სულ წინ და წინ

 

1.

აქ იწყება ყველაფერი.

ყველაფრის თავი და თავი აქაა.

მაგრამ წავიდეთ წინ.

2.

აქ არ გკითხავენ, ვინ ხართ და საიდან.

ისედაც გასაგებია ყველაფერი.

ესაა სწორედ ის ადგილი, სადაც მომაბეზრებელ შეკითხვებს არ სვამენ.

თუმცა წავიდეთ წინ.

3.

აქ მსუბუქად და თავისუფლად სუნთქავს ადამიანი.

საუკეთესო დასასვენებელი ადგილია ეს.

მაგრამ საჭიროა წინ წავიწიოთ.

4.

აქ რასაც თვალს არ შეავლებ – ყველაფერი მშვენიერებაა, რასაც ყურს არ მოკრავ – ტკბილი სიმღერაა, ვინც რა უნდა თქვას – ყველაფერი ჭეშმარიტებაა.

მაგრამ წავიწიოთ წინ.

5.

აქ კი უკვე ყველაფერი სხვანაირადაა.

არა აქვს მნიშვნელობა, როგორ.

მთავარია, რომ სხვანაირადაა.

6.

აქ სულერთია, რა როგორაა.

მთავარია, სამუდამოდ დაგამახსოვრდეს.

7.

აქ ნოსტალგიის მძაფრი განცდა გეუფლება.

რითი მიიღწევა ეს, გაუგებარია.

8.

აქ დიდხანს დარჩენა არ ღირს. მოგვიანებით ალბათ გახდება ცხადი, თუ რატომ.

9.

აქ ყველას თავისი ფსკერი და ჭერი აქვს.

დაცემის და ამაღლების საზღვრები აქვს ყველას თავისი.

და მხოლოდ აქ არაა ასე.

10.

აქ ყველაფერი რაღაცას გაგონებს, რაღაცაზე მიგანიშნებს, სადღაც გგზავნის.

როგორც კი იწყებ მიხვედრას, თუ რაშია საქმე, წასვლის დროც მოდის.

11.

აქ საჭიროა გაუმკლავდე ცდუნებას, დასვა კითხვა, თუ რა იქნება მერე. მერე კი ის იქნება, რაც ისედაც უნდა იყოს.

12.

აქ წერია: „გამვლელო. შეჩერდი. დაფიქრდი.“

 

1 2 3 4 5 6 7 8