როდესაც სტარბეკი აუბნება აქავს, რომ წარსულის გახსენება არ ღირს, განრისხებული კაპიტანი მას პასუხობს: „ღვთის გმობაზე სიტყვას ნუ დასძრავ, სტარბეკ, მე მზად ვარ, მზე გავაპო შუაზე, თუ თავმოყვარეობას შემილახავს.“

აქაბი პოეტურად მჭერმეტყველია. „ჩემი ერთადერთი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ფოლადის ლიანდაგებია დაგებული და ამ ლიანდაგებზე ჩემი სულის ბორბლები მისრიალებენ.“ ან: „თვალით დასანახი ყოველი საგანი მხოლოდ მუყაოს ნიღაბია.“ მართლაც შეუდარებელი პოეტური ფრაზებია.

საბოლოოდ, აქაბი პოულობს მობის, და ბარჯსაც იმარჯვებს. ნავებს წყალში უშვებენ. აქაბის ბარჯი სისხლში ინათლება. მობი თავს ესხმის აქაბის ნავს და ანადგურებს მას. მეორე დღეს მობი ისევ გამოჩნდება. ნავებს ისევ წყალში უშვებენ. მობი ისევ თავს ესხმის აქაბის ნავს და ისევ ანადგურებს. მესამე დღეს სხვა ნავი ჩაეშვება წყალში. ისევ რელიგიური ალეგორია. ის აჯანყდება. მობი კიდევ ერთხელ ესხმის თავს და პეგოდი იძირება. აქაბი ბარჯებში იხლართება და წყლის სამარეში გადაეშვება.

ისმილი გადარჩება. ის კუბოთი მიცურავს. აი, სულ ეს არის. ამბავი ასე დასრულდა. ეს თემა, და მასთან დაკავშირებული სხვა თემები, ჩემს არაერთ სიმღერაში შევიდა.

„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ წარმოადგენს ჩემს კიდევ ერთ საყვარელ წიგნს. დასავლეთის ფრონტი უცვლელია, საშინელი ისტორიაა. ამ წიგნით ეთხოვები ბავშვობას, კარგავ კეთილგონიერი სამყაროს რწმენასა და წყვეტ ინდივიდებზე ზრუნვას. შენ ხვდები კოშმარში. გითრევს სიკვდილისა და ტკივილის მორევი. თავს იცავ, რომ საერთოდ არ გაქრე. რუქიდან საერთოდ გშლიან. იყო და არა იყო რა, იყო ერთი უმანკო ბავშვი, რომელიც პიანისტობაზე ოცნებობდა. ბავშვი დიადი ოცნებებით. ოდესღაც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდი და ახლა ცხოვრებას  ტყვიით ნაფლეთებად გლეჯ.

ყოველდღე კრაზანა გკბენს და სისხლს გწოვს. შენ კუთხეში მომწყვდეული ცხოველი ხარ. კარგად თავს ვერსად გრძნობ. მონოტონურად წვიმს. დაუსრულებელი თავდასხმები, მომწამვლელი გაზი, მორფი, საწვავის ალმოდებული ნაკადები, საჭმლისთვის ნაგავში ქექვა, ინფლუენცია, ნერვიულ-პარალიზებული, ტიფი, დეზინტერია. შენს გარშემო ცხოვრება ინგრევა და ჭურვები ზუზუნებენ. ნამდვილი ჯოჯოხეთია. ტალახი, ეკალხლართები, ვირთხებით სავსე თხრილები, ვირთხები მიცვალებულების შიგნეულობას თქვლეფენ, თხრილები სავსეა ექსრემენტებითა და სიბინძურით. ვიღაც ყვირის: „ეი, შენ, მანდ, ადექი და იბრძოლე.“

ვინმემ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს არეულობა? ომს არ აქვს საზღვრები. განადგურებენ, ფეხიდან სისხლი გდის. გუშინ კაცი მოკალი და მის ცხედარს ელაპარაკე.  უთხარი, რომ მერე, როცა ეს ყველაფერი დასრულდება, მთელი ცხოვრება მის ოჯახზე იზრუნებ. ვინ სარგებლობს ამით? ლიდერები და გენერლები სახელს იხვეჭენ, და ბევრი ვიღაც ფინანსურ სარგებელს იღებს. შენ კი ბინძურ სამუშაოს ასრულებ.

ერთ-ერთი ამხანაგი გეკითხება: „დაიცადე, სად მიდიხარ?“ შენ კი პასუხობ: „თავი დამანებე,  ერთ წუთში დავბრუნდები.“ შემდეგ სიკვდილის ტყეში გადიხარ და ერთი ნაჭერი ძეხვისთვის იბრძვი. არ გესმის, სამოქალაქო ცხოვრების პირობებში ადამიანს რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს. ვერ ხვდები, რა აშფოთებს, ან რა სურვილები ამოძრავებს.

