XX საუკუნის დიდი სპარსელი პოეტი სოჰრაბ სეფეჰრი, ამ პუბლიკაციის მთარგმნელის მისდამი დიდი სიყვარულის წყალობით, ქართველი მკითხველისათვის უკვე კარგად ნაცნობი სახელია. 2004 წელს გამომცემლობა „მერანმა“ „მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკის სერიით“ ცალკე წიგნად გამოსცა გიორგი ლობჟანიძის თარგმნილი სოჰრაბ სეფეჰრის ლექსები და პოემები. 2014 წელს კი ამ წიგნში შესულ ნიმუშებთან ერთად, პოეტის სხვა ლექსების თარგმანებიც შევიდა ამავე მთარგმნელის მიერ შედგენილ და „კავკასიურ სახლში“ გამოცემულ „თანამედროვე სპარსული პოეზიის“ ერთტომეულში. ამ პუბლიკაციაში წარმოდგენილი ათი ლექსის თარგმანი კი სრულიად ახალია და ქართულ ენაზე პირველად იბეჭდება.

                                                                                                გიორგი ლობჟანიძე     

 

ჟღერა

ძრწოლის სანაპიროზე ერთი მოცახცახე ფოთოლი ვარ,
შენს ფესვს მოეჭიდე.
მე გამოვიარე ხმები,
სინათლე მივატოვე,
გასაღების ზმანება ხელიდან გამივარდა.
დროის გზის პირას წამოვწექი.

ვარკვლავები ათრთოლდნენ ჩემს ძარღვებში.

მიწა აფრთხიალდა,
ჰაერი აიტალღა,
ბალახებმა ჩემს თვალებში ზმანების ვარდნა გაიგონეს.
ჩემი სურვილის ორ ხელშუა აღმოცენდი,
ჩემში ჩაიღვარე.
შენი სხეულის ბნელი სიმღერა გავიგონე:

„არც ხმა ვარ,
არც სინათლე,
შენი მარტოობის ჟღერა ვარ
და ჟღერა ვარ შენი სიბნელისა.“

ჩემი დუმილი შემოგესმა.
ჩემი თავიდან
ამოვვარდები ნიავივით,
კარებს გამოვაღებ,
მარადიულ ღამეში ვიქროლებ.

თვალები გაახილე.
ღამე ჩემში დაეშვა.

 

1 2 3 4 5 6 7 8