როცა უკან დაბრუნება მინდება

 

იქ სხვანაირი სითბო იყო,

მახსოვს.

პირველი ტირილიდან მუცელზე ხოხვამდე,

მუცელზე ხოხვიდან პირველ ნაბიჯებამდე,

პირველი ნაბიჯებიდან პირველ სიტყვამდე,

და სიტყვიდან წინადადებამდე,

არაფერი მახსოვს.

მაგრამ მახსოვს,

რომ იქ სხვანაირი სითბო იყო.

პირდაპირ მზიდან მონადენი –

სუფთა, ანკარა სითბო, რომელთანაც რაღაც მანქანებით,

ჩემთვის გაუგებრად დაკავშირებული ვიყავი.

მე ასე მგონია, მთელი ცხოვრება იმ სითბოს დევნაა.

 

როცა ძალიან ბნელდება,

როცა ყველაფერი ცუდდება,

როცა მიწები მწუხარებისგან შრებიან,

როცა ცა ჩამოქცევაზეა,

მე ვწვები ზუსტად ისე,

როგორც მაშინ –

ემბრიონივით

და

ვცდილობ, სხვა ყველაფერი დავივიწყო,

რათა იმ სითბოს გახსენება შევძლო,

რომელიც მუცლადმყოფობის დროს ვიგრძენი.

 

როცა სიტყვები აზრებს ვეღარ გამოხატავენ,

როცა არ მომწონს, რაც ჩანს,

არ მიყვარს, რასაც ვუსმენ,

არ მყოფნის, რასაც ვგრძნობ

ან იმდენად ბევრს ვგრძნობ,

რომ ვეღარ მეტევა –

ისევე, როგორც სამი წლისწინანდელი კაბა,

მე ვწვები ზუსტად ისე,

როგორც მაშინ –

ცოტა ხნით ვირწევი,

შემდეგ კი ნელ-ნელა ვიკუმშები

და ვცდილობ, ყველაფერი დავივიწყო,

რათა იმ სითბოს გახსენება შევძლო.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8