სიფხიზლისა და ძილის
ერთი პირი წყალსაც დაეძინებაო,
ამბობდა ბებიაჩემი და მაძლევდა ნიშანს –
სიფხიზლისა და ძილისათვის.
მაძლევდა ნიშანს,
რომ
სირცხვილს არ გასდის ვადა
და დროდადრო თავს გვახსენებს,
როგორც დამალული შიში.
რომ
შესაძლოა, ერთი ამბავი
მეორე ამბის საყრდენი იყოს,
დაიწყო მოყოლა და დაინახო,
როგორ ხდება შენი მოგონება სხვისი.
რომ
წარსული არსად მიდის,
ვერც უკან მოიტოვებ –
ეს ის დროა,
რომელიც თან დაგაქვს.
რომ
სხეული არასდროს ტყუის
და გამოცდილებაც მეხსიერებას ჰგავს –
სავსეა მოულოდნელობით.
რომ
სიჩუმესა და მარტოობაში
ყველაზე ხშირად ითქმება
რაღაც მნიშვნელოვანი.
ამიტომაც –
ხშირად ვმღერი გულში,
ხშირად ვეცეკვები საკუთარ თავს.