ყველა არამზადამ უნდა აგოს პასუხი სასახლის წაბილწვის გამო. ის ბინძურ მაწანწალად მოაჩვენებს თავს და სასახლის მსახური ქედმაღლურად და ბრიყვულად სასახლის კიბეზე დააგორებს. მას მსახურის ქედმაღლობა ანრისხებს, მაგრამ  თავის რისხვას აკონტროლებს. ის მარტოა ასობით ნაძირალას წინააღმდეგ, მაგრამ ყველას ჯობნის, უძლიერესსაც. ის არავინ იყო. და ბოლოს როდესაც ყველაფერი ითქვა და შესრულდა, და როგორც იქნა,  საკუთარ სახლს მიაღწია, თავისი ცოლის გვერდით დაჯდა და თავისი თავგადასავალი უამბო.

და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მე და სიმღერების სხვა უამრავი შემქმნელი ამ თემების გავლენის ქვეშ ვართ. და ყველა თემა შეიძლება, ბევრ სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს. მთავარია, სიმღერა გულში ჩაგწვდეს. არ არის აუცილებელი ვიცოდე, რა ნიშნავს სიმღერა. უამრავი სხვადასხვა რამ ჩამირთავს ჩემს სიმღერებში. და არ ვაპირებ, ვინერვიულო იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩემი სიმღერები. როდესაც  მელვილმა ძველი აღქმა, ბიბლიური მინიშნებები, სამეცნიერო თეორიები, პროტესტანტული დოქტრინები, ზღვისა და სანაოსნო ხომალდებისა და ვეშაპების შესახებ მთელი ცოდნა ერთ ამბავში მოათავსა, არა მგონია, იმაზე ეფიქრა, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი.

ჯონ დონიც, პოეტი და მღვდელი, რომელიც შექსპირის დროს ცხოვრობდა, ამ სიტყვებს წერს: „მისი ძუძუების სესტოსსა და აბოდისს შორის. ბუდე არა ორი შეყვარებულის, არამედ ორი სიყვარულის.“  არც ეს ვიცი, რას ნიშნავს. მაგრამ კარგად კი ჟღერს. და გინდა, რომ შენი სიმღერები კარგად ჟღერდეს.

როდესაც ოდისევსი სულების სამყაროში ნახავს სახელოვან მებრძოლს, აქილევსს, რომელმაც ხანგრძლივ და უშფოთელ ცხოვრებას მოკლე, მაგრამ დიდებითა და ღირსებით სავსე ცხოვრება არჩია. ოდისევსი ეუბნება აქილევსს, რომ შეცდომა დაუშვა. „მე უბრალოდ მოვკვდი, მეტი არაფერი.“ ის ამბობს, რომ მიწისქვეშეთში არ არსებობს არც პატივი, არც უკვდავება და არჩევანი რომ ჰქონდეს, უკან დაბრუნდებოდა, რადგან დედამიწაზე მიწის მფლობელის მონაც რომ იყოს, ბევრად უკეთესია იმაზე, რაც ახლა არის – მეფე მიცვლებულთა ქვეყანაში – და ყველაფერი, რისთვისაც ის სიცოცხლეში იბრძოდა, ბევრად ჯობდა მკვდარ ადგილას ყოფნას.

ასევეა სიმღერებიც. ჩვენი სიმღერებიც მხოლოდ ცოცხალთა ქვეყანაში ცოცხლობს. თუმცა, სიმღერა განსხვავდება ლიტერატურისგან. ის იმისთვის იქმნება, რომ შეასრულონ, და არა წაიკითხონ. შექსპირის პიესის სიტყვები იმისთვის დაიწერა, რომ სცენაზე ითქვას. სიმღერის ტექსტიც უნდა იმღერონ და არა ფურცელზე წაიკითხონ.  და ვიმედოვნებ, რომ ზოგიერთ თქვენგანს  გექნებათ შესაძლებლობა მოისმინოთ ის ტექსტები ისე, როგორც ისინი უნდა მოისმინონ: კონცერტზე, ან ფირზე, ან ისე, როგორც საერთოდ ისმენენ ხოლმე  სიმღერებს დღეს.  მე კიდევ ერთხელ მივუბრუნდები ჰომეროსს, რომელიც ამბობს: „იმღერე ჩემში, ო, მუზავ, და მოყევი ამბები.“

 

 

ინგლისურიდან თარგმნა

დალილა გოგიამ

 

1 2 3 4 5 6