შვედეთის აკადემიამ 2016 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ამერიკელ მუსიკოსსა და პოეტს ბობ დილანს მიანიჭა. აკადემიის გადაწყვეტილება შემდეგნაირად იქნა ფორმულირებული: „ამერიკული სასიმღერო ტრადიციების ფარგლებში ახალი პოეტური გამომსახველობის შექმნისათვის“.

რთულია, წარმოიდგინო ნობელის ლაურეატი, რომლის ლექსებიც მთელ მსოფლიოში კედლებზეა მიწერილი. ბობ დილანს თავისუფლად შეიძლება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი სიმბოლო ვუწოდოთ. მასზე დაწერილია წიგნები, გადაღებულია ფილმები, მის ტექსტებს ყოველდღიურად ციტირებენ, მისი სიმღერების ქავერებს არ აქვს თვლა. ის მიჩნეულია კულტურულ-პოლიტიკური ცვლილებების ეპოქის, 1960-იანი წლების თაობის ხმად, ხოლო მისი სიმღერები “Blowing In the Wind”,„Mr Tambourine Man“, The Times They Are A-Changing”, “A Hard Rain’s A-Gonna Fall“ კი უსამართლობის წინაღმდეგ ბრძოლის ჰიმნად.

2010 წელს, ჟურნალ Rolling Stone-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, ბობ დილანი The Beatles-ის შემდეგ, მეორე უდიდეს როკ მუსიკოს-შემსრულებლად აღიარეს.

ნობელის პრემიის პრეტენდენტთა შორის ბობ დილანის გამოჩენამ ლიტერატურულ საზოგადოებაში ღიმილი გამოიწვია, რადგან ის, ფაქტიურად, ბარდია, ანუ სიმღერებს წერს და თავადვე ასრულებს, და თანაც, მისი სტილი თითქოს, არც ესადაგება შვედეთის აკადემიის სტანდარტებს. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თავად სიმღერების ტექსტების ღირებულება ეჭვს არ იწვევს. თუმცა, ჯერ კიდევ 2007 წელს ჟურნალში The Telegraph გამოქვეყნდა მწერალ სემ ლიტის სტატია, სადაც ის აპროტესტებდა ბობ დილანის პოეტად მოხსენიებას. მისი აზრით, არსებობს დიდი განსხვავება პოეტსა და სიმღერის ტექსტების შემქმნელს შორის – პოეზია თავად შეიცავს შინაგან მუსიკას, და არ საჭიროებს დამატებით მუსიკას. თუმცა, ბობ დილანი საკუთარ თავზე შემდეგ განმარტებას აკეთებს: «I’m a poet first, musician second» (მე პირველ რიგში პოეტი და ვარ და მერე მუსიკოსი.“ «I’m a poet and I know it» „მე პოეტი ვარ და ეს ვიცი.“

ვერც იმ სტატიის ავტორი და ვერც სხვა კრიტიკოსები ვერ უარყოფენ ბობ დილანის შემოქმედებით გენიას. მის ლექსებში იდეალურადაა შერწყმული რითმასა და რიტმთან მუშობის ოსტატობა და ამბების გადმოცემის უნარი. ბობ დილანს უამრავი ლირიკული მე ჰყავს და მის შემოქმედებაში უამრავი თემა გვხვდება – ომი, სოციალური უსამართლობა, ადამიანური ურთიერთობები, ლიტერა

ტურა, პოლიტიკა, ეგზისტენტიური საკითხები და ა.შ. თავის ტექსტებში ბობ დილანი ხშირად ახსენებს თანამედროვე თუ წინა თაობის ხელოვანებს, ვის არ გადააწყდებით მასთან, აქ არიან – ჯეიმს ჯოისი, ტომას სტერნზ ელიოტი, ბიტთაობის პოეტები (ალან გინსბერგთან მას მრავალი წლის მეგობრობა აკავშირებდა, მათ ებრაელ მამა-შვილსაც ეძახდნენ). რუსი კლასიკოსები, ჰერბერტ უელსი, უილიამ ბეროუზი. მისი დამოკიდებულების შესახებ ლიტერატურის მიმართ იმ ფაქტის მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ამერიკელი მწერლის დილან ტომასის წაკითხვის შემდეგ მან თავისი ნამდვილი სახელი რობერტ ალენ ციმერმანი შეიცვალა და ბობ დილანი დაირქვა.

