თვეები გადის. შვებულებით მიდიხარ სახლში. შენ და მამა ერთმანეთს ვერ უგებთ. მან გითხრა: „ლაჩარი იქნები, თუ ომში არ წახვალ.“ დედამაც, როდესაც კარში გადიოდი, გითხრა: „იმ ფრანგ გოგოებს უფრთხილდი.“ უფრო დიდი სიგიჟე.  ერთი კვირა თუ ერთი თვე იბრძვი და სულ რარაც ათ-ათი იარდით მიიწევ წინ. ერთი თვის მერე კი ისევ უკან იხევ.

რა მოუვიდა მთელ იმ კულტურას, ფილოსოფიას, სიბრძნეს? პლატონი, არისტოტელე, სოკრატე, – სად წავიდა? მათ უნდა აერიდებინათ ეს თავიდან.  შენი ფიქრები სახლს უბრუნდება. ისევ სკოლის მოსწავლე ხარ, მაღალ ალვის ხეებს შორის მიაბიჯებ. რა სასიამოვნო მოგონებაა. აეროსტატებიდან ახალი ბომბები გაცვივა. ახლა თავი ხელში უნდა აიყვანო. შიშისგან ვერავისკენ ვერ იხედები, იცი, რომ რაღაც ძალიან არასწორი შეიძლება მოხდეს. საძმო სასაფლაო. სხვა არჩევანი არც არსებობს.

შემდეგ, ალუბლის ყვავილობას ამჩნევ და ხვდები, რომ ბუნებაზე ომი არ მოქმედებს. ალვის ხეები, წითელი პეპლები, ყვავილების ნაზი სილამაზე, მზე – თვალნათლივ ხედავ, რომ ბუნება ინდიფერენტულია ამ ყველაფრის მიმართ. მთელი კაცობრიობის ძალადობას და ტანჯვას ბუნება ვერც კი ამჩნევს.

სულ მარტო ხარ. მერე ჭურვის ნამსხვრევი გხვდება თავში და კვდები.

ანგარიშში ჩასათვლელი აღარ ხარ, ხაზი გადაგისვეს. მოგსპეს. ეს წიგნი დავხურე და  გვერდზე გადავდე. აღარასოდეს გამჩენია სურვილი, კიდევ წამეკითხა ომზე დაწერილი წიგნი. აღარც წამიკითხავს.

ჩარლი პულს, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინადან იყო, ჰქონდა სიმღერა, რომელიც ამ თემას ეხებოდა. სახელად „ამას მე არ მეუბნები.“ სადაც ასეთი სიტყვებია:

ერთ დღეს, ქალაქში სეირნობისას პლაკატი ვნახე:

წამოდი ჯარში, ნახე, სამყაროს რა აქვს შენთვის სათქმელი,

მხიარული მეგობრები გელიან, ნახე, რამდენი წარმტაცი ადგილია,

და რამდენი საინტერესო ადამიანი, ისწავლე მათი ხოცვა,

არა, ამას მე არ მეუბნები, ამას მე არ მეუბნები,

შეიძლება შეშლილი ვარ, მაგრამ კარგად ვხვდები

ამას მე არ მეუბნები, ამას მე არ მეუბნები.

დანით კაცის კვლა არ არის თამაში.

ამას მე არ მეუბნები.

I

ოდისეა დიადი წიგნია, მასში მოცემული თემები უამრავი კომპოზიტორისა და შემსრულებლის ბალადებში გვხვდება: „სახლისკენ“, „სახლის მწვანე, მწვანე ბალახი“, „სახლი ქალაქის განაპირას“ და ჩემს სიმღერებშიც.

