მამას

 

გაზაფხულის გადაგვარებულ ქარებს შენზე ფიქრი ნაგლეჯ-ნაგლეჯ მოაქვთ.

ერთად ფიქრი ჯერ ვერ გავბედე,

და ვერც აღგიქვი,

თითქოს ზამთრის მეჩხერ ტყეში უგზოუკვლოდ დამეკარგე.

 

გონებაში ყველა სევდიანი ეპითეტით შეგამკე და არც ერთი მოგიხდა.

დავდივარ ასე უსიტყვებო, კვირტგამობმულ ხეებს შორის,

ჩამომხმარი და ფიქრგაცვეთილი.

მზერას ვერ გაწვდენთ ვერც შენ და ვერც შენს ახალ სამყოფელს.

 

და ჩემს ახალ წელთაღრიცხვაში,

რომელშიც შენს არსებობას აღარაფერი მაჯერებს,

მაინც ყველაში და ყველაფერში გეძებ.

 

მგონიხარ –

ჩემს ფანჯარასთან მოფრენილი ჩიტი –

შენც ხომ თითქოს მისხელა გული გქონდა.

კაცი, რომელიც ტრანსპორტს ელის –

როგორც შენ, როცა ყოველ დილით სამსახურში მიდიოდი.

კვირტი, რომელიც ხემ გამოიბა –

როგორც მე შენზე ფიქრი.

მუსიკა, რომელიც ტანში მივლის –

და რომელიც სასტიკად ჰგავს შენს არყოფნას.

 

გაზაფხულზე უნდა გიყვარდეს თქო – ვიმეორებ სულელივით.

ყველა სიყვარულს ფიქრით გიგზავნი,

მზერით ვეფერები ყველა კვირტს და ჩიტს, რომლის მიღმაც შენ მეგულები.

 

ვიცი, აქა ხარ.

1 2 3 4 5 6 7 8