მესამე დღეს, როცა მის ხრიალსა და ჩურჩულს გამოქცეული ემონტი წყალთან იდგა და ფილტვებში ჰაერს იგროვებდა, მატროსმა აკანკალებული ხმით რაღაც წარმოთქვა და გათავდა. ემონტის მშობლებმა ვერ გადაწყვიტეს, მკვდრისთვის რა მოეხერხებინათ და თავიანთი შვილი ექიმის მოსაყვანად კიდევ ერთხელ გააგზავნეს, რათა ამ ამბისთვის ხელი მას მოეკიდა.

ორი დღის შემდეგ, რომელთა განმავლობაში ნაცრისფერ ბამბის საბანში გახვეული და წვიმისგან დასაცავად ფიცრებწაფარებული გვამი ბეღლის გვერდით, სიბნელეში ესვენა, ფერმაში ერთი უჟმური ჩინოვნიკი გამოცხადდა, რომელმაც საბუთი შეადგინა. ექიმმა საბუთს ხელი მოაწერა, ეიდან მაკდერმოტმა ცერა თითით ანაბეჭდი დაუსვა და ამით უცნობის დაკრძალვის ნება გაიცა.

კიდევ ორი დღის შემდეგ ზღვაში გავიდა თევსაჭერი კუტერი, რომლის ბორტზეც იმყოფებოდნენ: გემის სამკაციანი ეკიპაჟი, ემონტი თავის მშობლებთან ერთად, ზღვის ავადმყოფობით გატანჯული მოძღვარი და მკვდარი მატროსი. ფერმიხდილმა მღვდელმა ბორძიკით წაიკითხა რამდენიმე წინადადება ბიბლიიდან, მერე ყველამ პირჯვარი გადაისახა და ქარში ”ამინ” წაიბუტბუტეს. დამშეული თოლიები ამაოდ ელოდნენ, იქნებ ჩვენც რამე გვერგოსო. ნაცვლად ამ ყოვლად გამოუსადეგარი ფრინველების გახარებისა, თეთრ ქსოვილში გახვეული, ფიცარზე დადებული გვამი კაპიტნის შვილებმა ასწიეს და აქაფებულ ზღვაში ჩაასრიალეს.  გვამი წყალში ჩავარდა და მაშინვე ამოყურყუმალავდა, თუმცა მალე ისევე ჩაიძირა. ემონტმა გვამს ფარულად გასაღებიც მიაყოლა, როგორც ჩუმი მოკითხვა, უტყვი მობოდიშება.

ბოსელი ცხვრებს დაუბრუნდა, საბანი – პატრიკის ლოგინს, სადაც მისი ადგილი იყო, ხოლო ნავი, რომელმაც მატროსის გადარჩენა ვერ შეძლო, ემონტის მამამ ერთ მეზღვაურს მიჰყიდა. ეს ფული კაპიტნისა და მისი ვაჟების გასამრჯელოს, ზღვის ფსკერზე განრთხმული სუდარის გასტუმრებას და კინდრუმის ერთი ციცქნა კაპელაში სანთლის დანთებას დასჭირდა. ცოტა მორჩათ კიდეც და იმით ახალი ქოთანი იყიდეს.

ნაცრისფერ ბამბის საბანს კიდევ რამდენიმე ხანს ხედავდნენ მახლობელ სანაპიროზე, რომლის დაწვაც ემონტს ევალებოდა მამამისის თქმით. მაგრამ ემონტმა ეს საბანი ნაკადულში გარეცხა, ტოტზე ჩამოკიდებული გააშრო და მაჩვის სოროში გადამალულ სკივრთან შეინახა. ხანდახან, როცა სინდისის ქენჯნა ისე შემოუტევდა, რომ სული ეხუთებოდა, საბანს გამოიღებდა და ზღვის თავზე წამომართულ კლდეზე აიტანდა. ზედ წამოწვებოდა, ცაში აიხედავდა  და ხელის გულებს უხეშ ქსოვილზე უსმევდა, თითქოს ახლა იმის გაკეთებას ცდილობდა, რაც მანამდე არ უქნია. მან ხომ მომაკვდავ მატროსს ხელი ჩაავლო, ამოათრია და დააწვინა, საკვებიც მისცა. თუმცა მის მზერას თვალს არიდებდა, მისი ეშინოდა, ადამიანურად არასდროს შეხებია.

