ემონტი უკვე სახლის დერეფანში იდგა და ის-ის იყო მშობლების საძინებლის კარებზე დაკაკუნებას აპირებდა, რომ უეცრად შედგა. ცოტა ხანი სიბნელეში იყურებოდა, მამამისის ხვრინვას და საკუთარ გულისცემას აყურადებდა, მერე ხელი ძირს დაუშვა, შეტრიალდა და სახლიდან გავიდა.

ის კაცი ისევ ისე იწვა, როგორც მან დატოვა. ხანდახან ტუჩები აუცახცახდებოდა, თითები და ქუთუთოები შეუკრთებოდა. მოკლე ქერა თმა ჰქონდა და მკლავზე გახეული ტანსაცმლიდან თეთრი კანი ანათებდა. შეიძლება სულაც იქვე ახლომახლოდან იყო, მერე რა რომ ცხვრის სუნი საერთოდ არ ასდიოდა. ემონტმა ნავში ნაცრისფერი საბანი იპოვა და უცნობს გადააფარა. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა ყუთის ნავიდან გადათრევას.

რკინის სარტყლებით შემოჭედილი ხის სკივრი ისეთი მძიმე აღმოჩნდა, რომ ემონტს ნავის მთლიანად გადატრიალება მოუხდა. სკივრი ქვებზე გაგორდა და ამოტრიალდა. ჩხარუნისა და ბრახუნის ხმებმა ემონტს პულსი აუჩქარა. სუნთქვაშეკრულმა ნავთან ჩაიმუხლა და სახლს ახედა. ელოდებოდა, ეს-ესაა ნავთის ლამფა აინთება და მამაჩემი გარეთ გამოვაო. მაგრამ სახლი ჩაბნელებული იყო და ჩამიჩუმი არ ისმოდა. არც მეზღვაურს ეტყობოდა სიცოცხლის ნიშანწყალი. ტალღების მონოტონურმა დგაფუნმა ემონტი დაამშვიდა. ერთი-ორჯერ ღრმად რომ ამოისუნთ-ჩაისუნთქა, ჯაყვა ამოიღო და ყუთზე დაკიდული ბოქლომის გახსნას დაიწყო.

რადგან ჯაყვა უფრო ადვილად გატყდებოდა, ვიდრე ბოქლომი, ემონტმა გადაწყვიტა ყუთის ფსკერი გაეხვრიტა. როცა მეზღვაური თავს ან ფეხს გაიქნევდა, ძილში რომ იციან ხოლმე, ემონტი დანას მიწაზე დებდა, გაყინულ, მტკივან თითებს დაიზელდა, ან  დანის პირზე ქვას კიდევ ერთხელ გაუსვამდა – ოცჯერ ერთ მხარეს და ოცჯერ მეორე მხარეს. შეეძლო, ბეღლიდან სალესი ქვა ამოეტანა, ცელის გასალესად რომ ხმარობდნენ ხოლმე, მაგრამ ამ უცნობს სკივრთან მარტო ვერ დატოვებდა. თავს ირწმუნებდა, რომ რამდენიმე წუთითაც რომ გასულიყო, აქ აღარც ეს კაცი დახვდებოდა და აღარც ნავი და სკივრი. სისულელე რომ იყო, თვითონაც იცოდა, მაგრამ ადგილიდან მაინც არ იძვროდა და საათების მანძილზე ცდილობდა სკივრის ძირი რაც შეიძლება მეტად ამოეჩიჩქნა.

სიცივისა და დაძაბულობისაგან ემონტს თითები სულ გაუხევდა. ბოლოს მოახერხა და ფიცარში იმხელა ნახვრეტის გააკეთა, ხელის მტევანი რომ შეტეოდა. შიგნით ხელი რასაც უხვდებოდა, რბილად ისინჯებოდა, თითქოს რაღაც ძვირფასი, მისი უხეში ხელებისათვის აკრძალული რამე იდო, – დედოფლის სამოსელი ან გოგონას კანი. ემონტმა მას ხელი ჩაავლო და თითები მოუჭირა, თუმცა მომუჭული ხელი უკან ვეღარ გამოიღო. ამიტომ ხის ტოტს მისწვდა და ნახვრეტში იქამდე ატრიალა, ვიდრე ქსოვილს პირი არ მოუნახა და ორი თითით არ გამოაძვრინა. აბრეშუმი იქამდე არასდროს ენახა, მის შესახებ არც სმენოდა. კაშკაშა წითელი ქსოვილის ქისა იყო, საკმაოდ სქელი და, წესით,  ამ ნახვრეტში ვერაფრით ვერ უნდა გამოტეულიყო. ანერვიულებულმა და დაღლილმა ემონტმა ვეღარ გაუძლო იმის შიშს, რომ მატროსი უეცრად გონზე მოვიდოდა, ან სახლიდან მამამისი გამოვიდოდა და ქისას დანა დაუსვა.

