ზღვის იქით ცხოვრობს ჩემი კაცი.  

 

ზღვის იქით ცხოვრობს ჩემი კაცი.

 

ზღვის იქით ცხოვრობს და არ იცის, რომ ზღვისგადმოღმა მე ვარ, მისი მომლოდინე მე.

 

ზღვის იქით ცხოვრობს ჩემი კაცი, აწურული მკლავებით, გაუხეშებული, გრძელი თითებით ყოველ დილით ლიმონიან ჩაის იდუღებს, წიგნში სამკუთხედად ჩაკეცილ ფურცელს მარტივად პოულობს და კითხვას იწყებს.

 

ზღვის იქით ცხოვრობს ჩემი კაცი, ჩემი ნაოცნებარი.. ოდნავ გამკრთალი მიმიკებით, წყნარი და დაუსაბამო თვალებით, თაღებად აზიდული წარბებით ზღვას გასცქერის და არ იცის, რომ ზღვის აქეთ მე ვარ.

 

ვენებამოყრილი ხელებით ყოველ დილით ფეჩს ანთებს, სიმარტოვის წამებს სიჩუმის მელოდიაში აითვლის და ცხოვრობს თავისთვის, არ ჰგონია, ვინმე ელოდებოდეს..

 

ცეცხლში იკლაკნებიან მისი მუზები, მისი ათასგზის ნაწვალები და მრავალფეროვანი ფანტაზიები, ყელამდე ამოსდიან სიტყვები და ყელშივე უგუბდებიან, მას ხომ არავინ ჰყავს და ჰგონია, არც არავინ ელოდება..

 

ზღვის იქით ცხოვრობს ჩემი კაცი და ეს ზღვა, უსაშველოდ ბოროტია, რადგან უსაშველოდ სულის გამაწვრილებელი მიქცევა-მოქცევებით არასდროს მაძლევს საშუალებას, ჩემს ოცნებამდე მივიდე.

 

სულ მგონია, წყალში ჩახტომას აუცილებლად გავბედავ და მაინც მივაღწევ ჩემს ედემამდე. სულ მგონია, ღამის ნიმფები ერთხელაც გამიტაცებენ და შუა ზღვაში მიკრავენ თავს, ნება-ნება წამიყვანენ და მიმართმევენ ჩემს ნაოცნებარ კაცს. სულ მგონია, სივრცეს დავკეცავ, წამის მეასედებში გავჩნდები იქ, სადაც მინდა. ფრთებს გამოვიბამ, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ჩიტებივით გადავფრინდები და თან წავიღებ ყოველდღე ნაგრძნობ დღესასწაულს – მასაც ვაგრძნობინებ.

 

მე სულ მგონია, რომ ოდესღაც ზღვის იქით მოვხვდები..

 

რადგან ზღვის იქით ცხოვრობს ჩემი კაცი და ჩემი ადგილიც იქ არის.

1 2 3 4 5 6 7 8