ძნელია იმაზე უფრო დიდი ტკივილის წარმოდგენა,

ვიდრე უბედურების ჟამს ბედნიერი დროების გახსენებაა.

დანტე, ჯოჯოხეთი

 

 

1

დადგა დღე, როცა მე უნდა მოვკვდე. ალბათ შეეცდებიან, რომ ეს არ დაუშვან, მაგრამ მე უკვე თითქმის მოვკვდი. უკვე შუქსაც ვხედავ, რაზეც ამდენჯერ წამიკითხავს. თბილად ვარ. მინდა მკლავები გავშალო, მაგრამ არ ვიცი, სინამდვილეში მართლა ასე ვიქცევი თუ არა. თმიდან წყალი მომწურწურებს, ერთიანად სველი ვარ, ჩემს ფეხსაცმელებს წყალი გასდის. თვალები მეწვის. ტუჩებს მაგრად ვკუმავ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ მაინც.

წყალს ბავშვობიდან ვერ ვიტან. ერთმეტრიან ფიცარზე ვდგებოდი ხოლმე, თვალებს დავხუჭავდი და ვიდექი ასე.  მასწავლებელი დამიღრიალებდა და მეც გადავვარდებოდი წყალში. ძაღლივით ძლივს ვცურავდი, ამასაც ვერ ვახერხებდი. ახლა, მგონი, ცოტათი კი ავფართხალდი… თუ ჩემ ირგვლივ ამოძრავდა ყველაფერი. დიდი სიამოვნებით დავტოვებდი ჩემს სხეულს. ვერ ვიტან ჩემს სხეულს. სტატიებში წერია ხოლმე, სხეულის ზემოთ დალივლივებსო. შესაძლოა, შენს ცარიელ ფუტლარს უყურებ და სულ არ გენაღვლება, რომ უნდა წახვიდე. მართლა არ მენაღვლება. იმ წუთასვე წავალ, როგორც კი ნებას დამრთავენ.

ერთხელ აუზის ფსკერზე დავეშვი. ისეთი სიწყნარე იყო. აღარც სიცილი მესმოდა, აღარც წამქეზებლური შეძახილები, არც ღრიალი. მასწავლებელმა ამომათრია. ფილტვებში ჰაერს იქამდე მიტუმბავდა, ვიდრე გული არ ამერია. თერთმეტი წლის ვიყავი მაშინ, ჩემზე გამხდარი კლასში არავინ იყო. ამის მერე წყალში ჩასვლა ჩემთვის არავის დაუძალებია. მაგის მერე ცურვა წესიერად აღარც მისწავლია. აბაზანაში ჩაწოლასაც კი ვუფრთხოდი, შხაპის ქვეშაც მეშინოდა ხოლმე, არ დავიხრჩო-მეთქი. სითხეს მხოლოდ საწრუპით ვიღებდი, ხელოვნური ტყავის ბუდით დამქონდა ხოლმე ბოთლი. რახან ჩემს სხეულში სითხე აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო, რაოდენობის გაკონტროლება მაინც შემძლებოდა. ცოცხალი თავით ხიდზე არ გავივლიდი. ძლიერი წვიმა მაშინებდა.

ხომ არ ვიგონებ ამ ყველაფერს? ის ცნობილი ფილმი ხომ არ გადის ახლა ჩემს თავში? ის კადრები, მთელს შენს ცხოვრებას თავიდან ბოლომდე წამებში რომ დაგიტრიალებენ, რა უბადრუკადაც არ უნდა გაგეტარებინა. სრულიად შესაძლებელია, რომ ჩემი ტვინი ამ ავტობიოგრაფიას იგონებდეს, აყალბებდეს. ალამაზებდეს რაღაც დეფექტებს ამატებდეს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ვკვდები.

ვიღაც მეხება, ხელს მიჭერს, არ მიშვებს. ამ დროს მე იქით მინდა, სადაც შუქია. თუმცა უკვე აღარაა ისეთი განათებული… უეცრად შემამცივნა, ამაკანკალა… არ მინდა უკან დაბრუნება, ამ სამყაროში,… სულაც არ მანაღვლებს, თუკი წავალ. აუზის ფსკერზე მინდა ვიწვე და არაფერი მესმოდეს. ირგვლივ წყალი მაკრავს…. მიცავს… მაშინდელივით.

