საზღვარი

 

უცნაური სიტყვაა – საზღვარი.

გიწვევს, გიბიძგებს გადასალახად.

ამიტომაც ვარღვევთ მას,

თუმცა ზოგჯერ თვითონვე ვავლებთ,

თუნდაც წარმოსახვითს.

 

რაღაცნაირი სიტყვაა – საზღვარი.

წესრიგის მოყვარული,

შეგონებებით უხვი:

– ზღვარს ნუ გადახვალ,

– ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.

 

მძიმე სიტყვაა – საზღვარი.

ზღვის ნაპირზე გამორიყული

ბავშვის გვამებით,

დამპყრობლის მიერ ნაწამები

შენი თუ სხვისი შვილით.

 

უხილავი სიტყვაა – საზღვარი,

როცა გჭირდება

საკუთარ თავთან დაშორება.

 

აუხსნელია საზღვარი.

მეხსიერების ბარათზე შენახული

ვერცერთი სიტყვა ვერ გამოთქვამს,

 

რას ნიშნავს

პოლიციელების კორდონი

შენი ქალაქის მთავარ ქუჩაზე,

შვილმოკლულ მამებსა და

შვილმოკლულ დედებს შორის

 

როცა

 

დედებს სჯერათ,

რომ მამებისთვის

მოკლული შვილი –

მძინარეა.

 

1 2 3 4 5 6 7