მას ჭამისთვის ზუსტად გამოყოფილი დრო არ აჰქონდა. ორლა ზრუნავდა იმაზე, რომ საღამოობით ქურაზე ცხელი საჭმელით სავსე ქვაბი მდგარიყო. ემონტი იქიდან კერძს მაშინ ამოიღებდა, როცა მას მოუნდებოდა. რაც უილბური გამოჩნდა, ორლა ბიჭუნასთან ერთად სამზარეულოში სრულიად უჩვეულო დროს გამოჩნდებოდა ხოლმე, რათა ჯამით ფაფა, ბუტერბროტი, თეფშით წვნიანი ან ნაკერჩხლის სიროფიანი ბლინები მასთან ერთად ეჭამა. როცა ბებერი ო’რილი თავისი თევზებითა და კარტოფილის ჩიპსებით სავსე მანქანით ხანდახან მაკდერმოტების სახლამდე გზას დაიგრძელებდა და ქუჩაში დააპიპინებდა, ორლა ერთ პარკს მისგან აუცილებლად  ყიდულობდა. მერე სამზარეულოში მცენარეული ზეთის, თევზის და აგრეთვე იმ სოუსის სუნი დგებოდა ხოლმე, რასაც უილბურისთვის კარტოფილი-ფრიზე და თევზზე  მოასხამდნენ ხოლმე. ბიჭუნა ყველა ლუკმაზე თვალებს ჯერ კიდევ ხუჭავდა და იჯღანებოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ საჭმელი ეზიზღებოდა, არამედ ზუსტად იმ აბსურდული ექსტაზის გამო, რ მსმელებს რომ არყის დალევისას დაჯღანვას აიძულებს.

ჭამის მერე ოთახში შედიოდნენ, რომელიც ორლამ მაშინ მოაწყო, როცა მისი ქმარი უილბურის ჩამოსაყვანად ამერიკაში წავიდა. მან მაშინ მუქმწვანედ შეღებილი კედლები შერეულ თეთრ ფერად გადაღება, იატაკზე რბილი ცისფერი ხალიჩა დააფინა და ახალი განათება დაამონტაჟებინა, ახალი ფარდები შეკერა, რომლებზეც ჭიამაიები დარბოდნენ, ერთი კომოდი, კარადა, პატარა მაგიდა და სკამი  იყიდა, კედლებზე ზღაპრების მოტივებზე შესრულებული რამდენიმე ნახატი დაკიდა, ბოლოს კი თავისი ქალიშვილის ძველი საწოლი თეთრად შეღება და ოთახის შუაში დადგა.

სწორედ იქ იწვა ახლა უილბური, მაძღარი და ბედნიერი და სახე იმ ქალისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც უყვარდა. ორლა პრიალა საწოლის გვერდით, პატარა წითელ სკამზე იჯდა და უილბურს წიგნს უკითხავდა. ამბავი ეხებოდა მეფის ქალიშვილს და მოჯადოებულ ტყეებს, ოქროს ბეჭდებსა და ცხოველებს, რომელთაც ლაპარაკი შეეძლოთ. უილბურმა არ იცოდა, რაზე იყო საუბარი, მაგრამ სახეზე მაინც უსაზღვროდ ყურადღებიანი გამომეტყველება ეკერა.

ემონტს პირი არ დაუკარებია ხორციანი რაგუსთვის, რომელიც ცოლმა ქურაზე დაუტოვა. როგორც ყოველთვის, დღესაც, ნაშუადღევის ჩაის შემდეგ, ორნახევარი კილომეტრი ფეხით გაიარა. თავის ეკლესიამდე მივიდა, რომელიც უფერული ბალახით დაფარული რიფის კიდეზე პირქუში ციხესიმაგრესავით წამომართულიყო. ემონტის ეკლესია, უფანჯრო და უსამრეკლო შენობა, ნაცრიფერი ქვისგან გაკეთებულ, გადმობრუნებულ გემს წააგავდა, ზღვისკენ აშვერილ კიჩოს ქარი ჩალის ღეროსავით რომ ათამაშებს. ამოტრიალებული გემი, უზარმაზარი და პირქუში, ხმაურიანი მოქცევის თავზე აღმართული, რომელიც დაბნეულმა და თავგზააბნეულმა მშენებლებმა ერთხმად მიატოვეს, როცა ემონტმა მათ კარის დაბნევის ნებაც კი არ მისცა. ეს ეკლესია იყო ემონტის შესაწირი ღმერთისადმი, მოსახსენიებელი – დაღუპულის სულისა, საფლავის ქვა –  ცოცხალისა.

საფეხურებს რომ ჩაათავებდა, ბოლოში დამდგარი, აყროლებული წყალი შეეგებებოდა. ემონტი მონანიე ცოდვილივით თავს მხრებში ჩარგავდა და გვირაბს წაკუზული  მიუყვებოდა, რომლის კედლებზე და ჭერზე უხეში, ხავსგადაკრული ქვები მოჩანდა. ბნელ კამარაში წელში ცოტაზე გასწორებული დადგებოდა და საუნთქვაშეკრული ელოდებოდა, ღმერთი როდის დაელაპარაკებოდა.