The First Deadly Sin 1

1980

ის რომ იბადებოდა, დედამისი კვდებოდა. ქალს ძალა მხოლოდ საიმისოდ ეყო,  შვილი შვიდი თვე და თერთმეტი დღე მუცლით ეტარებინა, საკუთარი სხეულიდან მისი გამოდევნა კი სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თვალი დედამისმა სამუდამოდ მაშინ დახუჭა, როცა ამან პირველად გაახილა. თითქოსდა დასასჯელად, დედაშენი რატომ მოკალიო, ექიმმა ტაკუნებზე ხელი შემოსცხო. ამან დაიყვირა და პირველად მაშინ ჩაისუნთქა, როცა დედამისმა უკანასკნელად ამოისუნთქა. დედამისი რომ მორგში გადაჰყავდათ, ამას ინკუბაციურ აპარატში ათავსებდნენ. სულ ერთი ციცქნა იყო, წონაც პატარა ჰქონდა. ძალა არ ჰქონდა, თუმცა განუწყვეტლივ ბღაოდა. ექიმები თავს იმტვრევდნენ, ასეთი რა ფილტვები აქვს, ამდენ ჰაერს რომ იტევსო. ექთნები მის დასაწყნარებლად და სანუგეშებლად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, მაგრამ ამაოდ.

ინკუბატორში სულ მარტო იწვა. დანარჩენი ხუთი აპარატი ცარიელი იყო. ბოლო სამი კვირის მანძილზე ყველა მშობიარობა ნორმალურად წარიმართა, თუ არ ჩავთლით მის დაბადებას. გრძნობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, რომ ამ შუშის საცავში არ უნდა წოლილიყო. ამიტომაც ყვიროდა. თან სამყაროც რატომღაც ზედმეტად ნათელი და თეთრი ჩანდა. შუქი მის დახუჭულ ქუთუთოებშიც ატანდა, მთლად თხელი და დანაოჭებული რომ ჰქონდა. ხანდახან თითქოს ბედს ემორჩილებოდა და ჩუმდებოდა. მაშინ შუქიც ქრებოდა. პატარა, მომუჭულ მუშტებს გახსნიდა, შფოთიან ძილში წასულს თითები უცახცახებდა.

ექთანი ლორეინს სადლერი იმ ბავშვების სახელებს, დღის შუქი პენსილვანიის შტატში, ფილადელფიაში, სანტ ფრანსის ჰოსპიტალში რომ იხილეს, თეთრი ბამბის ქსოვილისგან შეკერილ ბალიშისპირზე ამოქარგავდა ხოლმე. გოგონებისთვის ვარდისფერ ძაფს ხმარობდა, ბიჭებისათვის – ღია ცისფერს, რადგან ასეთი ტრადიცია იყო. მშობლებს შეეძლოთ სამშობიაროს მოსაგონრად ბალიშისპირები გაეყოლებინათ. ესეც ტრადიცია გახლდათ.

ექთანი ლორეინსი ოცდაცხრამეტი წლის ასაკში ჯერ კიდევ გაუთხოვარი  იყო, თავის მეორმოცე დაბადების დღეს სრულიად მშვიდად ეგებებოდა. ერთ მოსულელო ლამბრადორთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ბობი ერქვა, აგერ უკვე რამდენიმე წელია ერთ სანიტარს დრო და დრო ხვდებოდა ხოლმე და კიდევ ერთხელ გათხოვებას აღარ აპირებდა. ცხრამეტი წლის ასაკში მასზე ორჯერ უფროს კაცს დაუჯერა, როდეოს მონაწილე ერთ-ერთ კოვბოის,  უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო, რომ უმტკიცებდა და მასთან ერთად საკურთხევლის წინ ამოჰყო თავი. ოცი წლის იყო, როცა ქმარმა მიატოვა, რადგან სხვა ისეთი ქალებიც აღმოჩნდნენ, რომელთა გარეშეც მას თურმე სიცოცხლე არ შეეძლო. თუმცა მალე იგი გამძვინვარებული ხარის წერა გახდა, ლორეინსმა კი მედდის პროფესია შეისწავლა.

