„შერიგება N1“ – ისრაელი – გაერთიანებულ არაბთა საემიროები/ბაჰრეინი
„შერიგება N2“ – ისრაელი – თურქეთი
„შერიგება N3“ – საუდის არაბეთი – თურქეთი
„დაახლოება N1“ – საუდის არაბეთი – ირანი
„დაახლოება N2“ – თურქეთი – ეგვიპტე
სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტებით ცნობილ ახლო აღმოსავლეთში ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ამ მხრივ ერთი შეხედვით, უჩვეულო პროცესები ვითარდება. ძირითადმა ქვეყნებმა, რომლებიც რეგიონში სამხედრო-პოლიტიკურ ამინდს ქმნიან ურთიერთდაახლოებისა და წლების განმავლობაში გაცივებული ურთიერთობების გალღობა დაიწყეს. მათ შორის მთავარ სუბიექტებად თურქეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი და ირანი გვევლინებიან – ურთიერთოების ახალი ეპიზოდი იწყება თურქეთსა და ისრაელს, თურქეთსა და საუდის არაბეთს, საუდის არაბეთსა და ირანს, სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის. თუმცა ამ მასშტაბურ გადალაგებას ძნელად თუ ეწოდება არსებითი შერიგება და ახალი ორმხრივი ან რეგიონული ინსტიტუციური თანამშრომლობის ფორმატების ძიება – ეს პროცესი უფრო სიტუაციური პრაგმატიზმის გამოძახილია.
გასული ათწლეულის რეგიონული პოლიტიკის განმსაზღრელი საწყისი წერტილი 2011 წელს დაწყებული ე.წ. „არაბული გაზაფხული“ იყო. არაბულ სამყაროში წარმოქმნილმა დემოკრატიულმა ტალღამ მეტწილად ჩამოაყალიბა არაბული სახელმწიფოების ურთიერთობების ხასიათი თურქეთთან და გარკვეულწილად ირანთან. მათ შორის პოლიტიკური წყალგამყოფი ისტორიული, რეგიონული ორაგნიზაციული ქსელის, „მუსლიმთა საძმოს“ მხარდაჭერა/წინააღმდეგობა იქცა. თუმცა „არაბული გაზაფხულის“ გარდა, რეგიონში სხვადასხვა მხარეს შორის ურთიერთოებებზე ზეგავლენის მქონე მოვლენები იყო 2008 წლის ღაზის პირველი ომი და 2016 წელს, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამ მოვლენებმა განაპირობა ისრაელის მიმართება მეტწილად თურქეთთან და არაბულ ქვეყნებთან იმავე პერიოდში.
ახლო აღმოსავლეთში ახალი ათწლეული ურთიერთობების გადატვირთვით იწყება. თუკი 2010-იან წლებში მთავარ ძალებს შორის პოლიტიკური დაპირისპირებები ძირითადად იდეოლოგიურ ხასიათს ატარებდა, 2020-იან წლებში უკვე შესამჩნევი ხდება ამ იდეოლოგიური განზომილების პრიორიტეტული დაქვეითება და საგარეო პოლიტიკების დღის წესრიგში პრაგმატული პოლიტიკების დაბრუნება. 2010-იანი წლების მოვლენები ბუნებრივია, პოლიტიკური მეხსიერებიდან ჯერ არ გამქრალა და ისტორიას არ მისცემია, თუმცა მიმდინარე ათწლეული მნიშვნელოვნად განსხვავებული შინაარსის მატარებელი იქნება. ახლო აღმოსავლეთში ურთიერთობათა პრაგმატული ტრანსფორმაციის ტენდენციას გლობალური პოლიტიკური ცვილებები განსაზღვრავენ, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით.