გრძელ ღამეებში, რომლებსაც ზღვის ხმაურისა და ცხვრის ალაგ-ალაგ წამობღავლების გარდა არაფერი არღვევდა, ემონტი გეგმას ადგენდა. ამ გეგმის პირველი ნაწილი მაშინ შეასრულა, როცა თვრამეტი წლის გახდა. თავის დაბადების დღეზე, საღამოთი, როცა საჩუქრად ტვიდის ქუდი მიიღო და თანაც ამჯერად ცხვრის ხორცის ნაცვლად ხბოს ხორცი მიირთვეს, მან თავის მშობლებს გამოუცხადა, რომ პირველივე გემით ამერიკაში მიემგზავრებოდა. დედამისი ატირდა, მამამისი გაჩუმდა და საზეიმო დღეებისათვის გადანახულ ვისკს დაეწაფა, რის სანაცვლოდაც თავის დროზე გვარიანი ჭედილა ჰქონდა გადახდილი. სასმელმა ენა რომ გაუხსნა, დასწყევლა ატლანტიკის იქით მდებარე ქვეყანა და თავისი ვაჟის ხუშტურები, მერე კი როცა ენა ისე დაუმძიმდა, რომ პირში ვეღარ ატრიალებდა, აბურტყუნდა, გემით მგზავრობა სახიფათოა, არ იცი, რა მოგივა, აი, ირლანდიური გორაკები კი ნამდვილად  სულ ასე იქნება, არაფრით არ ჩაიძირებაო. ბოლოს ისე დათვრა, რომ ჯერ იხვეწებოდა, ემონტი დარჩესო, მოგვიანებით კი აღრიალდა, წაეთრიოს, მშვიდობიან მგზავრობას ვუსურვებო.

ემონტს მამამისის გამოფხიზლებისთვის აღარ დაუცდია. დედამისს მოეხვია, დიდხანს ჰყავდა გულში ჩაკრული და შეპირდა, ერთ წელიწადში დავბრუნდებიო. ჩამოქცეულ ბეღელში რამდენიმე დღის წინ დამალული ფუთა გამოიღო და გაუდგა ბელფასტის გზას. იქ ხუთ კვირაზე მეტ ხანს ელოდა გემს, რომელსაც ახალ სამყაროში უნდა წაეყვანა. ოკეანის გადალახვა რამდენიმე ოქროს მონეტად დაუჯდა, რომლებიც ფეხსაცმელებში ჰქონდა დამალული და ყველა ნაბიჯის გადადგმაზე არწმუნებდნენ, ჩვენ ისევ აქ ვართო.

ნიუ-იორკში ემონტს ცათამბჯენებზე მუშაობა აღარ მოუნდა. მათ შეხედვაზეც კი თავბრუ ეხვეოდა. ერთადერთი, რაც მოახერხა, შენობის ბოლო სართულამდე ლიფტით ავიდა და იქიდან მოწიწებული მზერა სტყორცნა ქალაქს.  რამდენიმე დღეში მან დატოვა ეს ქალაქი, თავისი სიდიდით, ხმაურით, ხალხმრავლობით, ეტლებითა და ავტომობილებით რომ აფრთხობდა და გზას კოლორადოსაკენ გაუდგა. მიდიოდა მატარებლით, საფოსტო კარეტით, ცხენშებმული ურმით, ჯორით და ფეხით, შეიძინა ერთი კარავი, პროდუქტები, ნიჩაბი და ყველაფერი, რაც ამ ველურ მხარეში თავის გატანაში დაეხმარებოდა, ამ ღვთისგან მივიწყებულ ალაგას შეარჩია ერთი ადგილი – დიდი მდინარის უსახელო შენაკადთან, შეძვრა კარავში და დაიწყო იქაურობის შესწავლა, თევზაობა.

ოცდასამი დღე გაჩერდა იქ, იჭერდა კალმახებს. დარწმუნებული იყო, რომ მგლების ხმა მოესმა, დათვებს კი შორიდან მოჰკრა თვალი. ღამღამობით ვარსკვლავებს ითვლიდა და ყველა სიმღერას მღეროდა, რაც კი იცოდა. ყოველდღე ამოიღებდა ხოლმე რამდენიმე ოქროს მონეტას ტყავის ჩემოდნიდან, რომელიც ბრუკლინში ვიღაც იტალიელისგან იყიდა, მათ ჯერ მდინარეში ქვებს შორის ჩააწყობდა, მერე ამოიღებდა, შეამშრალებდა და ისევ ქამარში იწყობდა. ამას ხშირ-ხშირად აკეთებდა და ბოლოს მართლა დაიჯერა, რომ მან ეს თვითნაბადი ოქრო ამ კამკამა ცივ წყალში იპოვა.