თავიდან, თავად ბობ დილანი საკმაოდ დააბნია ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებამ და უარიც კი განაცხადა პრემიის აღებაზე. როგორც აკადემიის მდივანმა სარა დანიუსმა განაცხადა, ის არ პასუხობდა ნობელის კომიტეტის წარმომადგენლების სატელეფონო ზარებსა თუ იმეილებს. საბოლოოდ, კომიტეტმა ბობ დილანს ულტიმატუმი წაუყენა: თუ ის 10 ივნისამდე ნობელის პრემიის ტრადიციის თანახმად, სავალდებულო ლექციას არ წაიკითხავდა, ფულად ჯილდოს, რომელიც 8 მილიონ შვედურ კრონს, ანუ 911 ათასი აშშ დოლარს შეადგენს, არ მიიღებდა. საბოლოოდ, ბობ დილანმა ტრადიციული ლექცია კი არ წაიკითხა, არამედ კომიტეტში ჩანაწერი გააგზავნა. დილანის ლექციამ, რომელსაც ნობელის კომიტეტმა „არაორდინალური“ უწოდა, საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა და შეიძლება ითქვას, სკანდალურიც გახდა.

უპირველეს ყოვლისა, ზოგიერთი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ ბობ დილანის ლექცია ფრაზების უწესრიგო გროვაა. ბობ დილანი თავის ლექციაში იმ მუსიკოსებზე საუბრობს, ვინც მასზე გვლენა მოახდინა. ის ასევე ცდილობს, თავის შემოქმედებასა და ლიტერატურას შორის კავშირის დანახვას და ამ მიზნით იმ წიგნებს იხსენებს, რომლებიც ბავშვობაში წაიკითხა და მას მერე მისთვის განსაკუთრებულად ღირებულია. ეს წიგნებია „მობი დიკი“, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და „ოდისეა“. ლექციის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ ინტერნეტში გამოჩნდა განცხადება იმის შესახებ, რომ ბობ დილანმა ლექციაში „მობი დიკის“ ნაწილი სასწავლო ვებ საიტიდან SparkNotes აიღო. კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა ბობ დილანს ნობელის ლექციაში „მობი დიკის“ და „ოდისევსის“ შინაარსის მოყოლა. როგორც მათ აღნიშნეს, შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ბობ დილანი იმ ადამიანებს ესაუბრება, რომელთაც წიგნებზე არაფერი სმენიათ. ისინი ღიმილით ახსენებენ, იმ ფაქტს, რომ ბობ დილანი ოდისევსს „ზრდასრულ კაცად“ მოიხსენიებს. შეიძლება რაღაცაში დაეთანხმო კიდეც კრიტიკოსებს, მაგრამ ლექციის ფინალური ნაწილი ისეთი შთამბეჭდავია, რომ შეუძლებელია, ვინმე გულგრილი დატოვოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე გასაკვირია ბობ დილანის ნობელი, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ 2008 წელს მას პულიცარის პრემიის ჟიურისგან მიენიჭა სპეციალური ჯილდო „პოპულარულ მუსიკასა და ამერიკულ კულტურაზე ღრმა გავლენისთვის, რაც აღინიშნება საოცარი პოეტური ძალის მქონე ლირიკული კომპოზიციებით“.. ხოლო 2012 წლის მაისში დილანმა მიიღო თავისუფლების მედალი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან.

ცნობილია, რომ ათეული წლების განმავლობაში, ბობ დილანმა ევროპული ლიტერატურული ტრადიციები და ამერიკული მუსიკალური ჟანრების შერწყმა მაღალპროფესიულად მოახერხა.