ერთადერთი წიგნი, რაც კი აქამდე ხელში სჭეროდა,  მშობლების ბიბლია იყო. ემონტმა კითხვა არ იცოდა. დონეგალ ტაუნის იქით ცხვირი არ ჰქონდა გაყოფილი. არ იცოდა, რომ დედამიწა ზღვის გარშემო ტრიალებდა. ვერ გაეგო, ავტომობილები რატომ დადიოდნენ. მოჯამაგირესავით ცხოვრობდა, თავისი მშობლების მოჯამაგირე იყო, რომლებიც მის მიმართ ისეთივე გულწრფელ, პრიმიტიულ კეთილგანწყობას იჩენდნენ, როგორსაც ცხვრებისა და იმ ძაღლის მიმართ, რომელიც ამ ცხვრებს თავს უყრიდა. მას არც ძმა ჰყოლია და არც მეგობარი, და ის ფოსტის კურიერი რომ არ ყოფილიყო,  ყოველ ორ კვირაში ახალ-ახალ საიდუმლოს რომ აზიარებდა ხოლმე, მას თავშიც არასდროს მოუვიდოდა, რომ სამყარო ჰორიზონტთან არ თავდებოდა და არსებობდნენ ქვეყნები და კონტინენტები, რომლებიც მამამისის სამეფოს აღემატებოდნენ.

ოქრო აქამდე არასდროს ენახა, ახლა კი, როცა ეს მძიმე, ღიაყვითელი ქვები ხელში ეკავა, ცეცხლივით შემოენთო იმის შეგნება, რომ მას უკვე შეეძლო იმისგან თავის დაღწევა, რაც ასე ეზიზღებოდა, ან დიდი ხანი იყო, რაც უკვე აღარ უყვარდა.

ჰორიზონტზე დილის შუქი გამოჩნდა. მთვარე გაქრა. ზღვის თავზე შეჯგუფული ღრუბლები აწეწილ ფთილებს გავდნენ. ქარი ამოვარდა, ხშირ ბალახს გადაუარა და მეჩხერი ხეების გაძარცვული ტოტები შეარხია. თითქოს მატროსსაც შეეტყო შეციების ნიშანწყალი. ხელები აამოძრავა, ნიშნის მოცემას ცდილობდა, მის მკერდში რაღაც ბორგავდა და ყელიდან ხრიალად ამოსდიოდა. ემონტს უკვე რვა ქისა ჰქონდა ოქროთი სავსე, კიდევ ხუთი ბრჭყვიალა ქვა, არც კი იცოდა, თუ ბრილიანტები იყო, ასევე რამდენიმე ოქროს და ვერცხლის მონეტა და ნაბეჭდი ფურცლებით სავსე ორი კონვერტი, რაც ემონტმა ქაღალდის ფულად ჩათვალა. ეს ყველაფერი მან სკივრიდან ამოიღო. ყველაფერი დააწყო ქსოვილის ნაჭერზე, რომელშიც ადრე მონეტები იყო გახვეული. გრძელი მოღუნული რქები, ემონტმა რომ ვერ იცნო და სინამდვილეში სპილოს ეშვები იყო, მძიმე რევოლვერი ტყვიებთან ერთად, ლატუნისა და ჩამუქებული ხისგან გაკეთებული  დურბინდი და მოვარაყებული ორპირა დანა, მის დანას ათასჯერ რომ ჯობდა სილამაზით და კეთილშობილებით, ემონტმა ისევე უკან ჩაალაგა, როცა მათი ყურებით გული იჯერა. მერე ქსოვილი გამონასკვა და ფუთა სამალავში შეინახა, სადაც უკვე ეწყო სხვა, უკვე ფასდაკარგული, საუნჯეები. მერე სკივრი სანაპიროდან დაფერდებული ბორცვის თავზე აათრია და ბალახითა და ეკალბარდებით დაფარულ, მიტოვებულ მაჩვის სოროში შედო, სადაც პატარაობისას მამამისსა და ცხვრებს ემალებოდა ხოლმე.

