდა, ორი-სამი ხაზის შემდეგ კი ძალა ისე ეცლებოდა, რომ ფანქრის ნალევჩაბღაუჭებული სულ ერთიანად წყდებოდა და აღარც დაძინებული ეთქმოდა და აღარც გულწასული.

 

1 2 3 4 5 6 7 8