ჩემი და არის იგი

 

ჩემი და არის იგი. მუცელშივე გაწყალებული და ჯერაც ვერშობილი.

ჩემი და არის იგი, ისევ რამდენიმე კვირის, ისევ დედაჩემზე მიმაგრებული და უსუსური.

 

ცხოვრების ვერმნახველი არარსებობაში გაფანტულივითაა – არ არის და მაინც არის ჩემი და – იგი.

 

ალტერ-რეალობაში ჩემზე გაცილებით ღია თმა აქვს, არც გამხდარია, არც მსუქანი. ყავაზე მეტად ჩაი უყვარს და ჩაიზე მეტად დედაჩემი. მე კიდევ ისე ვბრაზდები ამ სიყვარულზე, ლამისაა ეს ალტერ-რეალობაც ერთიანად დავჭმუჭნო და შევჭამო. არადა მე სულ მინდოდა და. ჰოდა, ასეთ სინამდვილეში ჩემი და იგია და იგის და კიდევ მე ვარ.

 

ჩემი და არის იგი. ხშირი წარბებით, გამალებით უცემს მუდამ გული და სულ არ ეტყობა, რომ ჩემი მადლიერია – მას ხომ მე ვაარსებებ. ერთი უკმეხად გადმომხედავს და მერე ისევ თავისას უბერავს – ძირგამომშრალ მარტოობაში იძირება. თითქოს იცის, რომ მკვდარია.

 

ჩემი და არის იგი – გამტარ სხეულში მზის სხივებიც არ უჩერდებიან. ვერ თბება, მუდამ გამჭვირვალე ფერით დააბიჯებს ფერად ქუჩებში. არც ვარსკვლავები უელავენ თვალებში და არც ღიმილი ეფინება სახეზე ოდესმე. თითქოს დანამდვილებით იცის, რომ მკვდარია და მე ვაარსებებ.

 

საათობით თვალდახუჭული ზის ხოლმე – თითქოს იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა. ამ დროს განერვიულებული ხელს ვკიდებ და ვაფხიზლებ – არ მინდა, სადმე წავიდეს. წავიდეს და დედას კიდევ ერთხელ ეტკინოს. კიდევ ერთხელ შეეშინდეს კვასკვასა სისხლის და უეცარი ემოციით შეპყრობილმა, გაოცება შეაფრქვიოს მამაჩემს სახეში.

 

ჩემი და არის იგი და ვერასდროს მცნობს. არც ჩემი ქურთუკები აცვია, არც ჩემი ფერადი კაბები. არაფერში მბაძავს – პირიქით, მისი მოწყენა ჩემი მოწყენის საბაბი ხდება. მე კი როგორღაც მის თავიდან შექმნას ვცდილობ და ვერაფრით გამომდის.

რადგან ადამიანები სათამაშოები არ არიან, შენით რომ ააწყო – ისინი ან არსებობენ ან არა და შენც უნდა შეეგუო ამ მტკნარ სიმართლეს.

ჩემი და არის იგი და ეს ალტერ-რეალობაც რაღაცის დასტურია – ალბათ, ოდნავ სიყვარულის, ოდნავ მარტოობის და ოდნავ სითბოსი. იმ სიყვარულის, იმ სითბოსა და მარტოობის, რომელიც ჩემს ვერშობილ დას უნდა განეცადა, თუმცა, სამარადისოდ ჩაენთქა უმზეო არარსებობაში.

 

ჩემი და არის იგი – მუცელში გაწყალებული, თუმცა, მაინც ჩემიანი.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8