რა ფერისაა სიკვდილი, ?

 

რა ფერისაა სიკვდილი, ნ?

 

რა ფერისაა სიკვდილი, იქნებ მომიყვე..

 

რათა მომწყდარი ფიქრის ჩიტები სამშვიდობოს – თბილ ქვეყნებში გავისტუმრო..

 

რა ფერისაა სიკვდილი, ნ? – ფიქრის გორები ავაყირავე, მოდი, მოყევი –

 

გამაგებინე, მზე თუ ათბობს გარდაცვლილ სულებს,

 

თუკი სიცივე თქვენს სხეულებს კვლავაც ატყვია..

 

რა ფერისაა სიკვდილი, ნ? – თვალებს დავხუჭავ, წარმოვიდგენ, მაგრამ ვერ ვწვდები –

 

იქნებ ჩემსავით უფერულია – როგორც მტკნარი ზღვა ან თვალები, რომლებიც არ მეტყველებენ..

 

იქნებ ჩემსავით უფერულია, იქნებ სიკვდილსაც ვიღაც მოუკვდა – აბა, რა ვიცი..

 

რა ფერისაა სიკვდილი, ნ? – რა ფერისაა ის არსება, მე რომ მაწვალა და შენი თავი სამუდამოდ გადამისახლა..

 

რა ფერისა ხარ? – იქნებ ვარსკვლავებს, იმ ვარსკვლავებს, შენ რომ სულ ჰგავდი, უფრო მეტადაც დაემსგავსე, ნეტავ ვიცოდე –

 

რა ფერისაა სიკვდილი, ნ? – მოდი, ამხსენი საიდუმლო და მანუგეშე – რომ შენ კარგად ხარ და დამთავრდება ის კოშმარი, რასაც ამდენ ხანს ვეწამე და ვერ შეველიე..

 

რასაც ამდენ ხანს ვისიზმრებდი გაბმულად და ვერ შევბედე, თავად მეკითხა..

 

რაზეც ამდენ ხანს ვფიქრობდი და ფიქრი გავცვითე – ხო, მოვიბეზრე ეს სიკვდილი, ზედმეტად მტკნარი..

 

რა ფერისაა სიკვდილი, ნ? იქნებ მიწიდან ამობრუნდე, უცბად მომიყვე, რას ნიშნავს იყო მკვდარი, რომელიც საიქიოსკენ ვერ გაუშვიათ.. მოდი, მოყევი და მერე მოკვდი, ოღონდ ნაკლებ-ემოციურად, მეტს ვერ ავიტან..

 

აი, ამ გრძელი გარინდების ბოლოში მე  ვარ, თავში – შენ, ჩემ მიერ მონატრებული. ამ გარინდების თოკებს უსასრულოდ ვეჭიდები და ვერ მოვქაჩე – ალბათ, ამქვეყნიერებაზე მხოლოდ ესაა შეუძლებელი..

 

რა ფერისაა სიკვდილი, ნ?

 

 

1 2 3 4 5 6 7 8