თუმცა, რაღაც კიდევ გამაჩნდა მაშინ. პრინციპები, მგრძნობიარობა და ინფორმაციებზე დამყარებული მსოფლმხედველობა. გარკვეული დროის განმავლობაში, ეს ყველაფერი მართლა მქონდა. სკოლაში ვისწავლე. დონ კიხოტი, აივენჰო, რობინზონ კრუზო, გულივერის მოგზაურობა, ორი ქალაქის ამბავი, და სხვა დანარჩენი სკოლაში წასაკითხი სავალდებულო ლიტერატურა, რომელიც ცხოვრებისეულ ხედვას გიყალიბებს, გასწავლის ადამიანის ბუნებას და გაძლევს შეფასების სტანდარტს. როდესაც ჩემი სიმღერების ტექსტების წერა დავიწყე, ეს საფუძველი მქონდა. ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემს სიმღერებში იმ წიგნებიდან ყველა თემამ ჰპოვა გამოძახილი. მინდოდა ისეთი სიმღერები მეწერა, მანამდე რომ არავის მოუსმენია, და ეს თემები იყო არსებითი.
ჩემთვის გამორჩეული წიგნები მას მერე არიან ჩემთან, რაც ჯერ კიდევ სკოლაში წავიკითხე და მინდა, მათ შესახებ გესაუბროთ. ესენია: მობი დიკი, დასავლეთის ფრონტი უცვლელია და ოდისეა.
მობი დიკი მომაჯადოებელი წიგნია, რომელიც გაჯერებულია დრამითა და დრამატული დიალოგებით. წიგნი შენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სიუჟეტი სწორხაზოვანია. გემის, სახელად პეკოდი, მისტიური კაპიტანი აქაბი, ხისფეხიანი ეგოისტი, თავის ნემეზიდას, თეთრ ვეშაპს, მობი დიკს მისდევს, რომელმაც მისი ფეხი შეიწირა. ის მას ეძებს მთელ ატლანტიდის ოკეანეში, აფრიკის წვერთან, ინდოეთის ოკეანეში. ის ვეშაპს დედამიწის ორივე მხარეს მისდევს. ეს მისი აბსტრაქტული მიზანია, არაფერია კონკრეტული და გარკვეული. მობის ის იმპერატოს ეძახის და ბოროტების განსახიერებად სახავს. აქაბს ნანტაკეტში ცოლი და შვილი ჰყავს, რომლებიც დროდადრო ახსენდება. კითხულობ და წარმოიდგენ, შემდეგ რა მოხდება.
გემის ეკიპაჟი სხვადასხვა რასის ადამიანებისგან შედგება და მას, ვინც მობი დიკს პირველი დაინახავს, ჯილდო ელის – ოქროს მონეტა. წიგნში გხვდება ზოდიაქოს სიმბოლოები, რელიგიური ალეგორიები, სტერეოტიპები. აქაბი სხვა გემების კაპიტნებს ვეშაპის ამბებს ეკითხება. ხომ არ გინახავთ? ერთ-ერთ გემზე შეშლილი წინასწარმეტყველი, გაბრიელი აქაბის ბედისწერას წინასწარმეტყველებს. ამტკიცებს, რომ მობი შეიკერების ღმერთის რეინკარნაციაა და მასთან საქმის დაჭერა თავისთავად დაღუპვას ნიშნავს. ამას ის კაპიტან აქაბს ეუბნება. სხვა გემის კაპიტანმა, კაპიტანმა ბუმერმა ვეშაპის დევნაში ხელი დაკარგა, თუმცა, ის მაინც ბედნიერია, რადგან ცოცხალი გადარჩა. ის არ იწონებს აქაბის აკვიატებას შურისძიების შესახებ.
წიგნი გვიამბობს, თუ რა განსხვავებულად რეაგირებენ ადამიანები ერთსა და იმავე შემთხვევაზე. წიგნში გვხვდება უამრავი ბიბლიური ალეგორია: გაბრიელი, რაქელი, ელია… აგრეთვე, წარმართული სახელებიც: თეშტიგო, ფლასკი, დეგუ, ფლისი, სტარბეკი, სტაბი, მართას ვენახი. წარმართები კერპებთაყვანისმცემლები არიან. ზოგიერთები ცვილის ფიგურებს ეთაყვანებიან, ზოგიერთები – ხის ფიგურებს, ზოგიერთები, ცეცხლს. პეკოდი კი ინდიელი ტომის სახელია.
