სიზმარი გნიასში

მაღლის ცისფერს ვფიქრობ და დაბლის მწვანე გნიასს.

ჩემივე ჩრდილის შიშით, ლერწმიანში მოვედი.

მაღლის სიცარიელე მაძრწუნებს და

ფოთოლთა დაშნები სულში მერჭობიან.

სად არის მტერი, რომ მე ჩემივე თავიდან ამაგლიჯოს.

წყევლა არსებობას: ბრმა ძგერას.

ყოფნა შემეყარა. და ღამეული შემოტევა იყო. წყევლა.

არსებობა ჩემი წამოკრიფე, ო, არ ვიცი, რომელო წარმოსახულო ღმერთო!

ჩემმა შუბმა გააპო უამრავი ტანის მარმარილო!

მაგრამ რა ხეირი? თუ არ ძალუძს ამ ნაღველის გულიდან გამონგრევა…

წყევლა არსებობას: ტკბილ გულის გატეხვას.

ჩემს შუბს – საფრთხის უგზოუკვლობის მოძმეს – ტანში ვამტვრევ.

მტვრევის ხმა გაისმის შემთხვევის სიცარიელეში. ლერწმები ერთმანეთს ეკვრებიან.

მწვანე ღიღინი იხლიჩება:

ქალის მზერა,

საამო სიზმარივით, თვალებში მიჯდება.

უიარაღო შიში მუხლებში მკვეცს.

მე – ძველი შუბოსანი – ვხდები ცეცხლი.

ის – ლამაზი მტერი – ალერსის ნამს აფრქვევს.

ხელს მკიდებს და

ჩვენ – ძველი დროების ორი ხალხი – მივდივართ.

ტანს ლერწმებს ვუხახუნებთ და მათი მწვანე იავნანით

წარმავალი ფსიქიკის აკვანს ვარწევთ.

მოცალეობას გვიმკობს

მაღალი ცისფერი.

 

1 2 3 4 5 6 7 8