ოცდამესამე დღე რომ გათენდა, გამხმდარმა, ჭუჭყიანმა და კოღოებისაგან ერთიანად დაკბენილმა ემონტმა ბარგი შეკრა და უკან, ნიუ-იორკისკენ დაადგა გზას. ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში ლუქსის ნომერი აიღო. ერთი ედინბურგელი უმუშევარი მასწავლებელი მონახა, რომელმაც მას სამ თვეში წერა-კითხვა შეასწავლა. ხოლო ჩაცმა, სუფრასთან მოქცევა, განათლებულ ხალხთან საუბარი ერთმა გაღარიბებულმა ინგლისელმა ლორდმა ასწავლა და თან ზომიერ სმასაც მიაჩვია. ოღონდ ბორდელში ვერაფრით შეიტყუა, სამაგიეროდ თვითონ კვლავ მოუხშირა სიარულს, როგორც კი ამ ყმაწვილის სამსახურში ჩადგა და უხვ გასამრჯელოს ხელი გამოკრა.

ოთხ კვირაში ემონტი უკვე პირველი კლასის ვაგონით ბელფასტისკენ მიემგზავრებოდა. იქ ბანკების დირექტორებთან, პლანტაციების მფლობელებთან და ოპერის მომღერალ ქალბატონებთან ერთად სადილობდა და თავის მოგონილ ისტორიაში მთავარ როლს თავადვე ასრულებდა – ის იყო ვინმე ემონტ მაკდერმოტი, ირლანდიელი, სანახევროდ ბავშვი, რომელმაც კოლორადო რივერზე უზარმაზარი ქონება იპოვა და ახლა სამშობლოს გამდიდრებული უბრუნდებოდა.

ეკლესიის სათითაო ქვებად დაშლა, ამოყირავებული გემის ავბედითი ფიგურის გორაკივით თუ მთასავით წამომართვა – ეს სწორედ ის იყო, რაც მას ღმერთმა დაავალა და ემონტიც შეუდგა მუშაობას, მარტოდმარტო და შიშველი ხელებით, ზუსტად ისე, როგორც ეს მას, ანუ ღმერთს, სურდა. შენობა არ უნდა დაენგრია, მისთვის ახალი ფორმა უნდა მიეცა, ისეთი, რომელიც ზეცასთან უფრო ახლოს იქნებოდა. მუშაობდა ასე, ბებერი მკლავებით, მომჩვარული კუნთებით, რომლებიც რამდენიმე საათში ტკივდებოდა ხოლმე. აღარც შიმშილი ახსოვდა, არც ღრუბლებში დამალული მზით დამუხტული წვიმა აწუხებდა, რომელიც ზღვას თავზე ფუშფუშა სახურავივით ემხობოდა.

ვერავინ ხედავდა ემონტის შრომას. იქაურ მწყემს ან მეთევზეს რომც დაენახა, ემონტი როგორ მუშაობდა, მხოლოდ თავს გადააქნევდნენ, შებრუნდებოდნენ და წავიდოდნენ. ამ ემონტმა საბოლოოდ გარეკაო, იტყოდნენ. მათთვის ემონტ მაკდერმოტი იყო კაცი, რომელიც სანაქებო ქვეყნიდან ორმოც წელზე მეტი ხნის წინ ოქროთი გამოტენილი ჯიბეებით დაბრუნდა, რომელიც აქაურად აღარ ლაპარაკობდა, რომელმაც თავისი მშობლების ქვის სახლის გვერდით ახალი სახლის მშენებლობა წამოიწყო, იმ არემარეში პირველი სახლისა, სადაც ელექტროობა იყო, რომელმაც კონემარიდან უცხო ქალი ჩამოიყვანა. ემონტი, რომელიც თავის არემარეზე ერთ ცხვარსაც კი არ აჭაჭანებდა, უცნაური ტიპი, ქუდბედიანიც და დასტვენილიც ერთდროულად. ემონტი, ეიდანისა და ნუალა მაკდერმოტების ვაჟი, რომელმაც ეკლესიის აგება მოინდომა, მახინჯი, ნაცრისფერშიფერიანი, უფანჯრო, უსინათლო, უღმერთო ეკლესიისა… ამოტრიალებული გემისა, რომელშიც მის გარდა არავინ შედიოდა და რომელსაც ახლა მედგრად შლიდა, წვიმაში წაკუზული, პირგამეხებული და ჭკუადაკარგული.

 

1 2 3 4 5 6 7 8