5 ივნისი, 2017 წელი.
გამოქვეყნებულია ნობელის კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
როდესაც გავიგე, რომ ლიტერატურაში ნობელის პრემია მომენიჭა, დავფიქრდი, თუ როგორ უკავშირდება ჩემი სიმღერები ლიტერატურას. მინდოდა, ჩავწვდომოდი ამ კავშირს. ახლა ვეცდები, გაგიზიაროთ ჩემი აზრი. მე შორიდან მოვუვლი და იმედს ვიტოვებ, რომ რასაც ვიტყვი, ღირებული და შინაარსიანი იქნება.
ამ ყველაფრის გარიჟრაჟზე დაბრუნება რომ მომიწიოს, ალბათ, ბადი ჰოლიდან დავიწყებდი. ის დაიღუპა, როცა მე თვრამეტი წლისა ვიყავი, თავად კი ოცდაორის. იმ წამიდან, როდესაც ბადის პირველად მოვუსმინე, მასთან სულიერი სიახლოვე ვიგრძენი. ის ისეთი ახლობელი გახდა ჩემთვის, რომ მეგონა, ჩემი უფროსი ძმა იყო. ისიც კი მეჩვენებოდა, რომ მას ვგავდი. ბადი იმ მუსიკას უკრავდა, რომელზეც ვგიჟდებოდი, მუსიკას, რომელზეც გავიზარდე: ქანთრი-ვესტერნი, როკ-ენ როლი და რიტმ-ენდ-ბლუზი. სამი დამოუკიდებელი მუსიკალური მიმართულება, რომელიც მან ერთმანეთში გადახლართა და ერთ ჟანრად ჩამოაყალიბა. ერთ სახეობად. ბადი სიმღერებს წერდა – სიმღერებს, რომლებსაც მშვენიერი მელოდია და შთამბეჭდავი ტექსტები ჰქონდა. და დიდებულადაც მღეროდა – რამდენიმე ხმაზე. ის ნამდვილი არქეტიპი იყო. ის იყო, ვინც მე მინდოდა ვყოფილიყავი, და არ ვიყავი. ბადი მხოლოდ ერთხელ ვნახე, სულ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე დაგვტოვებდა. მის სანახავად ასობით მილის გავლა მომიწია და იმედი არ გამცრუვებია.
ბადი იყო ძლიერი და ენერგიით სავსე და ამით ყველას იპყრობდა. მისგან მხოლოდ ექვსი ფუტი მაშორებდა. მომნუსხა. ვაკვირდებოდი სახეზე, ხელებზე, ვუყურებდი, როგორ აყოლებდა ფეხებს მუსიკას, როგორ უკრავდა გიტარას, როგორ იდგა, ვხედავდი დიდ შავ სათვალეს, სათვალის მიღმა თვალებს, მის ფაქიზ კოსტუმს. ყველაფერს. თავის ასაკზე უფროსს ჰგავდა. მასში იყო რაღაც მარადიული, რაც რწმენას მმატებდა. მავსებდა. მერე, სრულიად მოულოდნელად, მისტიური რამ მოხდა. მან პირდაპირ თვალებში შემომხედა და რაღაც გადმომდო. რაღაც, რაც, არ ვიცოდი, რა იყო. და ჟრუანტელმა დამიარა.
მგონი, მისი თვითმფრინავი ერთი თუ ორი დღის შემდეგ ჩამოვარდა. ვიღაცამ, ვინც მანამდე თვალითაც არ მენახა, „ლედბელის“ ფირფიტა გადმომცა, რომელზეც „ბამბის მდელოები“ იყო ჩაწერილი. სწორედ ამ ფირფიტამ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. გადამიყვანა ჩემთვის სრულიად ახალ სამყაროში. თითქოს დიდი აფეთქება მოხდა. თითქოს მანამდე წყვდიადში დავაბიჯებდი და უცებ ინათა. თითქოს ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. იმ ფირფიტას, ალბათ, ასჯერ მაინც მოვუსმინე.
„ლედბელიზე“ არაფერი ვიცოდი. ფირფიტას თან მოჰყვა პატარა სარეკლამო ბუკლეტი, რომელზეც დატანილი იყო ინფორმაცია ჩემთვის უცნობი ხელოვანების შესახებ. ესენი იყვნენ: სონი ტერი ანდ ბრაუნი მაკგრი, ნიუ ლოსტ სითი რემბლერს, ჟან რიჩი, სიმებიანი ბენდები. მაშინ მათი სახელები არ გამეგო, მაგრამ ვიფიქრე, თუ ისინი „ლედბელისთან“ არიან დაკავშირებული, აუცილებლად ღირს მათი მოსმენა-მეთქი. მინდოდა ყველაფერი გამეგო მათზე და იგივე მუსიკა დამეკრა. ისევ მიყვარდა ის მუსიკა, რაზეც გავიზარდე, მაგრამ მაშინ ეს აღარ მახსოვდა. უფრო მეტიც, იმ მუსიკაზე აღარც კი ვფიქრობდი. დიდი ხნის განმავლობაში, ის საერთოდ გაქრა ჩემთვის.
