უგზობა მზეში

ო, ჩვენო კიდევ, ყვავილთა გამცინებელო სიზმრად, ჩვენ შეგვბოჭა ნიჩბის მომსმელმა ხელმა.

უმზეო განთიადის კვალდაკვალ დავდივართ. რა მოვუხერხოთ ყვავილთა შემოტევას?

ანკარა ღამეული ამოოხვრის მძებნელნი ვართ. რა მოვუხერხოთ ჭუჭრუტანების ღამეულ თავდასხმას?

ბაღის იქითა მხარეს ჩვენი ხელი ვერ შესწვდა მაღლის ნაყოფს.

ქარივით ამოვქროლდით და სარკმელი სარკისკენ გაიღო.

შიგნით შევედით და ღამეულმა სამყარომ ვერ შეგვიცნო.

ძირს დავცვივდით და ჩვენს „მეს“ მიწაზე „მისი“ ანაბეჭდი გასძვრა.

საკურთხევლის სიბნელე ჩვენით გაჟღენთილა.

ჭერი ჩვენით გალიცლიცებულა. კედელი ჩვენით და აივანი ჩვენით.

ღიმილიდან ქვის სიცივემდე, ნაღვლის სიჩუმემდე.

ჩვენი ბავშვობიდან ამ ნიავამდე: კვირტი – წვიმის გამომტყუებელი.

უკან გამოვბრუნდით, რადგან ჩვენსა და ვარდის ფურცელს შორის

გაფურჩქვნის მორევია.

გარეთა ტალღა ჩვენს კლდემდე ვერ ეწვდება.

ჩვენ გამოვცალკევდით და ყოფიერების ღამიდან თავს თანაგრძნობის ვარსკვლავი წამოყოფს.

ჩვენ მივდივართ და ნუთუ ჩვენ კვალდაკვალ კარებს ერთი ხსოვნა მაინც გამოივლის?

ჩვენ გზას მივუყვებით და ნუთუ ჩვენს ადგილას ჩრდილში ერთი სევდა მაინც ჩამოჯდება?

წავიდეთ არაფრის ლერწმიანის ჩრდილიდან, ეგებ სადმე უკანასკნელმა ღერომ

კალათში ყველაზე მაღალი ვარდი ჩამოგვიგდოს…

1 2 3 4 5 6 7 8