მაისი

 

მიყურე –

სიმწვანე ჩავიცვი,

მზის სხივები ხელებზე ამივიდა,

თითებში ჩამიდგა ნელი ნიავისგან მოტანილი სიმშვიდე – საგაზაფხულო.

ქუჩებში – ხმაური,

შენობებში – სიცარიელე,

ჩემში – კმაყოფილება.

დღესასწაულში ჩაყვინთული არსება ვარ და ორ წუთში ერთხელ ვიმეორებ –

ეს თვე ჩემია..

და რომ დაღლა არ მიწერია მაშინ, როცა თვალებში მაისი მიდგას,

სხეულში მაისი მიდგას და მისგან ჩაღვრილ სიკეთეს ნება-ნება ვურიგებ სამყაროს.

ეს თვე ჩემია –

წამწამიდან წამწამზე,

სიტყვიდან სიტყვაზე გადამდის კმაყოფილება.

ხედავ, როგორ ვანთივარ?

თითქოს დიდი ხნის გაშვებული სიყვარული უკან დამიბრუნდა –

და თან ხსნა მომიტანა,

მრავალჯერადი,

ხანგრძლივი..

მიყურე –

როგორ გამეხსნა სიცივისგან შეკუმშული მხრები,

როგორ ავწიე ჩახრილი თავი და მზის მორევს სახით შევეშვირე..

მიყურე, როგორ დავეხსენი უფერულ ვარამს,

თითქოს ცივი შიშები ზამთარს გავატანე –

და მეც დავთბი,

გამოვმზეურდი..

ჩემია ეს თვე –

დიდი ხნის ნანატრი სიმშვიდით მეფინება სხეულში ეს სიტყვები..

თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ჩემს თავს მაისი ვაცალო..

 

1 2 3 4 5 6 7 8