მე მაშინ ჯერ კიდევ ჩემს მშობლებთნ ერთად ვცხოვრობდი, და ერთი სული მქონდა, დამოუკიდებელი ცხოვრება დამეწყო. მინდოდა, ეს მუსიკა შემესწავლა და ის ადამიანები გამეცნო, ვინც ამ მუსიკას უკრავდა. საბოლოოდ, სახლი დავტოვე და იმ სიმღერების შესრულებაც ვისწავლე. ისინი განსხვავდებოდა იმ სიმღერებისგან, რომელსაც მანამდე რადიოთი ვისმენდი. მათში იყო მეტი ენერგია და სიმართლე ცხოვრების შესახებ. რადიოსიმღერების შემსრულებლებს, შეიძლება, შემთხვევით გამართლებოდათ, როგორც კამათლის გაგორების ან კარტის თამაშის დროს და რომელიმე სიმღერა ჰიტად ქცეულიყო, მაგრამ ფოლკის სამყაროში ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქ ყველაფერი ჰიტი იყო. გაწაფული უნდა ყოფილიყავი და მელოდიის დაკვრა უნდა შეგძლებოდა. რიგი სიმღერების შესრულება მარტივი იყო, სხვების – არა. უძველესი ბალადებისა და ქანთრი ბლუზის შესრულების ბუნებრივი ნიჭი აღმომაჩნდა, ხოლო სხვა დანარჩენის სულ თავიდან სწავლა მომიწია. მცირერიცხოვანი მსმენელისთვის ვუკრავდი, ზოგჯერ სულ ოთხი თუ ხუთი კაცი მისმენდა ოთახში ან ქუჩის კუთხეში. აუცილებელი იყო, ფართო რეპერტუარი გქონოდა და გცოდნოდა, როდის რა დაგეკრა. ზოგი სიმღერა ძალიან ინტიმური იყო, ზოგი სიმღერა კი მთელი ხმით უნდა გემღერა, რომ მსმენელებისთვის ხმა მიგეწვდინა.
ადრეული ფოლკის მოსმენითა და შესრულებით ადგილობრივ დიალექტსაც სწავლობ და ის შენი ნაწილი ხდება. მერე მას რეგთაიმ ბლუზში მღერი, შრომის სიმღერებშიც, ჯორჯიის საზღვაო საგალობლებშიც, აპალაჩის ბალადებშიც და ქაუბოის სიმღერებშიც. წვდები და სწავლობ ყველა ნატიფ დეტალს.
გესმის, რას ნიშნავს ის. პისტოლეტს ჯიბიდან იღებ და ისევ ჯიბეში იდებ. გზას უამრავ მანქანას შორის იკვლევ და სიბნელეში ლაპარაკობ. იცი, რომ სტეგერ ლი ცუდი კაცი იყო, ფრენკი კი კარგი გოგო. იცი, რომ ვაშინგტონი ბურჟუაზიული ქალაქია, მოგისმენია იოანე ღვთისმეტყველის დაბალი ხმა და გინახავს, როგორ იძირება ტიტანიკი დაჭაობებულ წყალში. ძმაკაცობ ველურ ირლანდიელ მოხეტიალესთან და ველურ ბიჭთან კოლონიიდან. გაგიგონია დაფდაფების დახშული ხმები და ფლეიტების ნაზი ჰანგები. გინახავს, ომახიანმა ლორდ დონალდმა როგორ გაუყარა დანა თავის ცოლს, და გინახავს თეთრ ტილოში გახვეული მრავალი შენი ამხანაგი.
შევისწავლე ყველა დიალექტი. ვიცოდი მთელი რიტორიკა. არაფერი დამრჩენია გაუგებარი, არც ტექნიკა, არც ხერხი, არც საიდუმლო, არც რა იდუმალი კუთხე-კუნჭული, ამასთან, ყველა იმ უკაცრიელ გზას ვცნობდი, რომელზეც ოდესმე გამივლია. შემეძლო, ეს ყველაფერი გამეერთიანებია და დღის დინებას გავყოლოდი. როდესაც ჩემი საკუთარი სიმღერების წერა დავიწყე, ერთადერთი, რაც ვიცოდი, მხოლოდ ფოლკი იყო და ამ ენაზე ვწერდი.