***

სიზმრად ნანახ ეპიზოდებში,

ჩემს ფიქრებს გამოკერებულ ქუჩებსა

და ქუჩებს გამოკერებულ ფიქრებში,

ენაალაგმულ მწუხარებებში,

უკუნ ღამეებსა და ნისლიან დღეებში,

თოვლში და ქარში

ჯერარნანახი განცდით

ჩემი თვალებიდან შენს თვალებში

მხოლოდ ის შემიძლია,

რომ მიყვარხარ გითხრა.

მე მხოლოდ შემიძლია,

საქმემოძალებულ და ფიქრმოძალებულ დღეებში,

ადამიანებმოტმასნულ და თითქმის შეუძლებელ ყოფაში

შენთვის ფანჯარა გავაღო

და აქედან გიძახოდე,

აქედან გიყვებოდე ჩემი სიყვარულის შესახებ.

გიყვებოდე, როგორ მაშორებს კაცობრიობის მიერ შექმნილი

და ჯერ ვერგადალახული ბარიერები,

საქმეები, რომლებსაც შენამდე ვერასდროს მოვყავარ,

დისტანციები, რომლებიც არასდროს ილევიან

და თვითონ ადამიანები, რომელთათვისაც დათმობილი დრო

შენთვის უნდა დამეთმო.

მე მხოლოდ შემიძლია,

დავდგე ამ უსაშველო ყოფაში და ჩემთვის,

ჩუმად ვიგმინო ჩემი სიყვარულის შესახებ,

რომელიც ვერა და ვერ შედგა ისეთი,

როგორიც მინდოდა.

მაგრამ მაინც..

მე შემიძლია, შენი თავისთვის ჩემი კალთა შემოგთავაზო,

შუბლზე დაგატყო ჩემი გმინვა,

ხელის გულებზე დაგაწერო ჩემი ვაება,

და საკუთარ სხეულში დავიგუბო განცდები,

რომლებსაც ვერსად ამოთქვამ.

სადღაც,

სხეულის მარცხენა მხრიდან ხმები ამომძახიან,

რომ სიყვარული მიძღვნაა,

იმის, რაც შეგვიძლია და

რაც არ შეგვიძლია,

მაგრამ წვეთ-წვეთად,

მისხალ-მისხალ,

როგორღაც ვყოფნით ჩვენ მიერ

ნაყვარებ და შეყვარებულ

ადამიანებს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8