უსაფრთხოების კუთხით, უკვე თვალში საცემია ბოლო ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში რეგიონში მთავარი გლობალური ძალის, აშშ-ის ინტერესის კლება. ამერიკული პასიურობის სათავე ჯერ კიდევ სირიის ომში აქტიური ჩარევისგან ვაშინგტონის თავშეკავებიდან იწყება, რომელსაც შემდგომ უკვე ავღანეთიდან და ერაყიდან ამერიკული საჯარისო ნაწილების გაყვანა და ამ ომების დასრულება მოჰყვა. გარდა ამისა, აშშ-ში ნავთობის მოპოვება/წარმოების უპრეცედენტო ზრდის გამო, რომელმაც იგი ნავთობმწარმოებელ ქვეყნათა ტოპ სამეულში შეიყვანა, მისი ინტერესი სპარსეთის ყურის არაბული მონარქიების მიმართაც გაანელა. ეს ყველაზე ნათლად, საუდის არაბეთის მიერ იემენში წარმოებულ ომში ამერიკულ სამხედრო-პოლიტიკურ პასიურობაში გამოიხატა. ამგვარმა პროცესებმა რეგიონი რეალურად, ე.წ. გლობალური ზედამხედველის გარეშე დატოვა, რამაც რეგიონში მასზე დამოკიდებული ქვეყნების უსაფრთხოება კიდევ უფრო მყიფე და სხვადასხვა ტიპის კონფრონტაციებისთვის მოწყვლადი გახადა. ახლო აღმოსავლეთში ტრადიციულად ქვეყნების ნომერ პირველი გამოწვევა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, შესაბამისად, ამ მოცემულობამ რეგიონული მოთამაშეები აიძულა დიპლომატიური ინსტრუმენტები გაეაქტიურებინათ და აქამდე გაყინული ორმხრივი კომუნიკაციების აღდგენის მეშვეობით მოკლევადიან პერსპექტივაში გაზრდილი რეგიონული საფრთხეების პრევენცია მოეხდინათ. ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა ერთგვარ წინასწარ სამზადისად მოსჩანს, თუ როგორი ძალთა ბალანსი ჩამოყალიბდება და რა თამაშის წესებზე შეთახმდებიან ზედამხედველის გარეშე დარჩენილი ძალები რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის.
ეკონომიკური კუთხით პრაგმატული ურთიერთობების საფეხურზე გადასასვლელად მთავარი ბიძგი კოვიდპანდემია იქცა, რომელმაც არამარტო რეგიონის ქვეყნებზე, არამედ გლობალურად ეკონომიკურ ზრდას უპრეცედენტო საფრთხე შეუქმნა და რეცესიულ პროცესებს დაუდო დასაბამი. რეცესიიდან აღდგენის პროცესი და პანდემიამდე არსებული სტატუს კვომდე დაბურნება საბოლოოდ ჯერ არ მომხდარა, რისთვისაც რეგიონში ქვეყნების მთავარ ამოცანებს ინვესტიციების მოზიდვა და სავაჭრო მოცულობების ზრდა წარმოადგენს.
„შერიგება N1“ – ისრაელი – გაერთიანებულ არაბთა საემიროები/ბაჰრეინი
27-28 მარტს, ისრაელში, ნეგევის უდაბნოს ერთ-ერთ კიბუცში გაიმართა სამიტი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტის, გაერთიანებულ არაბთა საემიროების, ბაჰრეინისა და მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრები. ეს სამიტი ისრაელსა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებს, საემიროებისა და ბაჰრეინს შორის დამყარებული წელიწადნახევრიანი ურთიერთობების პიკს წარმოადგენდა. დიპლომატების შეხევდრის მთავარი მოტივი ირანული საფრთხის წინაშე მათი ერთიანობის წარმოჩინება წარმოადგენდა, სადაც ისინი ე.წ. ირანის ბირთვული შეთანმხების აღდგენას გარკვეული ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან მათი აზრით, დებლოკირებული ირანი შესაძლოა რეგიონში კიდევ უფრო აქტიური პოლიტიკური და სამხედრო ძალა გახდეს. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გარდა, სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მათი შეხევდრები ყოველწლიურ ხასიათს შეიძენს და ნეგევის ფორუმი პერმანენტული გახდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სამომავლოდ ებრაულ-არაბული შერიგება განგრძობად სახეს მიიღებს.
ნეგევის სამიტი ბუნებრივია ვერ შედგებოდა, რომ არა 2020 წლის შემოდგომაზე ე.წ. „აბრაამის შეთანხმების“ ფარგლებში საემიროები-ბაჰრეინსა და ისრაელს შორის დიდი შერიგების დაწყება, როდესაც არაბულმა ქვეყნებმა ისრაელის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს. 26 წლიანი პაუზის შემდგომ ისინი, მაროკოსა და სუდანთან ერთად, შეუერთდნენ იმ იშვიათ არაბულ ქვეყნებს, რომლებიც ისრაელს სახელმწიფოდ ცნობენ (ეგვიპტე, იორდანია). „აბრაამის შეთანხმების“ არქიტექტორი დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ამგვარი დიპლომატიური გარღვევისთვის მაშინ ნობელის მშვიდობის პრემიაზეც კი იყო წარდგენილი.