ოდისეა წარმოადგენს უცნაურ სათავგადასავლო ამბავს ზრდასრული ადამიანისას, რომელიც ცდილობს ომის შემდეგ სახლში დაბრუნდეს.  ის დიდ ხანს ანდომებს სახლში მისვლას და გზაზე ბევრ ხაფანგს და ხაროს გადაეყრება. მას ხეტიალის წყევლა ადევს.  ხშირად იტაცებს ზღვა, და მხოლოდ ბოლო წამს  აღწევს თავს დაღუპვას. უზარმაზარ კლდეს ისვრიან მისკენ ზღვაში და აზავთებული ზვირთები არყევს  გემს. ის იმათ ანრისხებს, ვისი განრისხებაც არ შეიძლება. მის მეზღვურებს შორის ვერაგი ხალხია. გამცემი. ისინი ჯერ ღორებად გადააქციეს და მერე ისევ ადამიანებად, უფრო ახალგაზრდა მშვენიერ კაცებად. ის მუდამ ვიღაცის გადარჩენას ცდილობს. ის მოგზაურია, მაგრამ გზად ხშირად ჩერდება.

ოდისევსი  უკაცრიელ კუნძულზე გამოირიყა. მან იქ  მიტოვებული გამოქვაბულები ნახა და დაიმალა. ის ხვდება გოლიათებს, რომლებიც ეუბნებიან: „შენ ბოლოს შეგჭამთო.“ ის გადაურჩება გოლიათებს, ცდილობს, როგორმე სახლში წავიდეს, მაგრამ ქარები აბრკოლებენ – ბობოქარი ქარები, გამჭოლი ქარები, უსიამოვნო ქარები.  შორს წასვლა უნდა, მაგრამ ქარები მაინც უკან აბრუნებენ.

მას ყოველთვის აფრთხილებენ იმის შესახებ, თუ რა ელის მომავალში. ის იმას ესწრაფვის, რასაც უკრძალავენ. არსებობს ორი გზა, ორივე ერთნაირად ცუდი. ორივე სახიფათო. ერთმა შეიძლება დაგახრჩოს, მეორემ – შიმშილით მოგკლას.  ვიწრო სრუტის გავლისას აქაფებული მორევი ყლაპავს. ხვდება ექვსთავიან და ბასრეშვებიან ურჩხულებს. მეხი ეცემა.  თავსზემოთ ხის ტოტებს ეჭიდება, რათა გაცოფებულ მდინარეს თავი დააღწიოს.  ქალღმერთები და ღმერთები მფარველობენ მას, მაგრამ არიან ისინიც, ვისაც მისი მოკვლა სურთ.ის საკუთარ სახეს იცვლის.ძალ-ღონე ეცლება. იძინებს და სიცილის ხმა აღვიძებს. ის თავის ამბავს უცნობებს უამბობს. ის ოცი წელი დაკარგული იყო. ის უცნობ ადგილას მოხვდა და იქ დარჩა. ღვინოში ბანგი გაურიეს. მან რთული გზა გაიარა.

სხვადასხვა გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, რაღაც ამდაგვარი შენც გადაგხდენია. შენთვისას ჩაუსხამთ ღვინოში ბანგი, შენც გაგიზიარებია სარეცელი შემთხვევით ქალთან. შენც გაცდუნეს ჯადოსნურმა ხმებმა, ტკბილმა ხმებმა, უცნაურმა მელოდიებმა. შენც წახვედი შორს და მერე უკან გამოგისროლეს და შემთხვევით გადაურჩი აშკარა დაღუპვას. შენც განარისხე ხალხი, რომელთა განრისხებაც არ ღირდა. შენც გიხეტიალია მთელ ქვეყანაში. შენც გიგრძვნია ავი ქარი, რომელსაც სიკეთე არ მოუტანია. და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის.

როდესაც საკუთარ სახლს მიაღწევს, არც შინ ხვდება რაიმე სასიკეთო. მის  სახლში ნაძირლები დასახლდნენ და მისი ცოლის სტუმართმოყვარეობით ბოროტად სარგებლობენ. ძალიან ბევრი ნაძირალაა. და მიუხედავად იმისა, რომ,  ყველა იქ მყოფს, ერთად აღებულს ჯობია – ის საუკეთესო დურგალია, საუკეთესო მონადირე, საუკეთესო მეზღვაური, ცხოველებს ყველაზე უკეთ იცნობს, – მაინც, ამჯერად სიმამაცემ  კი არა, თავისმა მოხერხებულობამ იხსნა.

 

1 2 3 4 5 6