თითქმის გათენებულიყო უკვე, სახლში რომ დაბრუნდა. სამზარეულოში ცეცხლი დაანთო, წყალი დადგა და ქვის კედელში გამოტეხილი თაროდან ფინჯნები ჩამოიღო. იცოდა, „პოჩინი“, შინგამოხდილი ვისკი, სადაც ედგათ. ფინჯანში შაქარი ჩაყარა, სანახევროდ ამ ვისკით  შეავსო, სანახევროდ – შავი ჩაით, პურის ყუა მონახა და ზღვის უბეში შეჭრილ სანაპიროზე წავიდა. ბალახებში ჩაჯდა და იცდიდა, ვიდრე მატროსი  გონზე მოვიდოდა, ან მამამისი გამოჩნდებოდა. ქარს დრო და დრო მოჰქონდა ცხვრების ჩუმი ბღავილის ხმა, რომლებმაც ღამე კლდეებისა და ბუჩქების საფარქვეშ, გორაკების ძირში გაატარეს. ემონტს ორივე ხელით ეჭირა ოხშივარამდინარე ფინჯანი და ასეთი დაღლილი და შეშინებული რომ არ ყოფილიყო, ალბათ გაიღიმებდა.

ემონტი ჩაის ჭიქას ყოველ მოსმაზე სულს უბერავდა. იმის მერეც ხმამაღლა ხვრეპდა, მთლად რომ გაცივდა.  თვალებს ისე ჭუტავდა, თითქოს ეშინოდა, ენა და ტუჩები არ დამეწვასო. რამდენიმე ათეული წელი იყო უკვე, რაც ორლას ამ დროს მისთვის აღარ შეუხედავს. რაც ესმოდა, იმასაც კმარობდა.

  • შენ მაგას ძალიან ანებივრებ – ამ ხმაზე უილბურმა მუცელში ყინული იგრძნო.
  • ჰო – წარმოთქვა ორლამ და უილბურს პირში კიდევ ერთი კოვზი ბანანის

პიურე ჩაუდო, დესერტად რომ აძლევდა ხოლმე. ორლას ბავშვობაში ბანანები დუბლინში არ იშოვებოდა. მის საყიდლად ავტობუსით ლეტერკენაში უნდა წასულიყავი, ახლა კი ყველა სუპერმარკეტში ელაგა კივის, მანგოს და სხვა ხილის გვერდით. უცნაური ქვეყნებიდან ჩამოჰქონდათ, მათ დასახელებებს ორლა თაროებზე ჩუმად კითხულობდა: ტანზანია, ეკვადორი, კოსტა რიკა… მერე კი უილბურს ყურში სიყვარულით ჩასჩურჩულებდა, ამ პატარა ვარდისფერ ნიჟარებში, რომლებშიც მზე თავისუფლად გადი-გამოდიოდა და პატარა ძარღვებს ცისფრად აბრჭყვიალებდა.

  • ეს კარგი არ არის. – ემონტის ხრუპუნის ხმა იმას ჰგავდა, აბაზანა რომ ნაბანი

წყლისგან ხშუილ-სრუტუნით იცლებოდა ხოლმე.

  • კარგი, კარგი. – თქვა ორლამ წყნარად და მხოლოდ უილბურმა იგრძნო მის

სიტყვებში დაგუბებული სუსხი.

  • დედიკოს ბიჭი გამოვა, – თქვა ემონტმა. ჯერ კიდევ ცოლის უკან იდგა, ონკანს

მიყრდნობილი და ცარიელი ფინჯანი ორივე ხელით ეჭირა. უილბურის თმა, მზისგან განათებული  ყველა ღერი ერთადერთი იყო, რასაც ამ ბავშვში ხედავდა. ხანდახან გაიფიქრებდა, ამ თმას ხომ არ შევეხოო, მაგრამ ეს არასდროს უქნია. თითქოს ახსოვდა, როგორ უყვარდა ხოლმე, დედამისი რომ თავზე ხელს გადაუსვამდა, თუმცა თავის ხელებს რომ დახედავდა, დედამისისას ვერაფრით ამსგავსებდა. ამ ხელებში სითბო მხოლოდ მაშინ დგებოდა, როცა მათ ფინჯანს შემოაჭდობდა.

  • ადამიანი გამოვა. – ორლამ ეს ორი სიტყვა რბილად და დაყვავებით, თუმცა

დაბეჯითებით წარმოთქვა, მერე ადგა და სამზარეულოდან გავიდა, საერთო ოთახი გაიარა და სახლის წინ გამავალ შარაგზაზე გავიდა. იქ უილბური მხრებზე შეისვა, მინდორი გაიარა და სანაპიროზე ჩავიდა, სადაც დღისით-მზისით წრეში მოტრიალე შუქურა იდგა.

