იქნებ ეს მართლაც დაუცველობის პოზაა,

იქნებ თავის მოტყუებაა,

ან სულაც კადრია,

რომელიც თვეებისას შემომრჩა

და ვერაფრით ამოვაგდე გონებიდან.

 

იქნებ ამიტომაც მაქვს სულ სიცივის შეგრძნება,

ისინი კი რაიმე ავადმყოფობას აბრალებენ.

იქნებ ამიტომ არ მყოფნის სითბო, რომელსაც გამოხატავენ

და გამოხატავენ

და გამოხატავენ.

მაგრამ ყოველთვის არასაკმარისად.

 

ალბათ მაგიტომ – მთელი ცხოვრება იმ სითბოს დევნაა.

 

მე კი ვერასდროს დავივიწყე ყველაფერი ისე, რომ გამეხსენებინა,

თუ როგორ არაფერზე ვზრუნავდი

და არაფერი მტკიოდა

და არაფერი მაღელვებდა,

როცა გამოზნექილი სხეულის მიღმა მკვებავდნენ.

 

სადღაც იმ გაუაზრებლობასა და გააზრებას შორის ვდგავარ,

უფრო სწორად ვწევარ,

მაგრამ ვერაფრით,

ვერაფრით ვბრუნდები უკან.

 

1 2 3 4 5 6 7 8