ქსოვილი

ჩემი ქსოვილიდან ამოვედი. ტბორის პირას მიველ.

თევზების ოქროს სიზმარში ვარსკვლავი ჩამოვარდა. სურნელების ნაქსოვი დაირღვა.

წყალი დანანების ჩრდილით ამოივსო.

ერთმა ტალღამ ლერწამთა ცახცახს ნაღველი მიუტანა.

ნაღველი ლერწამთა ცახცახიდან ჩამოვკრიფე.

ჩემი ქსოვილიდან ამოვედი. სარკემდე მივაღწიე.

ნაღველი ხელებიდან სარკეში განმემქრა: სარკის ძილი გატყდა.

ჩემი ნაქსოვიდან დავეშვი ტბორსა და სარკეს შორის. თითქოს, ამეტირა.

 

 

იმ მხარეებში მოგზაურობისას

აივანი ცარიელია, ბაღი კი მოგზაურთა ხსოვნით გალიცლიცებული.

მზის ხეობაში ყელი მოგიღერებია.

შენს სასთუმალთან ჩრდილის დამფენ ტირიფს მუხლი მოჰკვეცია.

შორსა ხარ, ყაყაჩოების იმ მხრისაგან შორს ხარ.

ყვავილთა ძირების თვალგაშტერებაში, სად არის ღიმილის ჩრდილი, რომ გაიაროს?

ფიქრის ნაპობში, სად არის ნიავი, რომ შიგნით შეაღწიოს?

მდინარის კენჭები შენსავით სლიპინებენ.

შორეული ტყის ნამი შენს სახეს იტაცებს.

შენ შენი თავიდან მოუტაცებიხართ. და ღრმა არის ეს მარტოობა.

ტირი და უგზოობაში მოხეტიალე ბუტბუტად იქცევი.

1 2 3 4 5 6 7 8