13.

შემდეგი წარწერა ღაღადებს: „გამვლელო. შეჩერდი. სცადე, რამე სხვა მოიფიქრო. ამაზე უკეთესი.“

14.

აქ ჩვენ ვკითხულობთ: „გამვლელო. ადრე თუ გვიან – მოკლედ, ხვდები, ჰო, ისედაც… ასე რომ – მოკლედ, ხვდები, ჰო, ისედაც…“

15.

აქ წერია: „გამვლელო. გაითვალისწინე – შენ შეიძლება საერთოდ ვერაფერსაც ვერ მიხვდე.“

16.

აქ: „გამვლელო. ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობდით. რაზე ველაპარაკოთ ერთმანეთს?“

17.

და აქ: „გამვლელო. არ გაჩერდე. წინ იარე.“

18.

წავიდეთ წინ.

19.

აი, ვიღაცას ბინდბუნდში გადაუწყვეტია დაემშვიდობოს იმედებს და არ გამოსდის;

ვიღაც, მძიმე მდგომარეობაში მყოფი, გამოსავალს ეძებს და ვერ პოულობს;

ვიღაც ცდილობს მკვეთრი ხაზი გაავლოს წარსულსა და მომავალს შორის. მას უბრალოდ ვერ ამჩნევენ;

ვიღაც ისე მოეწყო, რომ რაც არ უნდა თქვას, ყველაფერი საქმის არსს ეხება. ეს კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. მას ამჩნევენ;

20.

აი, ვიღაც, მეტისმეტად ყურადღებიანი, ვერ ამჩნევს მთავარს. წვრილმანებზე კონცენტრირებული, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ გამოიყურება;

ვიღაცას, მარადისობისკენ მიმართულს, ფეხი მოუსრიალდა და ეცემა. და მას მკვეთრი შუქიც ეცემა. საკმაოდ საცოდავი სანახაობაა;

ვიღაც გონზე ვერ მოდის რომელიღაც გამაოგნებელი ამბის შემდეგ. და ასე – დარეტიანებული – დადის;

ვიღაც იკარგება ბრბოში. მას პოულობენ, ხმამაღლა ესალმებიან, თითქმის ძალით ყველას საჩვენებლად გამოჰყავთ. და აი, დგას ისიც;

21.

აი, ვიღაც გაყინული მზერით გაუჩერებლად ლაპარაკობს სულ უფრო და უფრო გაუგებარს, მერე მიდის, უკან ბრუნდება, ისევ მიდის – და ასე, ბევრჯერ;

ვიღაც დამკვიდრებული მანერით სვამს ქალბატონს ვაგონში და მერე დიდხანს უქნევს ხელს. სახეზე გულის აჩუყება ეხატება;

ვიღაც მარტო რჩება. ის სრულიად დაბნეულია. წარმოდგენაც კი არა აქვს, რა ქნას. სახეზე – განცდათა მთელი გამაა გამოსახული;

ვიღაცას, დაეჭვებულს, სულ სურს, რაღაც იკითხოს, მაგრამ ვერ ბედავს. დაბნეული ღიმილი;

22.

აი, ვიღაც ჩუმი ხმით წარმოთქვამს სანუგეშო სიტყვებს;

ვიღაც – უნუგეშო – ამ სიტყვებს ვერ იღებს. ის ამბობს, რომ არ უნდა არავისგან არაფერი;

ვიღაც, დათრგუნული იმით, რომ მოვალეა, მავანს რაღაც უკიდურესად უსიამოვნო აცნობოს, გაუთავებლად წელავს თავის გადაწყვეტილებას. მას შეგვიძლია გავუგოთ;

ვიღაც თვლის, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არასწორია, არადა თავად სულ ასე იქცევა, რასაც, მოკალი და, ვერ ამჩნევს;

23.

აი, ვიღაც, ყოფიერების ანკესზე წამოგებული, თავის ბედს დასტირის და ოდნავადაც არ ეჭვობს, წინ რა მოელის;

ვიღაც ნახევრადჩამწყდარი ხმით ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ბედნიერია. ყველანი ერთმანეთისკენ მზერას აპარებენ;

ვიღაც მოგონებებში ვარდება. მის შეჩერებას აზრი არა აქვს;

ვიღაც უიმედოდ ცდილობს ერთს რაღაც აუხსნას. შეუგნებლობას ის წყობიდან გამოჰყავს;

 

1 2 3 4 5 6 7 8