ისევ ისმის ტყვიამფრქვევის ხმა, მავთულებზე სხეულის ნაწილები კვლავაც გაკიდულა, მეტი ხელისა და მეტი ფეხის  ნაკუწები, მეტი თავის ქალა, პეპლები სხდებიან კბილებზე, უფრო მეტი საზარელი ჭრილობა, ყველა ფორიდან ჩირქი მოედინება, გაგლეჯილი ფილტვები, სხეულისთვის მეტისმეტად დიდი ზომის ჭრილობები, დაბერილი ცხედრები, სიკვდილი ყველგან. სხვა ყველაფერი აუტანელია. ვიღაც მოგკლავს და შენს ცხედარს მიზანში სავარჯიშოდ გამოიყენებს. ჩექმები. შენი ფასდაუდებელი საკუთრება. მაგრამ სულ მალე ის სხვა ვიღაცას ეცმევა ფეხზე.

ბაყაყიჭამიები ხეებიდან გიტევენ. უმოწყალო ნაბიჭვრები. ვაზნები გითავდება. „უსამართლობაა, რომ ისევ ასე სწრაფად დაგვესხით თავს.“ ამბობ შენ. შენი ერთ-ერთი თანამებრძოლი ტალახში გდია და მისი საველე ჰოსპიტალში წაყვანა გინდა. ვიღაც სხვა ამბობს: „შეგიძლია, აღარ შეწუხდე.“ „რატომ?“ „გადააბრუნე და თავად ნახავ.“

ელოდები ახალ ამბებს. ვერ ხვდები, ომი რატომ არ მთავრდება. ჯარს არ ჰყავს დამხმარე ძალა და გამოუცდელ პატარა ბიჭებს იწვევენ ომში, მათთგან ხეირი არ არის, მაგრამ მაინც იწვევენ, რადგან კაცები არ ჰყოფნით. ავადმყოფობა და დამცირება გულს გიტეხს. გიღალატეს მშობლებმა, სკოლის მასწავლებლებმა, მინისტრებმა და შენმა მთავრობამაც კი.

გენერალმაც გიღალატა, ავაზაკად და მკვლელად გაქცია. მას ხელში სიგარა უჭირავს, ნელა რომ იწვის.რომ შეგეძლოს, სახეში ტყვიას დაახლიდი. მეთაურსაც. წარმოიდგენ, ფული რომ გქონდეს, ჯილდოს დააწესებდი, მისთვის, ვინც მას სიცოცხლეს ნებისმიერი გზით მოუსწრაფავდა. და თუ მას ამისთვის თავის გაწირვაც მოუწევდა,მაშინ დაწესებული ჯილდო მის შთამომავლებს დარჩებოდათ. მეთაურიც, თავისი ხიზილალითა და ყავით,  ასეთი ტიპია. მთელ დროს ოფიცერთა ბორდელში ტარებს. ნატრობ, ჩაქოლონ. ბევრი ახალი ტომი და ჯონი თავისი whack fo’ me daddy-o*(* სიტყვები სიმღერიდან The Dubliners-Whiskey in the Jar) და ვისკით. ოცს კლავ და სანაცვლოდ კიდევ ოცი მათგანი გამოხტება. მათი სიმყრალე ცხვირის ნესტოებიდან ვეღარ გამოგდის.

და გძულს წინა თაობა, რომელმაც ასეთ საგიჟეთში გამოგიშვა, ამ წამების ოთახში. შენს ირგვლივ შენი ამხანაგები იხოცებიან. იხოცებიან მუცლის ჭრილობებისგან, ორმაგი ამპუტაციისგან, ჩამსხვრეული მენჯის ძვლებისგან, და შენ ფიქრობ: მხოლოდ ოცი წლის ვარ, და შემიძლია ნებისმიერი ადამიანი მოვკლა, საკუთარი მამაც კი, თუ ჩემზე გამოიწევს.

გუშინ ეცადე, დაჭრილი მეკავშირე ძაღლი გადაგერჩინა, და ვიღაცამ მოგაძახა: „ნუ სულელობ!“ ერთი ბაყაყიჭამია შენს ფეხებთან გდია და ბუყბუყებს. მუცელში მახვილი გაუყარე, და ჯერ კიდევ ცოცხალია. იცი, რომ ეს საქმე უნდა მოამთავრო, მაგრამ ძალა არ შეგწევს. ნამდვილ რკინის ჯვარზე ხარ გაკრული და რომაელი ჯარისკაცი ძმრიან ღრუბელს ტუჩებზე გისვამს.

 

1 2 3 4 5 6