ბობ დილანი 1941 წელს, მინესოტაში დაიბადა. ათი წლის იყო, ლექსების წერა რომ დაიწყო. პირველი სიმღერა ბობ დილანმა 12 წლის ასაკში თავის იმდროინდელ კუმირს, ბრიჯიტ ბარდოს მიუძღვნა. ის სკოლაში სკოლის ბენდთან ერთად უკრავდა. მასზე, როგორც მუსიკოსზე დიდი გავლენა მოახდინა 1950-იანი წლების მუსიკამ. ბობ დილანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა პაციფისტურ აქციებსა და სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობაში. თავის სიმღერებში ის პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ეხმიანებოდა.

დღეს ის 77 წლისაა,როგორც მუსიკოსს, ბობს გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი მუსიკალური ალბომი, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის – 11 გრემი, ერთი ოქროს გლობუსი და ერთი ოსკარი. ის აქტიურ ცხოვრებას ეწევა, კვლავ გამოსცემს ახალ ალბომებს, მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს და კონცერტებს მართავს. მიუხედავად ზოგიერთი თაყვანისმცემლის უკმაყოფილებისა, დღეს ბობ დილანი აკუსტიკური გიტარის ნაცვლად ელექტროგიტარაზე უკრავს და ფოლკის ნაცვლად ბლუზს ასრულებს. მას ცხრა არაჩვეულებრივი შვილიშვილი ჰყავს. მის მანქანას ამშვენებს წარწერა „ ყველაზე მაგარი ბაბუა მსოფლიოში.“

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ახალ მუსიკას, ასე თუ ისე, თვალს ადევნებს. მოსწონს მხოლოდ პოპის 2012 წლის ფრანგულენოვანი ალბომი Après. მან ინტერვიუში შეაქო Stereophonics, იმელდა მეი და ვალერი ჯუნი. ყველაზე თბილი სიტყვები კი ემი ვაინჰაუზისთვის გაიმეტა. „მომწონს ემი ვაინჰაუზის ბოლო ჩანაწერი. ის ბოლო ნამდვილი ინდივიდუალისტი იყო.“ – აღნიშნა მან.

ბობ დილანის ერთ-ერთი გატაცება ხატვაა. სპეციალისტების შეფასებით, მისი ტილოები იმპრესიონისტებსა და პოსტიმპრესიონისტებს მოგვაგონებს. ის ხატავს გუაშებით, აკვარელით, პასტელითა და უბრალოდ, ფანქრით. ისე, როგორც პოეტი, ბობ დილანი – მხატვარი მეტად თავისებურია. ის მხატვრობაშიც ნამდვილი ბობ-დილანია.

ბობ დილანს არ უყვარს თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი. ის ორჯერ დაქორწინდა და ექვსი შვილი ჰყავს. ცნობილია მისი რომანი და სკანდალური დაშორება ცნობილ ამერიკელ მომღერალთან და აქტივისტთან ჯოან ბაეზთან.

როკ ჟურნალისტ ბილ ფლანაგანთან ინტერვიუში დილანმა განაცხადა, რომ მართალია, მაყურებლის წინაშე ჯოან ბაეზთან ერთად სცენაზე 33 წელია, აღარ გამოსულა, მაგრამ უდიდეს პატივს სცემს მას. „ჯოანი სულ სხვა იყო. მისი ხმა ბერძნული კუნძულებიდან წამოსული სირინოზების ხმას მაგონებდა. მხოლოდ ხმა მოგნუსხავდა. ის გრძნეული იყო. ოდისევსის მსგავსად, ყურები უნდა დაგეხშო და არ გესმინა. ის თავს მთლიანად დაგაკარგვინებდა.“ – თქვა მან.

ბობ დილანი იხსენებს, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას, როგორ მიანიშნა ფრენკ სინატრამ ვარსკვლავებზე და უთხრა: „მე და შენ, მეგობარო, ორივე აი, იქიდან ვართ. დანარჩენები დედამიწიდან არიან.“ მაშინ ძალიან გაუკვირდა მისი სიტყვები, ახლა კი, ფიქრობს, რომ სინატრა მართალი იყო.

 

მთარგმნელისაგან

 

1 2 3 4 5 6