თუკი სან ფრანსში უპატრონო ბავშვი გაჩნდებოდა, მისთვის სახელის გამონახვა ექთან ლორეინსს ევალებოდა. ამისათვის ანბანის მიხედვით ჩამოწერილი სახელების სია ჰქონდა შედგენილი და რიგის მიხედვით მიყვებოდა. ამასობაში უკვე ასო უ-ს ჯერი დამდგარიყო და ინკუბატორის პაწაწა ბინადარს, აგერ უკვე თორმეტი დღის მანძილზე განუწყვეტლივ რომ ჩხაოდა, ანარადა ტირილისგან გასავათებული ძილად იყო მივარდნილი, წილად “უილბური” ხვდა. ლორეინსს დედამისი ნანახი ჰყავდა, თუმცა მხოლოდ ერთხელ და ისიც თვალმოკვრით, როცა ნახევრად გულწასულ ქალს სამშობიარო ბლოკისკენ მიაგორებდნენ. ლორეინსმა მისი სიკვდილი რომ გაიგო, თავის კოლეგებთან სცადა იმის გარკვევა, ხომ არ დაუბარებია ბავშვისთვის რის დარქმევას აპირებდა, მაგრამ ამაოდ. ის ახალგაზრდა ექიმიც ვერაფრით დაეხმარა, მშობიარე რომ პირველად დაეღუპა და დღეების მანძილზე დერეფნებში მზერაგაყინული გადი-გამოდიოდა. ბავშვის მამა ექთანს არასდროს ენახა. მიმღების მორიგისგან გაიგო, რომ ერთი გამხდარი, ჩია კაცი ყოფილა, ცოლის მდგომარეობას ისე განიცდიდა თურმე, რომ ტირილს ვერ იკავებდა. მოსაცდელში მჯდარა და მთელი ის დრო გაურკვევლობაში გაუტარებია, დილის ხუთ საათზე კი ცოლის გარდაცვალება უცნობებიათ. ცოტა ხანი ენაჩავარდნილი მჯდარა, მერე წამოხტარა და გავარდნილა. ექიმმა რომ მიაძახა თურმე, ბავშვი გადარჩა, ბიჭიაო,  ერთი კი შეყოყმანებულა, მაგრამ მერე იქაურობა მაინც უკანმოუხედავად დაუტოვებია.

ცვლა რომ დაუმთავრდა, ლორეინსმა ბალიშისპირი, რომელზეც “უილბ” უკვე ამოექარგა, კარადაში შეინახა და სახლისაკენ გაეშურა.  პარკში ჩვეულებისამებრ გასეირნების ნაცვლად ბობი მხოლოდ იქვე, თავის ქუჩაზე გაატარა. მერე აჭამა, ფეხზემდგომელამ შესვა ერთი ფინჯანი ყავა და შხაპი გადაივლო. მერე თავისი საუკეთესო – უსახელობო, შავი კაბა ჩაიცვა, კატალოგის მიხედვით თვითონ რომ შეკერა, ტაქსი გამოიძახა და ქალაქის ცენტრში, თეატრისკენ გაეშურა.

“მარტი და აპრილი” (March and April) ლორეინსს ისე მოეწონა, რომ ცოტა ხნით უილბურის გაუთავებელი ჩხავილისგან მოგვრილი ნაღველიც კი დაავიწყა. პიესა ერთ ამერიკელ მასწავლებელ ქალს ეხებოდა, რომელსაც სახელად აპრილ ბაქსტერი ერქვა. იგი საუკუნეთა გასაყარზე პარიზში გაიცნობს ექსცენტრულ ინგლისელ ყმაწვილს, მხატვარს, ფრედერიკ მარტს. თავიდან ერთმანეთს ვერ შეეწყობიან, თუმცა ოთხმოცდაათწუთიანი გარჩევა-გამორჩევის შემდეგ განუყრელ წყვილად იქცევიან. სცენაზე გათამაშებული წარმოდგენა ბროდვეისას ან შექსპირისას ნაკლებად წააგავდა, თუმცა რომანტიკისა და ვნებების სიჭარბეს არ უჩიოდა და ლორეინსსაც სწორედ ეს სჭირდებოდა.

