ვედრება

ხელები ააპნიე, რათა შენი თითის წვერებიდან ასი წვეთი ჩამოწყდეს

და თითოეული წვეთი თითო მზედ გადაიქცეს.

დაე, სინათლის ასი ნემსით ღამემ ამოგვჩიჩქნოს ღრიჭო-ღრიჭოდ.

ჩვენ ქანცგაცლილნი ვართ, ვედრება – ფერწასული.

შენი სიკეთე ღიმილად აქციე, ტუჩებზე დაგვისვი!

დაე, საგალობელი წამოდგეს და შენი უძლურება გადაყლაპოს.

ჩვენ ხედვის დაფარული ბირთვი ვართ,

გამობრწყინებისგან ღრუბელი გააკეთე, გამოგვიგზავნე, რომ ჩვენს თავზე იწვიმოს!

დაე, მღელვარებით გადავიპოთ. დაე, ვიამაყოთ, და შენს მზეს შევუერთდეთ!

ჩვენ სხვანაირობის უღრანი ვართ!

ერთფეროვნების კოცონიდან ასი ნაღვერდალი აიღე ერთმანეთს შეაზილე, ერთმანეთს შეაწანი:

მათრახად აქციე და ტანზე გადაგვკარი!

დაე, ჩვენი ფერფლიდან, ჩვენში, ერთფეროვნების ტყემ თავი უცებ ზემოთ წამოიღოს!

თვალები მოგაბარეთ. შიგ კი ძილმა ბუდე გაიკეთა.

სახეებზე ცვარი დაგვაპკურე.

დაე, გაიფურჩქნოს თვალის ზამბახი, მოირწყას შენი ნათებით და ქვემოთ ჩამოვარდეს.

თვალის ჩინმა გზა დაკარგა.

შეეწიე და შენი და ჩვენი მზერა ერთმანეთს გადააწან!

დაე, ჩვენში ჩაიღვაროს შენი ყველაფერი!

ჩვენ ჩანგი ვართ. ჩვენი ყოველი სიმი არის ტკივილი, სევდა.

ხემი დაუსვი უკვდავის სიმშვიდისა, აგვაჟღერე!

დაე, დავიცალოთ და გავჯერდეთ მდუმარების მაღალი ნოტებით.

სარკედ ვიქეცით და ყოველი ანარეკლისა შეგვეშინდა.

შენი თავი ჩვენში ჩამოაგდე!

დაე, მან მოიცვას ჩვენი არსებობა და ჩვენში მეტი არანაირი ხატი არ აირეკლოს!

ყოველ მხარეს საზღვარია, ყოველ მხრივ – სახელი.

უსახურობისაგან აასხი დროისა და ადგილის მარგალიტის გვერდით ჩამვლელები.

დაე, ყველაფერი ერთმანეთს შეერწყას, დაე, აღარ დარჩეს საზღვარი, არც სახელი.

ჰოი, შორეულო, ხელმიუწვდომელო, მარტოობის ფრთები ჩამოღლილა.

ხანდახან შფოთი ჩამოაგდე,

ეგებ შენში ჩავიყუჩოთ ფრენის ნაკადები…

 

სპარსულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ

 

1 2 3 4 5 6 7 8