ხან მარადიულობის მოძრავი ხატი.

ხან ზღურბლთან გელოდებიან.

ხანაც გამოღვიძების ტიტანური მცდელობა.

ამასობაში კი რისი ხილვაც არ შეიძლებოდა, თვალწინ გამოგესახება…

 

ხან პატივის მისაგებად დახრილი შუბლი.

ხან ის კაცი, გაქცევაზე რომ უჭირავს თვალი.

ხანაც ჩაწვება ყველა, ძირს დაეყრება.

ამასობაში კი მიდი და უხსენი ამ ხალხს, რაშია საქმე…

 

ხან ღამის ქარის ცივი სუნთქვა.

ხან ყველას გამონაყარი აქვს ენაზე.

ხანაც გულუბრყვილოდ ვარაუდობ, ყოველივე ეს ჩვეული გზით გადალახო.

ამასობაში კი ესენი…

 

ხან ერთი საწყისი აშკარად მეორეს ჯაბნის.

ხან რაღაც საერთოა, რაც შეიძლება მხოლოდ გესიზმროს.

ხანაც ერთი სული აქვთ რაღაცაში გამოგიჭირონ.

ამასობაში კი ვიღაცის სრულიად გაუგებარი რეაქციები…

 

ხან უსასრულო რაოდენობის ვარიანტიდან თითოეულის აღწერა.

ხან არცერთ მითოლოგიაში რომ არა აქვს ადგილი, ისეთი მოვლენების ლოდინი.

ხანაც არ ვიცით, რა ვუყოთ ერთმანეთს.

ამასობაში კი რაც იყო, მოგეჩვენება, რომ არც ყოფილა…

 

ხან მოქუფრული დილა უძილო ღამის შემდეგ.

ხან ის, რომ შეუძლებელია მოიცვა ყოველივე არსებული.

ხანაც მარადიულის გადაულახავი სევდა.

ამასობაში კი რაც იყო, მოგეჩვენება, რომ არც ყოფილა…

 

ხან კიდევ ერთი პუნქტი განცდების რეესტრში.

ხან ის, რომ მუდამ სულ რაღაც ახალი ჩნდება და არ იცი, რა უყო.

ხანაც მიდი და ითმინე, თანაც როცა გაუგებარია, რისთვის.

ამასობაში კი წესიერად ფრთებსაც ვერ გაშლი…

 

ხან დარდები და შფოთვები.

ხან იმედები და ნუგეშისცემა.

ხანაც ცა აუსტერლიცის თავზე.

ამასობაში კი რაღაც გადაწყვეტილება მოგისწრებს…

 

ხან მისაწებებელი ფურცლები.

ხან მიდი და ყველაფერი წინას და შემდგომს შეუსაბამე.

ხანაც ცხადი ხდება, რომ უსასრულოდ ეს ვერ გაგრძელდება.

ამასობაში კი დასასრული არა და არ ჩანს…

1985.

 

1 2 3 4 5 6 7 8