მობი დიკი საზღვაო მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. ერთ-ერთი მეზღვაური, მთხრობელი, ამბობს „ისმაილი დამიძახეთ.“ ვიღაც ეკითხება, საიდან ხარო? ისმაილი პასუხობს: „ის ადგილი არც ერთ რუქაზე არ არის. ნამდვილი ადგილი არასოდეს ხვდება რუქაზე.“ სტაბი მნიშვნელობას არაფერს ანიჭებს, ის დარწმუნებულია, რომ მომავალი წინასწარაა განსაზღვრული. ისმაილმა მთელი თავისი ცხოვრება გემზე გატარა. ხომალდს ის თავის ჰარვარდსა და იელს უწოდებს. ადამიანებისგან თავი შორს უჭირავს.
პეკოდი ტაიფუნში ხვდება. კაპიტანი აქაბი ამას კარგ ნიშნად თვლის. სტარბეკს კი ეს ცუდის მანიშნებლად მიაჩნია და აქაბის მკვლელობას განიზრახავს. როგორც კი ქარიშხალი გადაივლის, გემის კიჩოდან ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი წყალში ვარდება და იხრჩობა, რაც ავ ბედისწერას მოასწავებს. პაციფისტი კვაკერი მღვდელი, რომელიც, რეალურად, სისხლისმსმელი საქმოსანია, ეუბნება ფლეკს: „ზოგი ჭრილობებს ღმერთამდე მიჰყავს, ზოგი კი გამწარებამდე.“
აქ ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული. ყველა მითი: იუდეოქრისტიანული ბიბლია, ინდური მითოლოგია, ბრიტანული ლეგენდები, წმინდა გიორგი, იონა, პერსევსი, ჰერაკლე – ისინი ყველანი ვეშაპზე მონადირენი არიან. ბერძნული მითოლოგიაკი, ვეშაპის კვლის სისხლიანი ისტორია. ამ წიგნში უამრავი გეოგრაფიული სახელია, ვეშაპის ქონს სამეფო ტახტზე კურთხევის დროს ნელსაცხებლად იყენებენ, კეთილშობილი ოჯახები ვეშაპების კვლაში მონაწილეობენ. ვეშაპის ისტორია, ფრენოლოგია, კლასიკური ფილოსოფია, ფსევდო მეცნიერული თეორიები, დისკრიმინაციის გამართლება – აქ ყველაფერია თავმოყრილი და თითქმის არაფერია რაციონალური. ქედმაღლობა, დაბალი ფენა, ილუზიების დევნა, სიკვდილის დევნა, დიდებული თეთრი ვეშაპი, პოლარული დათვივით თეთრი, თეთრკანიანი ადამიანივით თეთრი, იმპერატორი, ნემეზიდა, ბოროტების განსახიერება. შეშლილი კაპიტანი, რომელმაც ფეხი დაკარგა, რადგან ვეშაპზე დანით მოინდომა თავდასხმა.
ჩვენ ამ ამბის მხოლოდ ზედაპირს ვხედავთ. და შეგვიძლია თავად ჩავწვდეთ, რა დევს სიღრმეში. ეკიპაჟის წევრები გემბანზე დადიან და ცდილობენ, ქალთევზების ხმები დაიჭირონ, ხოლო გემს კი ზვიგენები და სვავები მიჰყვებიან. აქ თავის ქალებსა და სახეებს ისე კითხულობენ, როგორც ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს. აი, სახე. თქვენს წინაშე ვდებ. წაიკითხეთ, თუ შეძლებთ.
თეშტიგო ამტკიცებს, რომ ის ერთხელ უკვე მოკვდა და მერე ხელახლა იშვა და მისი ცხოვრება საჩუქარია. ის იესოს არ გადაურჩენია, ის თანამოძმემ გადაარჩინა, რომელიც სულაც არ იყო ქრისტიანი. ეს მკვდრეთით აღდგომის პაროდიაა.