გასული წლის განმავლობაში, ამ არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის რამდენიმე სპორტულ-კულტურული ღონისძიება გაიმართა. ქვეყნებს შორის გაიხსნა საჰაერო მიმოსვლა – 31 აგვისტოს შედგა ისტორიული რეისი თელ-ავივსა და აბუ დაბის შორის. მანამდე ორი თვით ადრე, საემიროებს ისტორიული ვიზიტითვე ეწვია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, იარ ლაპიდი, სადაც მან აბუ დაბიში ისრაელის საელჩო, ხოლო დუბაიში საკონსულო გახსნა. საჰაერო მიმოსვლასთან ერთად მხარეებს შორის დაიწყო სავაჭრო ურთიერთობებიც. ისრაელის ეკონომიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მსხვილი არაბული ინვესტიციაც განხორციელდა. არაბებმა შეიძინეს „ჰაიფას საპორტო კომპანიის“, ისრაელის ავიახაზის „ისრეარის“ და საფეხბურთო კლუბ „ბეითარ იერუსალიმის“ წილები.
მიუხედავად მხარეებს შორის ამგვარი დაახლოებისა, არაბულ-ებრაული შერიგების ამ ეპიზოდის მთავარი მოტივატორი მაინც ირანული საფრთხე წარმოადგენდა, სადაც თეთრი სახლის მაშინდელი ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობდა ახლო აღმოსავლეთში ირანის საწინაარმდეგო ბანაკი ჩამოეყალიბებინა მისი შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური შეკავებისთვის. დაახლოების ამ ძირითადი მიზეზის პრაქტიკული გამოვლინება აღნიშნული ნეგევის სამიტიც ისრაელში.
არაბულ-ებრაული დაახლოების ეს ტალღა შესაძლოა სამომავლოდ პოლიტიკური ნიადაგის შემქმნელი აღმოჩნდეს უკვე ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ოფიციალურად დამყარებისთვის. ერ რიადი და თელ-ავივი ქვედა დონის არაფორმალურ კონტაქტში ბოლო რამდენიმე წელია უკვე იმყოფებიან, სადაც ამ შემთხვევაშიც, ირანული საფრთხეა მთავარი როლის შემსრულებელი. დამატებით, ისრაელსა და საემიროებს შორის ავიამიმოსვლა საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გავლით ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ერ რიადისთვის, როგორც რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი არაბული ქვეყნისთვის ისრაელის აღიარება გარკვეული რისკების შემცველია, რადგან ამით ის პალესტინელთა საკითხის პოლიტიკურ დაქვეითებას მოახდენს, დანარჩენ არაბულ და ზოგადად ისლამურ სამყაროში საკუთარი თავის დისკრედიტაციას მოახდენს და პოლიტიკურ ლიდერობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
„შერიგება N2“ – ისრაელი – თურქეთი
9 მარტს, ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით ანკარაში უმასპინძლა. ეს იყო ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა 14 წლიანი პაუზის შემდეგ, რაც მათ ურთიერთობებში მინი გარღვევად შეიძლება შეფასდეს.
თუკი 2010 წლამდე, თურქეთი რეგიონში ისრაელი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი სეკულარული ისლამური ქვეყანა იყო, მას შემდგომ, ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა. ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გამძაფრება 2008 წლის ღაზის პირველი ომის შემდეგ იწყება, როდესაც მომდევნო წლის დავოსის სამიტზე, მაშინ ჯერ პრემიერმა ერდოღანმა შიმონ პერესი ისრაელის მხრიდან პალესტილენების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის გამო მკაცრად გაკიცხა და სადისკუსიო პანელი დემონსტრაციულად დატოვა. ამ დიპლომატიურ სკანდალს კიდევ ერთი წლის შემდეგ, 2010 წელს, ღაზის ბლოკადის გარღვევის სურვილით, მის ნაპირებისკენ დაძრულ თურქულ ჰუმანიტარულ ფლოტილიას ისრაელის საზღვაო დაცვის ძალებმა ცეცხლის გაუხსნა, რასაც თურქეთის 10 მოქალაქის დაღუპვა მოჰყვა. ამ ფაქტმა მხარეებს შორის დიპლოამტიური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა, თუმცა სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მათ შორის არ გამწყდარა – პირიქით, სავაჭრო ბრუნვა წლების განმავლობაში პერმანენტულად მზარდიც კი იყო.
გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, გასული დეკადა თურქეთი პალესტინური საკითხის გლობალურად მთავარი გამხმოვანებელ აქტორს წარმოადგენდა. შედეგად, ისრაელთან მორიგი დიპლომატიური კონფლიქტი ანკარას 2018 წელს მოუხდა, როდესაც ღაზის სექტორის საზღვრის გასწვრივ პალესტინელთა „დაბრუნების მარშს“ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ძალადობრივი გზებით უპასუხეს და რამდენიმე ასეული პალესტინელი იმსხვერპლეს. ამის გამო ერდოღანმა მაშინ ისრაელის პერმიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ტირანი“ და „ტერორისტიც“ კი უწოდა. ისრაელთან პოლიტიკური კონფლიქტის კიდევ ერთი დამადასტურებელი პროცესი იყო ანკარასა და ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის ინტენსიური კომუნიკაცია, როდესაც ორგანიზაციის ლიდერს ხშირად რეჯებ ტაიპ ერდოღანი მის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მასპინძლობდა.
2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, თურქეთის რეგიონული პოლიტიკა რადიკალური და ხშირად მილიტარისტული ხასიათისაც გახდა. ამგვარმა მეთოდებმა ანკარას თითქმის ყველა მის უშუალო და რეგიონულ მეზობელთან გამწვავებული ურთიერთობა ჩამოუყალიბა. ეს კონდიცია მას თანდათან უფრო მეტ რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკურ იზოლაციაში აქცევდა და რეგიონის პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ახდენდა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებად მდგომარეობას ვერ წარმოადგენდა. ბოლო წლებში თურქეთში დაწყებულმა ვალუტის შეუქცევადმა გაუფასურებამ, მზარდმა ინფალციამ და პანდემიისგან გამოწვეულმა სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა, ოფიციალურ ანაკარას ხელი უბიძგა მისი რეგიონული პოლიტიკის შედარებითი გადააზრება მოეხდინა და მეზობლებთან ურთიერთობის აღდგენის/დათბობის პროცესზე დაფიქრებულიყო. სწორედ ამ კონტექსტში იწყება ისრაელთან კონტაქტების აღდგენაც.
ანკარას ძირითადი მოტივაცია თურქულ ეკონომიკაში ებრაული ინვესტიციები მოზიდვაა. თუმცა ამას გარდა, ანკარას სურს ალტერანტიული ენერგომომარაგების წყაროები შექმნას და მისი დივერსიფიცირება მოახდინოს. ისრაელი რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ბუნებრივი აირის ექსპორტიორია, სადაც თურქეთს სურს ახალი მილსადენით ებრაეული ეს რესურსი აითვისოს. ამ ნაბიჯის გადადგმა თურქეთს გასულ წელს აშშ-სგან დაბლოკილი ე.წ. EastMed-ის გაზსადენი გახდა, რომლითაც ისრაელის ბუნებრივი აირი კვიპროსსა და საბერძნეთს უნდა მიწოდებოდა. ეს პროექტი მისი არარენტაბელობის გამო შეჩერდა. ამჯერად თურქეთი თელ-ავივს სთავაზობს ებრაული ბუნებრივი აირი ევროპას სწორედ თურქეთის გავლით მიეწოდოს. თუმცა ამ შეთავაზებასაც ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლები არ გააჩნია. მსგავსი გაზსადენის გაყვანა კვიპროსის, ლიბანისა და სირიის წყლების სიახლოვეს საფრთხის შემცველია. ხოლო თავად თელ-ავავის არ სურს რეგიონში მისი სტრატეგიული მოკავშირეები, კვიპროსი და საბერძნეთი, ამ ნაბიჯით გაანაწყენოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს ინიციატივა მხოლოდ თურქეთის სურვილად შეიძლება შეფასდეს.
თურქეთი-ისრაელის შედარებითი დაახლოება 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომმაც გამოიწვია, სადაც მხარეები მიუხედავად აზერბაიჯანის მიმართ მათი განსხვავებული ინეტრესებისა, ოფიციალური ბაქოს ინტერესების დაცვისკენ იყვნენ მომართულნი და მას სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას აქტიურად უწევდნენ. ანკარა-თელ-ავივის პოზიტიური კონტაქტები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს 25 მაისს, ისრაელში ვიზიტით გაგრძელდა, რაც თურქი დიპლომატისთვის პირველი შემთხვევა აღმოჩნდა ბოლო 15 წელიწადში. ჩავუშოღლუ და მისი კოლეგა, იარ ლაპიდი საერთო სავაჭრო საბჭოს აღდგენასა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
თურქი დიპლომატი პალესტინურ დასავლეთ სანაპიროსაც ეწვია, სადაც ალ-აქსას მეჩეთი მოინახულა და პალესტინური საკითხის, მათ შორის „ორი სახელმწიფოს იდეის“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. თუმცა თურქული მხარის რიტორიკაში ისრაელის მხრიდან პალესტინელთა რეპრესიის მიმართ გასული ათწლეულის სიმძაფრე და სიხისტე აღარ შეიმჩნევა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.ს