46.

მეორე ხმა: და რა? რას მიბრძანებთ გავაკეთო? უკან დასაბრუნებელი გზა რომ არაა, ნათელია. იმავე ადგილას დავრჩე? არა, მე ასე არ ვიქცევი. ანუ – ბედისწერასთან შესახვედრად? კი ბატონო – მე მზადა ვარ. (დარბაზში.) რატომ გაისუსეთ? რატომარ მაჩერებთ? რატომ არ მამშვიდებთ? ერთ ადამიანურ სიტყვას ხომ ხანდახან ძალუძს, რომ დაღუპვისგან გიხსნას. ჰმ, ეს რას ვლაპარაკობ? ვისთან ვლაპარაკობ ამას? კარგად ბრძანდებოდეთ.

47.

სცენა: ღამე აგარაკზე. მოშორებით მატარებლები ჩახრინწული ხმით გუგუნებენ. ძალიან ცივა.

48.

სხვა სცენა: გაგანია ზაფხული. სცენის მიღმა სოფლელი გოგონების სიმღერა.

49.

სხვა სცენა: მაგიდა, ჩაისთვის გაწყობილი. სამოვარი, ბლითები. უწესრიგოდ დადგმული სავარძლების საზურგეებზე პლედები და ლაბადებია. ყველაფერში რაღაც მსუბუქი ზედაპირულობაა.

50.

სხვა სცენა: მისაღები ოთახი არამდიდრულ სახლში. მძიმე შტორებს მიღმა მიმქრალი შუქი. ბევრი ყვავილი ყველანაირი ზომის ლარნაკებში. გმირი ქალი სწრაფად შემოდის, თითები საფეთქლებზე აქვს მიჭერილი. თითქმის უგონოდ ეცემა სავარძელში. ქვითინი.

51.

სხვა სცენა: ვერანდა ხეხილის ხეების ყვავილების სურნელებაში. ორი სარწეველა სავარძელი. ერთ-ერთი მათგანი ნელა ირწევა, საიდანაც გასაგებია, რომ სულ ახლახან ვიღაც გარეთ გავიდა. სცენის მიღმა ხმები: ქალის – აღელვებული, და მამაკაცის – დამამშვიდებელი. სცენაზე ჯერ არავინ გამოდის. მოახლოებული ჭექა-ქუხილის ხმები. უეცრად ბნელდება.

52.

სრულიად სხვა სცენა: სცენის გაფორმებიდან ჩანს, რომ ამინდი დილიდან შესანიშნავია, გუშინდელი მძაფრი ქარი ჩადგა და თან წაიღო გამოუვალი სიპირქუშის ნაფლეთები და ნარჩენები. სცენის განათებიდან ჩანს, რომ გმირ მამაკაცს, რომლის ნაბიჯები უკვე სცენის მიღმა ისმის, გული სინათლით სავსე და ცოტათი დასევდიანებული აქვს, როგორც ახალგაზრდობის საუკეთესო პერიოდში.

უცებ ჩამოვარდნილი სიჩუმით ცხადი ხდება, რომ მის ცხოვრებაში თითქმის ყველაზე გადამწყვეტი მომენტი დგება. თუმცა აბსოლუტური სიჩუმის წიაღში დაბადებული ხმაური შეუმჩნევლად მატულობს. მატულობს და მატულობს, სანამ სრულიად აუტანელი არ ხდება.

 

(ფარდა)

1984.

 

 

რუსულიდან  თარგმნა

შოთა  იათაშვილმა

 

 

1 2 3 4 5 6 7 8