ო, ყველა ხატებავ!

ჩვენს სასახლეში ჩქამიც არ არის, ჩვენს ქუჩაში ხმაც არ მოისმის.

ჩვენი ფანჯრების საყვავილე ღამემ მოგვტაცა.

ჩვენი ფარდა ჩამომჭკნარა რხევის ძრწოლაში.

აქ, ო, ყველა ბაგე-ტუჩო, ერთი ღიმილი

სივრცეს აძლევს მთელი სამყაროს გაურვევლობას.

ჩვენი ლამპრის არილი ჩვენსა და არსებობის ღამეს შორის შუა გზაზე ჩამქრალა.

ჩვენი მთვარიანი სვეტები აზროვნების ხვეულს ჩაუყლაპავს.

აქ ჭილოფის ანაბეჭდს, იქ კიდევ კიბისას  ჩვენი თავის ზღურბლიდან გარეთ გამოვუყვანივართ

ო, ყველა ფხიზელნო, კარი რომელი ბაღისთვის არ გამოგვიღია,

რომ იქიდან სიცრუის სურნელება ჩვენს დამალულ თალარს არ დასცემოდა?

ო, ყოველგვარო ბავშვურობავ, რა  სიმწვანისათვის აღარ გვიდევნია, რომ ჩვენთვის

სევდის ნამი არ დაეფრქვია?

ზღაპრიდან მზისკენ მიმავალი გზის მტვერში ვართ ამოსვრილნი.

ო, ყველა გადაღლილო!

ჩვენი მთავარი ფრთა პეპლის ფრთის სიმსუბუქის ნიშანწყალს სად მიაგნებს?

ცისკრის ვარსკვლავი ჰორიზონტის ჭიდან ამოვიდა.

ჩვენი მთვარიანი კიბეების გვერდით, ბავშვობა ქროლვათა ჩასაჩეხს ჩასტიროდა.

განა რომელ მიწაწყალზე,

ჩვენი ცრემლი რომელ სხვა საზღვარზე ჩამოწყდება?

ო, ყველა ხატებავ, სხვა მზეში, სხვა მზეში…

 

1 2 3 4 5 6 7 8