ლორეინსი წარმოდგენის შემდეგ ცოტა ხნით ფოიეში შეყოვნდა  იქ გამოფენილი პლაკატებისა და ფოტოსურათების დასათვალიერებლად. უკნიდან ერთი კაცი მოუახლოვდა და ვიტრინის მინამ მისი სახე აირეკლა. ლორეინსმა ფრედერიკ მარტის როლის შემსრულებელი იცნო და ისეთი შეშინებული მიუტრიალდა, რომ მამაკაცს ხმამაღლა გაეცინა. სამი აქტის მანძილზე ლორეინსს ეს მსახიობი თანდათან უყვარდებოდა, თუმცა ფარდის საბოლოო დაშვების შემდეგ ეს თბილი გრძნობა  სულელურად  და სასაცილოდ მოეჩვენა, როგორც კინოთეატრში ტიტრების გამოჩენისას ემართებოდა ხოლმე, როცა ანთებული შუქი რეალობაში დააბრუნებდა. მონტგომერ ფილდმა – ასე ერქვა სცენის მიღმა თითქოსდა ჩია და დაბნეულ  მამაკაცს – ლორეინსს სიგარეტი მიაწოდა და ლორეინსსმაც, მიუხედავად იმისა, რომ არ ეწეოდა, მაინც მოაკიდებინა.

სამი დღის შემდეგ თეატრის დასმა გასტროლები გააგრძელა და ლორეინსიც თან გაიყოლა. ლორეინსმა თავისი პირადი ცხოვრების ქვაკუთხედი – ძაღლი – ძმას გადაულოცა, ავეჯი და ჭურჭელი რომელიღაც საქველმოქმედო საზოგადოებას აჩუქა. საავადმყოფოში ყველას გამოემშვიდობა და ბოლოს ჩვილ ბავშვთა განყოფილებასაც ესტუმრა.

უილბურის ჩხავილი, რომელსაც შუშის კედლები მხოლოდ ოდნავ თუ ახშობდა, ლორეინსს ჯერ კიდევ დერეფანში მოესმა, თუმცა ოთახში მისი შესვლისთანავე შეწყდა. ამან ლორეინსი ჯერ გააკვირვა, მერე კი შეაშფოთა. ინკუბატორში ჯერაც შეუსწავლელი ცხოველივით იწვა მოცუცქნული, გამჭვირვალეკანიანი, დანაოჭებული არსება, რომელიც გამოკვლევის მიზნით უამრავ მავთულსა და სადენზე იყო მიერთებული. თვალები სანახევროდ ღია ჰქონდა, კოპები შეყრილი, თითქოს თავი სტკივა ან რაღაცაზე ფიქრობსო. თვითონ არ ინძრეოდა, მხოლოდ მრგვალი, ცისფერი სისხლძარღვებით დაქსელილი მუცელი ადი-ჩაუდიოდა სუნთქვის რიტმში. ლორეინსი ინკუბატორს მიუახლოვდა, ასაწევ სახურავზე საკეტი გახსნა, სახურავი ცოტაზე ასწია და ღიობში მარჯვენა ხელი შეჰყო. უილბურს თავი თბილი და მშრალი ჰქონდა, უფერული ღინღლი გაწეწვოდა. ლორეინსსმა მშობიარობისას მსუბუქად დეფორმირებულ თავის ქალაზე ხელი ფრთხილად გადაუსვა, თან ყოველ წუთას ელოდა, ან ახლა აღრიალდება, ან ახლაო. თუმცა უილბური ხმას არ იღებდა, თავისთვის იწვა, გვერდზე იყურებოდა. თითქოს ესმოდა, ლორეინსი როგორ ეჩურჩულებოდა და თან თითებით იმ ადგილს უსინჯავდა, სადაც თავის ქალის ორივე ნახევარსფერო ერთმანეთს ერწყმოდა.

 


1 „პირველი სასიკვდილო ცოდვა“ – კინოფილმი (1980) ბრუს უილისის მონაწილეობით. საერთოდ წიგნის ყველა თავი დასათაურებულია ამ მსახიობის მიერ ნათამაშევი ფილმების დასახელებებით. მთავარი გმირის სახელიც მას უკავშირდება.:Uუილბი – ბრუს უილისი (მთრგმ. შენიშვნა).

1 2 3 4 5 6 7 8