ხან აჩრდილები წყვდიადში დაძრწიან და გვაშინებენ.

ხან რაღაც სხვა უცნაურობებია.

ხანაც შუაგზაზე კვდება იმედი.

ამასობაში კი ვერაფერში ვერ გარკვეულხარ…

 

ხან ვერცხლისწყლის  ბურთულა მიგორავს პირქუში ბედისწერისკენ.

ხან მძიმე მოგონება არ გეშვება, კუდში მოგყვება.

ხანაც მთავარი არსი გამუდმებით გისხლტება ხელიდან.

ამასობაში კი ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს…

 

ხან აღმოსავლეთი ვარდისფერდება.

ხან დასავლეთი იფერფლება.

ხან დღის საზრუნავი არ მთავრდება.

ამასობაში კი დრო დადგა უკვე რაღაც ისეთი…

 

ხან სივრცეებია გადაშლილი.

ხან თვალთან თითს ვერ მიიტან.

ხან გულზე ნაღველი გაწევს.

ამასობაში კი ამ ყველაფერში უნდა გაერკვე…

 

ხან, მიუხედავად ყველაფრისა, სამხიარულო ამბავია.

ხან გასაგებზე და გაუგებარზეა ერთად ლაპარაკი.

ხანაც არ იცი, მომაკვდავი იმედების თრთოლვას როგორ გაუმკლავდე.

ამასობაში კი საერთოდ ვერაფერს ასწრებ…

 

ხან ჩვენს რიგებში ენთუზიაზმის შესამჩნევად დაცემაზე მიდის საუბარი.

ხან ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევის დამღუპველი ჩვევისგან გათავისუფლების შესაძლებლობაზე.

ხანაც იმაზე, რომ საგნის ასეთი ხედვა მართებულია.

ამასობაში კი იჯექი და იფიქრე, რა შეიძლება და რა არა…

 

ხან ღმერთმა უწყის, რა მიხარია.

ხან ეშმაკმა უწყის, რის გამო ვშფოთავ.

ხანაც გაუგებარია, რა მიზიდავს ასე.

ამასობაში კი არავინ ენას არ აჩერებს…

 

ხან ოქროს სახე, მოკლებული სიფრთხილეს.

ხან ფარდა, გარღვეული ზემოდან ქვემოთ.

ხანაც დაუფიქრებლად რაღაცას წამოროშავენ,

ამასობაში კი იჯექი და ელოდე, სანამ მოგმართავენ…

 

ხან თოკებით ფეხებდაბმული ყოფის სიმკვირცხლე.

ხან ის, რომ ყოველ თავის დაქნევას თავისი მნიშვნელობა აქვს.

ხანაც ცნობიერება იწყებს ზანზარს.

ამასობაში კი ხმას ვერავის მიაწვდენ…

 

ხან მეხსიერება ხის ყოველ ნაოჭში.

ხან მომაჯადოებელი ბანგის ერთი ყლუპი.

ხანაც ალაგ-ალაგ დომხალი და არეულობა.

ამასობაში კი არავის არაფრის გაგონება არ სურს…

 

1 2 3 4 5 6 7 8