გემი ერთ საათზე ნაკლებ დროში ჩაიძირა. ეკიპაჟი სატვირთო განყოფილებაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას შეეცადა, მაგრამ როცა დაინახეს, რომ ნახევარ გემბანსა და მაშველ ნავებს უკვე ცეცხლი ეკიდათ, კაპიტნის ხიდურა ტკაცანით ჩამოიქცა და მასთან ერთად კაპიტანი და პირველი ოფიცერიც ცეცხლში გაუჩინარდნენ, მაშინ კი მთელმა ეკიპაჟმა იმედი გადაიწყვიტა  და ყველანი გემიდან გადახტნენ. ასე ფართხალებდნენ ყინულივით ცივ წყალში, გულგრილად მომზირალი მთვარის შუქი ეფინებოდათ და უყურებდნენ, როგორ გაიპო გემი შუაზე მას შემდეგ, რაც გათბობის ქვაბი აფეთქდა, როგორ აიჭრა ცაში შავი ღრუბლები და ბოლოს, როგორ ჩაიძირა გემი. ეს გავარვარებული კოლოსი ჯერ ზანტად მიდიოდა ფსკერისკენ, მერე კი უცბად ჩაყურყუმალავდა, გაშავებული ზღვა ააქაფა და ჰორიზონტის ხაზი ცოტა ხნით ააცახცახა.

ამას მოყოლილ სიმშვიდეს ოცდასამი მეზღვაურიდან ვეღარც ერთი ვეღარ შეესწრო, ყველანი თავიანთ გემს გაყვნენ ყინულოვან ქვესკნელში. ერთ-ერთი მათგანიც რომ გადარჩენილიყო, მოტივტივე ფიცარს რომ ჩასჭიდებოდა, ან ვეშაპზე ამხედრებულს ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპირომდე მიეღწია, როგორც საშინელი სიზმრის დასასრულს ხდება ხოლმე, ალბათ მაშველ ნავსაც დაინახავდა და მატროსსაც, რომელიც ადრე მათი ეკიპაჟის წევრი იყო, ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე მაინც.

უცნობი ბეღლის მშრალ მხარეზე იწვა, თივაში. ემონტის მამამ მისი სახლში შემოშვება არ მოინდომა. ეიდენ მაკდერმოტს გემის დაღუპვას გადარჩენილი ბევრი მეზღვაური ყავდა ნანახი. მათი უმეტესობა მკვდარი და კლდოვან ნაპირებთან გამორიყული იყო, ან ბნელი და ცივი სახლის ამაღლებულ ადგილას ესვენა. თვითონ ზღვის კაცი არ იყო და აყანყალებულ ფიცრებზე სიარულს მიწაზე მყარად დგომა ერჩია. მეთევზეთა ნავებს ბორცვებიდან სრულიად უწადილოდ გასცქეროდა და მათი სურვილი, რომ სტიქიას გაჯიბრებოდნენ  ღმერთის თავხედურ გამოწვევად, ქედმაღლურ სანაძლეოდ ეჩვენებოდა, რომლშიც წაგებული აუცილებლად ადამიანი უნდა ყოფილიყო. თან მას თევზიზუსტად ისევე ეზიზღებოდა, როგორც მის შვილს ცხვრები. პარასკეობით თევზის ჭამა მაინც უხდებოდა ხოლმე და უარს არ ამბობდა, რადგან ამას თავის ქრისტიანულ მოვალეობად თვლიდა.

თივაში მწოლიარე უბედური არსება მეთევზის ნავის დაღუპვისას გადარჩენილი რომ არ იყო, ეიდანი მაშინვე მიხვდა. აფრის ფეხსაცმელები, უხეში ტილოს შავი შარვალი, ცისფერი პულოვერი, რომელიც მატყლისა არ ჩანდა და ჭუჭყიანი, თუმცა კარგი საწვიმარი ქურთუკი არ ეწყობოდა იმ მატროსის ჩაცმულობას, რომელიც დღედაღამ მუხლამდე ტალახსა და წუმპეში იხრჩობა და ზღვიდან გამორიყულ წებოვან ნაგავში იქექება. ამ კაცს თევზის სუნი საერთოდ არ ასდიოდა, შეტრუსული ტანისამოსისგან დამწვრის და კიდევ ისეთი რაღაცის სუნი მოდიოდა, რაც ეიდანს მანქანის ზეთსა თუ დიზელის საწვავს აგონებდა. მერე კიდე ეს ბამბის საბანი, ნაცრისფერ-შავ ზოლებში, რომლებშიც რაღაც ჩაეწერათ, სავარაუდოდ დაღუპული გემის სახელი. ეიდანს აქამდე მეთევზის ნავზე ფეხიც არ დაედგა, მაგრამ ის კი იცოდა, რომ ირლანდიაში რომელიმე ნავზე ასეთი ხარისხის საბნის ნახვა გამორიცხული იყო, სახელის წარწერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

1 2 3 4 5 6 7 8