სიტყვების და სიმართლის

 

პოეზია არ არის გულუხვი.

 

იოლად არ მოგცემს სივრცეს და მანძილს.

ზოგჯერ ისეთი მოგონებისთვის

გაგხდის შორი გზის მოგზაურს,

ძალდატანების გარეშე რომ უნდა გაცოცხლდეს.

 

სიტყვები არ არიან დამყოლნი.

 

ზოგჯერ ისეთი გაოცებულები შემოგხედავენ,

თითქოს პირველად ხდება,

რომ ტყუილსაც და მართალსაც

მათ ვათქმევინებთ.

 

ენა არ არის მოქნილი.

 

კარს იოლად ვერ გააღებინებ,

ვერ აიძულებ, ყველა ამბავი ისე  გითხრას,

როგორც სინამდვილეშია.

ინახავს  სიმართლეს, რადგან იცის,

თუკი გათქვა – ტყუილს დამსგავსება.

 

 

არ ეცემიან სიტყვები მიწაზე, – იტყოდა ბებიაჩემი,

არამხოლოდ პირის გემოს დაოკებაა მარხვა.

 

1 2 3 4 5 6 7